ნაწლავთა ინვაგინაცია

დაავადების აღწერა

ნაწლავთა ინვაგინაცია არის სერიოზული პათოლოგია, რომლის დროსაც ნაწლავის ერთი მარყუჟი ინერგება მეორეში. ეს ხშირად იწვევს გაუვალობას. ნაწლავთა ინვაგინაცია აგრეთვე უწყვიტავს სისხლის მიმოქცევას ნაწლავის დაზიანებულ არეს. ნაწლავთა ინვაგინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაგლეჯა (პერფორაცია), ინფექცია და ნაწლავის ქსოვილის სიკვდილი.

ნაწლავთა ინვაგინაცია ნაწლავების ობსტრუქციის ყველაზე ხშირი მიზეზია სამ წლამდე ბავშვებში. ნაწლავთა ინვაგინაცია იშვიათად ხდება ზრდასრულებში. ზრდასრულებში ნაწლავთა ინვაგინაციის შემთხვევათა უმეტესობა სხვა დაავადებით, მაგალითად სიმსივნითაა გამოწვეული, ბავშვებში კი მისი მიზეზი ხშირად უცნობია.

ბავშვებში, ნაწლავთა ინვაგინაციას გასწორება შესაძლებელია რენტგენის დახმარებით. ზრდასრულებში ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

გამომწვევი მიზეზი

თქვენ ნაწლავები არის ერთი დიდი მილი. ნაწლავთა ინვაგინაციის დროს ნაწლავის ერთი ნაწილი, ხშირად წვრილი ნაწლავი, ინერგება ახლომდებარე ნაწილში. ამას ხანდახან ტელესკოპირება ეწოდება.

ხანდახან, ინვაგინაციას იწვევს ნაწლავებში პათოლოგიური წანაზარდი, მაგალითად პოლიპი ან სიმსივნე. ნაწლავების შეკუმშვების დროს ეს წანაზარდი ინერგება წინ მდებარე ნაწლავში. შემთხვევათა უმეტესობაში ნაწლავთა ინვაგინაციის მიზეზი ვერ დგინდება.

ბავშვები

ბავშვებში ნაწლავთა ინვაგინაციის მიზეზი უმრავლეს შემთხვებებში ვერ დგინდება. იმის გამო, რომ ნაწლავთა ინვაგინაცია უფრო ხშირად ვითარდება შემოდგომაზე და ზამთარში და მას თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები, ვარაუდობენ, რომ ამ მდგომარეობის განვითარებაში შეიძლება ვირუსი მონაწილეობდეს. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდება წანაზარდი, რომელიც იწვევს ინვაგინაციას. ეს ხშირად არის მეკელის დივერტიკული (გამონაზარდი წვრილი ნაწლავიდან).

ზრდასრულები

ზრდასრულებში ნაწლავთა ინვაგინაცია ხშირად სხვა სამედიცინო პრობლემითაა გამოწვეულია. ესენია:

  • სიმსივნე
  • შემაერთებელი ქსოვილი ნაწლავებში (ადჰეზიები)
  • ოპერაციის შედეგად დარჩენილი შრამები წვრილ ნაწლავში და მსხვილ ნაწლავში
  • ჰემატომა
  • ანთება, მაგალითად კრონის სინდრომის დროს

სიმპტომები

ბავშვები

ჯანმრთელ ბავშვში ნაწლავთა ინვაგინაციის პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს უეცარი მუცლის ტკივილის გამო ხმამაღალი ტირილი. ჩვილებმა, რომლებსაც მუცლის ტკივილი აქვთ, შეიძლება ტირილის დროს მუხლები მკერდთან მიიტანონ. ნაწლავთა ინვაგინაციის დროს ტკივილი ხანგამოშვებითია, თავდაპირველად 15-20 წუთი შუალედებით, შემდეგ კი ტკივილის ეპიზოდები უფრო ხანგრძლივდება.

ნაწლავთა ინვაგინაციის სხვა ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ლორწოიანი და სისხლიანი განავალი
  • პირღებინება
  • გამობერილობა მუცელში
  • მიძინებულობა



უფრო იშვიათი სიმპტომებია:

  • ფაღარათი
  • ტემპერატურის მომატება
  • ყაბზობა



ზოგ ბავშვს არ აქვს ტკივილი, სისხლიანი განავალი და გამობერილობა მუცელში. უფროს ბავშვებს შეიძლება მხოლოდ ტკივილი ჰქონდეთ.

ზრდასრულები

იმის გამო, რომ ნაწლავთა ინვაგინაცია იშვიათად ვითარდება ზრდასრულებში და მისი სიმპტომები არასპეციფიურია, მისი აღმოჩენა ხშირად უჭირთ. მუცლის ტკივილი ყველაზე ხშირი სიმპტომია. აგრეთვე გვხვდება გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი. ადამიანთა დიდ ნაწილს არ აქვთ ნიშნები და სიმპტომები.

როდის მივმართოთ ექიმს

ნაწლავთა ინვაგინაცია მოითხოვს სასწრაფო დახმარებას. თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვილებში მუცლის ტკივილის ნიშანი შეიძლება იყოს ფეხების მკერდთან მიტანა და ტირილი.