ნაყოფის მოშლა (სპონტანური აბორტი)

დაავადების აღწერა

ნაყოფის სპონტანური მოშლა ეწოდება ორსულობის შეწყვეტას მეოცე კვირამდე. ორსულობების 10–20% მოშლით სრულდება. რეალური მაჩვენებელი ალბათ კიდევ უფრო მაღალია, რადგან ზოგჯერ მოშლა ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, რომ ქალი ორსულობის შეწყვეტას ვერც კი ამჩნევს.

ნაყოფის მოშლა ზოგადი ტერმინია და ორსულობის მიმდინარეობისას შექმნილი მრავალი პრობლემით შეიძლება იყოს გამოწვეული. მოშლა ძირითადად ემბრიონის განვითარებითი შეცდომების, არასწორი განვითარების გამო ხდება. რადგანაც ეს პრობლემები კარგად დადასტურებული არ არის, ხშირად რთულია ნაყოფის მოშლის მიზეზის დადგენა.

ნაყოფის მოშლა ხშირად გვხვდება, მაგრამ მარტივი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. საჭიროა სწორი ემოციური გამკლავება და მიზეზის შეძლებისდაგვარად დადგენა, რათა მომავალში შემცირეს განმეორებითი აბორტის რისკი.

გამომწვევი მიზეზი

გენური ან ქრომოსომული დარღვევები

მუცლის მოშლა ძირითადად ემბრიონის განვითარების დარღვევის შედეგია. ემბრიონის გენებისა და ქრომოსომების მუტაციები შესაძლოა განვითარდეს ემბრიონის ჩასახვის და ზრდის შემდეგ, ანუ მოშლა არ ნიშნავს მუტაციური გენების მშობლებისგან გადასვლას.

მაგალითებია:

  • ცარიელი კვერცხუჯრედი. ასეთ დროს ემბრიონი არ ყალიბდება.
  • ემბრიონის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი. ასეთ დროს ემბრიონი არსებობდა, თუმცა მალევე შეწყვიტა ზრდა–განვითარება და მოშლას არ გამოუწვევია სიმპტომები.
  • მოლარული ორსულობა/ჰიდრატიფორმული (ბუშტუკოვანი ორსულობა) არის ორსულობის პათოლოგიური ფორმა, როცა კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება საშვილოსნოში. ასეთი ორსულობა გამოწვეულია მამის ქრომოსომების ზედმეტი კომპლექტით ემბრიონში. ეს შეცდომა ჩასახვის დროს ხდება და ნორმალურ პლაცენტას გადააქცევს კისტების გროვად. ეს მუცლის მოშლის იშვიათი გამომწვევი მიზეზია.


დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იშვიათად, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხდება მოშლის მიზეზი. ესენია:

  • უკონტროლო დიაბეტი
  • ინფექციები
  • ჰორმონალური პრობლემები
  • საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის პრობლემები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება


რა არ იწვევს ნაყოფის მოშლას

ყოველდღიური აქტივობები, რომლებიც არ იწვევენ მოშლას:

  • ვარჯიში
  • სექსი
  • მუშაობა, თუ ეს არ მოიცავს ქიმიური ნივთიერებებისა და დასხივების ზეგავლენას.

სიმპტომები

ნაყოფის მოშლა ძირითადად ორსულობის მე–12 კვირამდე ხდება.

ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვაგინალური სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა
  • ტკივილი, მოვლა მუცლის არეში ან წელში
  • სითხის ან ქსოვილის გამოსვლა ვაგინიდან


თუ ვაგინიდან ემბრიონის ქსოვილი გამოვიდა, შეინახეთ იგი სუფთა კონტეინერში და აუცილებლად მიიტანეთ ექიმთან, რათა ჩატარდეს შესაბამისი ანალიზები.

გაითვალისწინეთ, რომ ქალების უმრავლესობა, რომელთაც პირველ ტრიმესტრში სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა აქვთ, წარმატებით აგრძელებს ორსულობის პროცესს.