ნაწლავის სტაზის სინდრომი

დაავადების აღწერა

ნაწლავის სტაზის სინდრომი ვითარდება, როცა წვრილი ნაწლავი ქმნის სეგმენტს, რომელშიც საკვები “თავს არიდებს” მოძრაობას, მონელებასა და შეწოვას. ამ “ბრმა სეგმენტის” არსებობის გამო, საკვები ნორმალურად ვერ გადაადგილდება მომნელებელ სისტემაში.

ნელა მოძრავი საკვები და ცხოველქმედების პროდუქტები ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. შედეგად, ბაქტერიების მოჭარბებული ზრდა იწვევს ფაღარათს, წონის კლებასა და მალნუტრიციას.

ნაწლავის სტაზის სინდრომი (ნაწლავის სტაგნაციის სინდრომი, “ბრმა სეგმენტის” სინდრომი) ხშირად კუჭის ან მუცლის ღრუს ოპერაციების გართულებაა. სინდრომი სტრუქტურული პრობლემებსა და სხვა დაავადებების ფონზეც შესაძლოა განვითარდეს. ზოგჯერ, ქირურგიული ჩარევა საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ყველაზე ხშირად მკუნალობა ანტიბიოტიკებს მოიცავს.

გამომწვევი მიზეზი

წვრილი ნაწლავი მომნელებელი სისტემის ყველაზე გრძელი ნაწილია, დაახლოებით 6,1 მეტრის სიგრძის. წვრილ ნაწლავში საკვები ერევა მომნელებელ წვენებს, ხოლო საკვები ნივთიერებები შეიწოვება სისხლში.

 

მსხვილი ნაწლავისაგან განსხვავებით, წვრილ ნაწლავში ნორმაში ცოტა ბაქტერია გვხვდება. ნაწლავის სტაზის სინდრომის დროს, სტაგნაციური საკვები ხდება ბაქტერიების ჭარბი ზრდის კარგი ნიადაგი. ბაქტერიამ შესაძლოა წარმოქმნას ტოქსინები ან დაბლოკოს საკვების შეწოვის პროცესი.

რაც უფრო გრძელი სეგმენტია სტაზის განვითარებაში ჩართული, მით მეტია ბაქტერიების ჭარბი ზრდის ხარისხი.

რა იწვევს ნაწლავის სტაზის სინდრომს?

ნაწლავის სტაზის სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა მდგომარეობამ:

  • მუცლის ღრუს ქირურგიის გართულებები. კუჭის შევიწროვების ოპერაცია, გასტრექტომია წყლულების ან სიმსივნის სამკურნალოდ.
  • სტრუქტურული პრობლემები წვრილ ნაწლავში, როგორიცაა ნაწიბუროვანი ქსოვილი (ადჰეზიები) ან მცირე ზომის გამონაზარდები ნაწლავის კედლიდან (დივერტიკულოზი).
  • გარკვეული დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება, რადიაციული ენტერიტი, სკლეროდერმა, ცელიაკის დაავადება, ჭარბი წონა და დიაბეტი იწვევენ საკვების შენელებულ მოძრაობას წვრილ ნაწლავში.

სიმპტომები

ნაწლავის სტაზის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • უმადობა
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება
  • მუცლის შებერვა
  • დისკომფორტი, სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ
  • ფაღარათი
  • წონაში კლება უმიზეზოდ



როდის მივმართოთ ექიმს
შებერილობა, ფაღარათი, გულისრევა მრავალი სხვადასხვა პრობლემის სიმპტომებია. მიმართეთ ექიმს, მითუმეტეს თუ ჩატარებული გაქვთ მუცლის ღრუს ოპერაციები, თუ გაქვთ:

  • გახანგრძლივებული ფაღარათი
  • სწრაფი, უმიზეზო კლება წონაში
  • მუცლის ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტს გასტანს
  • თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.