ნეფროზული სინდრომი
დაავადების აღწერა
ნეფროზული სინდრომი თირკმლის დაავადებაა, რომლის დროსაც შარდში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ცილა.
ნეფროზული სინდრომი ძირითადად თირკმლის მცირე ზომის სისხლძარღვების დაზიანების შედეგია. ეს სისხლძარღვები ნორმაში ფილტრავენ და გამოყოფენ ცხოველქმედების პროდუქტებს სისხლიდან. ნეფროზული სინდრომი იწვევს შეშუპებას (ედემა), განსაკუთრებით ფეხებსა და კოჭებში. ნეფროზული სინდრომის დროს მომატებულია სხვა დაავადებების რისკიც.
ნეფროზული სინდრომის მკურნალობის დროს აუცილებელია გამომწვევი დაავადების მკურნალობაც. ნეფროზული სინდრომის დროს მომატებულია ინფექციებისა და თრომბოზების რისკი. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ გარკვეული მედიკამენტები და დიეტური ცვლილებები ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
გამომწვევი მიზეზი
ნეფროზული სინდრომი ხშირად გამოწვეულია თირკმლის მცირე ზომის სისხლძარღვების გროვების (გლომერული) დაზიანებით.
მცირე ზომის სისხლძარღვები ფილტრავენ სისხლს თირკმელში, ანუ სისხლიდან არასაჭირო ნივთიერებებს გამოყოფენ. ჯანმრთელი გლომერული არ ატარებს სისხლის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს, რომელიც საჭიროა ორგანიზმში სითხის რეგულაციისათვის. როცა გლომერულები ზიანდება, ზედმეტი ცილა გადის შარდში, რაც იწვევს ნეფროზულ სინდრომს და ასოცირებულ სიმპტომებს.
მრავალი შესაძლო მიზეზი
მრავალი დაავადება და მდგომარეობა იწვევს გლომერულების დაზიანებას და ნეფროზულ სინდრომს. ესენია:
- მინიმალური ცვლილების დაავადება. ეს ნეფროზული სინდრომის ხშირი მიზეზია ბავშვებში და გამოიხატება თირკმლის ფუნქციის რღვევით, თუმცა თირკმლის ქსოვილი მიკროსკოპულად ნორმალური ან თითქმის ნორმალური აგებულებისაა. ფუნქციის მოშლის მიზეზი ხშირად ვერ დგინდება.
- ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი. ეს დაავადება ხასიათდება გლომერულის დანაწიბურებით და შესაძლოა ასოცირდებოდეს სხვა დაავადებებთან ან გენეტიკურ მემკვიდრეობასთან.
- მემბრანული ნეფროპათია. თირკმლის ეს დაავადება გამოწვეულია გლომერულის მემბრანების გასქელებით. გასქელების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგჯერ ასოცირებულია დაავადებებთან, როგორიცაა ჰეპატიტი, მალარია, მგლურა ან კიბო.
- თირკმლის დიაბეტური დაავადება. დიაბეტი იწვევს თირკმლის დაზიანებას (დიაბეტური ნეფროპათია), რომელიც ეხება სისხლძარღვებსაც.
- სისტემური მგლურა. ეს ქრონიკული ანთებითი დაავადება იწვევს თირკმლის მძიმე დაზიანებას.
- ამილოიდოზი. ეს დაავადება ვითარდება, როცა ამილოიდური პროტეინები გროვდება ორგანოებში. დაგროვება აზიანებს თირკმელებს, რაც ვლინდება ფილტრაციის აპარატის დაზიანებითაც.
- სისხლის თრომბოზი თირკმლის ვენაში. თირკმლის ვენის თრომბოზი, როცა იბლოკება ეს სისხლძარღვი, ზოგჯერ იწვევს ნეფროზულ სინდრომს.
- გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის ზოგიერთი ფორმა, როგორიცაა კონსტრიქციული პერიკარდიტი და მძიმე მარჯვენამხრივი უკმარისობა, შესაძლოა გართულდეს ნეფროზული სინდრომით.
სიმპტომები
ნეფროზული სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი შეშუპება (ედემა), განსაკუთრებით თვალებს გარშემო, ფეხებში, კოჭებში
- ქაფიანი შარდი, რაც გამოწვეულია შარდში ცილების არსებობით
- წონაში მატება, სითხის შეკავების გამო
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.