ნაწოლები

დაავადების აღწერა

ნაწოლები ხანგრძლივი წნევითი ზეწოლის შედეგად კანისა და მის შიგნით მდებარე სტრუქტურების დაზიანების გამო ვითარდება. ყველაზე ხშირად, ნაწოლები კანის იმ ნაწილებში ვითარდება, რომლებიც ძვალს ფარავს: ქუსლები, კოჭი, თეძო, კუდუსუნის ძვალი.

ნაწოლების პათოლოგია აღენიშნებათ მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც რაიმე დაავადების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ წოლითი რეჟიმის დაცვა, ვერ იცვლიან პოზიციებს, ან მიჯაჭვულნი არიან სავარძელს.

ნაწოლი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მისი მკურნალობა რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნაწოლის გაჩენა ან დააჩქაროთ მისი მორჩენა.

გამომწვევი მიზეზი

ნაწოლს კანზე განვითარებული წნევითი ძალა იწვევს, რომელიც ზღუდავს სისხლძარღვების მიერ ქსოვილების მომარაგებას. შეზღუდული მოძრაობის სხვა ფაქტორები კანის დაზიანების რისკს ზრდიან და ნაწოლის გაჩენის შანსიც დიდია. სამი მთავარი ფაქტორია: 

  • ხანგრძლივი ზეწოლა. როცა კანი და კანქვეშა ქსოვილი ექცევა ძვალსა და ზედაპირს შორის (სავარძელი, საწოლი) განვითარებული წნევა აღემატება სისხლძარღვში (კაპილარი) არსებულ წნევას, რაც ზღუდავს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გადატანას ქსოვილებში. ამ ნივთიერებების გარეშე, კანის უჯრედები და ქსოვილები ზიანდება და კვდება. 
  • ასეთი ტიპის ზეწოლა ხშირია იმ ადგილებში, რომლებიც არ შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს ან კუნთებს და პირდაპირ ებჯინება ძვალს, მაგ.: ხერხემალს, კუდუსუნს,მხრებს, თეძოებს, ქუსლებსა და იდაყვებს. 
  • ხახუნი. ხახუნი მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალაა. ხახუნი ვითარდება როცა კანი ზედაპირის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, მაგალითად როცა პოზიციას იცვლით ან მომვლელი ადამიანს გადააადგილებს. ხახუნი კიდევ უფრო ძლიერია თუ კანი ნოტიოა. ხახუნის შედეგად სუსტი კანი მეტად მიდრეკილია დაზიანებისაკენ. 
  • ცვეთა. ცვეთა კანზე ვითარდება როცა ორი ზედაპირი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მაგ.: როცა საწოლის თავი აწეულია, შეიძლება პაციენტი ჩამოცურდეს საწოლზე. ამ დროს კუდუსუნის ძვალი ცურდება, ხოლო კანი შეიძლება იმავე ადგილას დარჩეს, ანუ საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაოს. ეს მოძრაობა აზიანებს ქსოვილებს და სისხლძარღვებს და ხდის კანს მეტად მიდრეკილს დაზიანებისაკენ. 

სიმპტომები

ნაწოლების განვითარება იყოფა ოთხ სტადიად, სიმძიმის მიხედვით. ეს სტადიებია: 

პირველი სტადია 
ნაწოლის გაჩენის საწყისი სტადიაა, როცა: 

  • კანის მთლიანობა არ არის დარღვეული 
  • კანი არის მოწითალო ან მოიასამნისფრო დაზიანების ადგილას და არ თეთრდება შეხებისას 
  • მუქკანიან ადამიანებში, კანი ფერშეცვლილია და არ ღიავდება შეხებისას 
  • დაზიანების ადგილი მტკივნეულია, გამაგრებულია ან დარბილებულია, თბილია ან გრილია გარშემო კანთან შედარებით. 

მეორე სტადია 
მეორე სტადიის დროს: 

  • კანის გარე შრე– ეპიდერმისი და ქვედა შრის ნაწილები (დერმისი) დაზიანებული ან დაკარგულია. 
  • დაზიანება წითელი ან ვარდისფერია 
  • დაზიანებას აქვს სითხით სავსე წყლულის ან გამსკდარი წყლულის ფორმა 

მესამე სტადია 

  • მესამე სტადიაში, წყლული უკვე ღრმა დაზიანებაა. 
  • კანის დაკარგვა გამოაჩენს ცხიმოვან ქსოვილს 
  • წყლული იკეთებს კრატერს 
  • წყლულის შიგნით მოყვითალო მკვდარი ქსოვილი ვიზუალიზდება 
  • დაზიანება ვრცელდება თავდაპირველი შრეებიდან შიგნით 

მეოთხე სტადია 
მეოთხე სტადიაში წყლული ქსოვილის მასშტაბურ დაზიანებას იწვევს: 

  • დაზიანება ჩადის კუნთამდე, ძვლამდე ან მყესამდე 
  • დაზიანების შიგნით არის მოყვითალო მკვდარი ქსოვილი, ზოგჯერ ქერქით 
  • დაზიანება ვრცელდება თავდაპირველი შრეებიდან შიგნით 
  • სტადიის გარეშე 
  • ნაწოლი ითვლება სტადიის გარეშედ თუ მას ფარავს ყვითელი, ყავისფერი მკვდარი ქსოვილი. ამ დროს შეუძლებელია წყლულის სიღრმის დადგენა. 

ღრმა ქსოვილოვანი დაზიანება 
ღრმა ქსოვილოვან დაზიანებას ახასიათებს: 

  • კანი იასამნისფერი ან ყავისფერია, მაგრამ მთლიანობა არ არის დარღვეული 
  • ჩანს სისხლით სავსე წყლული 
  • დაზიანება მტკივნეული, გამაგრებულია 
  • დაზიანება თბილი ან გრილია გარშემო კანთან შედარებით 
  • მუქკანიან ადამიანებში, ღია ფერის ლაქა ან კანის ტონის ცვლილება შეიძლება განვითარდეს 

ნაწოლების განვითარების ხშირი რეგიონები 
პაციენტებში, რომლებიც გადასაადგილებლად იყენებენ სავარძელს, ნაწოლები ძირითადად ჩნდება: 

  • კუდუსუნის ძვალთან ან დუნდულებზე 
  • მხარზე ან ხერხემალზე 
  • ხელის უკანა ზედაპირზე ან ფეხის უკანა ზედაპირზე როცა სავარძელს ეყრდნობიან 

პაციენტებში, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვულნი, ნაწოლები ძირითადად ვითარდება: 

  • თავის უკან ან გვერდებზე 
  • ყურის ნიჟარაზე 
  • მხრებზე 
  • თეძოზე, წელზე ან კუდუსუნის ძვალზე 
  • ქუსლებზე, კოჭებზე ან მუხლის უკანა ქსოვილზე 



როდის მივმართოთ ექიმს 

თუ შეამჩნევთ ნაწოლის ადრეულ სტადიას, შეცვალეთ პოზიცია რათა წნევა იმ ადგილას მოიხსნას. თუ ვერ ხედავთ გაუმჯობესებას 24–48 საათში, მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიცხე, წყლულიდან გამონადენი ან უსიამოვნო სუნი, მომატებული სითბო, სიწითლე გარშემო კანზე.