ნაწლავის ანთებითი დაავადება

დაავადების აღწერა

ნაწლავის ანთებითი დაავადება არის ქრონიკული ანთება, რომელიც მოიცავს მთლიან საჭმლის მომნელებელ სისტემას ან მის ნაწილს. ძირითადი ნაწლავის ანთებითი დაავადებებია წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ორივეს ახასიათებს მწვავე ფაღარათი, ტკივილი, სისუსტე და წონაში დაკლება. ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დაუძლურება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

წყლულოვანი კოლიტი არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ხანგრძლივ წყლულებს მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის ამომფენ ზედაპირზე.

კრონის დაავადება იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენი გარსის ანთებას. კრონის დაავადების დროს, ანთება ხშირად ღრმად ვრცელდება დაზიანებულ ქსოვილებში ანთება შეიძლება შეგვხვდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილებში.

კოლაგენური კოლიტს და ლიმფოციტურ კოლიტს აგრეთვე მიაკუთვნებენ ნაწლავის ანთებით დაავადებებს, თუმცა ისინი განსხვავდებიან კლასიკური ნაწლავის ანთებითი დაავადებებისგან.

გამომწვევი მიზეზი

ნაწლავის ანთებითი დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე თვლიდნენ, რომ დიეტა და სტრესი იწვევდა მას, თუმცა ახლა ექიმები თანხმდებიან, რომ ეს ორი ფაქტორი კი არ იწვევს, არამედ ართულებს დაავადებას.

ერთი შესაძლო მიზეზი არის იმუნური სისტემის დარღვევა. როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის ბაქტერიას ან ვირუსს, პათოლოგიურ იმუნურ პასუხს შეუძლია დააზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედები. მემკვიდრეობითობა აგრეთვე თამაშობს როლს, რადგან ნაწლავის ანთებითი დაავადებები უფრო ხშირია ადამიანებში, რომლების ოჯახის წევრებსაც აქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადებები, თუმცა დაავადებულთა უმეტესობას არ ჰყავს დაავადებული ოჯახის წევრი.

სიმპტომები

ნაწლავის ანთებითი დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია ანთების სიმწვავეზე და ადგილმდებარეობაზე. სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მწვავე. დიდი ალბათობით გექნებათ გამწვავების ეპიზოდები, რომლებსაც რემისიის ეპიზოდები მოყვება.

კრონის დაავადებასა და წყლულოვანი კოლიტისთვის საერთო ნიშნებია:

  • ფაღარათი. დიარეა ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანებში გავრცელებული სიმპტომია.
  • ტემპერატურის მომატება და დაღლილობა. ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს ბევრ ადამიანს აღენიშნება დაბალი სიცხე. აგრეთვე შეიძლება თავი იგრძნოთ დაღლილად ან სუსტად.
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები. ანთებას და დაწყლულებას შეუძლია ხელი შეუშალოს შიგთავსის მოძრაობას ნაწლავებში, რაც გამოიწვევს ტკივილს და კრუნჩხვებს. აგრეთვე შეიძლება გქონდეთ გულისრევა და პირღებინება.
  • სისხლი განავალში. თქვენ შეიძლება შენიშნოთ ღია წითელი სისხლი ტუალეტზე ან მუქი სისხლი განავალში. თქვენ აგრეთვე შეიძლება გქონდეთ უხილავი სისხლდენა.
  • მადის დაქვეითება. მუცლის ტკივილს, კრუნჩხვებს და ანთებას ზეგავლენა აქვს მადაზე.
  • წონაში უმიზეზო კლება. თქვენ შეიძლება წონაში დაიკლოთ, რადგან ორგანიზმი ვერ ინელებს და იწოვს საკვებს.



ტიპები

წყლულოვანი კოლიტის კლასიფიკაცია ემყარება ანთების ლოკალიზაციას და სიმპტომების სიმწვავეს:

  • წყლულოვანი პროქტიტი. ანთება მდებარეობს ანუსთან ახლოს და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება ერთადერთი სიმპტომი იყოს. წყლულოვანი კოლიტის ეს ფორმა როგორც წესი ყველაზე მსუბუქია.
  • პროქტოსიგმოიდიტი. ანთება მოიცავს სწორ ნაწლავს და სიგმოიდურ კოლინჯს. ნიშნები და სიმპტომები არის სისხლიანი ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები და ტკივილი და დეფეკაციის გაძლიერებული სურვილი განავლის გამოსვლის გარეშე.
  • მარცხენამხრივი კოლიტი. ანთება ვრცელდება სწორი ნაწლავიდან სიგმოიდურ და დასწვრივ კოლინჯამდე. ნიშნები და სიმპტომები არის სისხლიანი ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, ტკივილი მარცხენა მხარეს და წონაში უმიზეზო კლება.
  • პანკოლიტი. პანკოლიტი მოიცავს მთელ მსხვილ ნაწლავს და იწვევს სისხლიანი ფაღარათის მწვავე ეპიზოდებს, მუცლის კრუნჩხვებს და ტკივილს, სისუსტეს და წონაში შესამჩნევ კლებას.
  • მწვავე წყლულოვანი კოლიტი. კოლიტის ეს იშვიათი ფორმა აზიანებს მთელ მსხვილ ნაწლავს და იწვევს მწვავე ტკივილს, ძლიერ ფაღარათს, სისხლდენას, ტემპერატურის მომატებას და საკვების მიღების შეუძლებლობას.



კრონის დაავადების დროს ანთება შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილებში. ყველაზე ხშირი ადგილებია თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილი და მსხვილი ნაწლავი. ანთება შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ნაწლავის კედელს, რაც გამოიწვევს ნაწლავის შევიწროვებას, ფიბროზს ან ორივეს (ფიბროსტენოზი) ან ანთება შეიძლება გავრცელდეს ნაწლავის კედელში (ფისტულა). შევიწროებამ შეიძლება დახშობა (ობსტრუქცია) გამოიწვიოს. ობსტრუქცია, სტენოზი და ფისტულები არ გვხვდება წყლულოვანი კოლიტის დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემისმხრივი ცვლილებები ან თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადების ნიშნები და სიმპტომები. ნაწლავის ანთებითი დაავადება არ არის მომაკვდინებელი, თუმცა სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.