ნეირობლასტომა
დაავადების აღწერა
ნეირობლასტომა კიბოა, რომელიც ვითარდება ნერვის უმწიფარი უჯრედებიდან, რომლებიც მდებარეობს სხეულის რამდენიმე ნაწილში. ნეირობლასტომა ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმელზედა ჯირკვალში, რომელსაც ნერვული უჯრედების მსგავსი აგებულება აქვს. ნეირობლასტომა მუცლის ღრუში, გულმკერდში, კისერში, ხერხემლის გარშემო შესაძლოა განვითარდეს, სადაც ეს ნერვული უჯრედები არსებობს.
ნეირობლასტომა ყველაზე ხშირად 5 წლამდე ბავშვებს აღენიშნებათ, თუმცა შესაძლოა უფროს ასაკშიც შეგვხვდეს.
ნეირობლასტომის ზოგიერთი ფორმა სპონტანურად გაივლის, სხვა ფორმებში კი საჭიროა მკურნალობა. ნეირობლასტომის მკურნალობის მეთოდი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
გამომწვევი მიზეზი
ზოგადად, კიბო იწყება გენეტიკური მუტაციის გამო, როცა ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედი კარგავს ზრდის კონტროლს და მრავლდება სწრაფად. კიბოს უჯრედები კონტროლის გარეშე იყოფიან და დიდ მასებს აღწევენ. უჯრედების დაგროვება ქმნის ფიზიკურ მასას–სიმსივნეს.
ნეირობლასტომა იწყება ნეირობლასტებში– უმწიფარ ნერვულ უჯრედებში, რომლებიც ემბრიონში გვხვდება დიდი რაოდენობით.
როცა ემბრიონი ყალიბდება, ნეირობლასტები გარდაიქმნებიან ნერვულ უჯრედებად ან თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედებად. ნეირობლასტების უმეტესობა მწიფდება დაბადებისას, მაგრამ გარკვეული ოდენობა რჩება ახალშობილებშიც. უმეტესად, ეს ნეირობლასტები ან მწიფდებიან, ან ქრებიან. ზოგჯერ, ყალიბდება სიმსივნე– ნეირობლასტომა.
უცნობია, რა იწვევს თავდაპირველ გენეტიკურ მუტაციას, რომელიც შემჩნეულია ნეირობლასტომის დროს.
სიმპტომები
ნეირობლასტომის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია სხუელის დაზიანებულ ნაწილებზე. ესენია:
ნეირობლასტომა მუცლის ღრუში–ყველაზე ხშირი ფორმა, იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს:
- მუცლის ღრუს ტკივილი
- მასა კანქვეშ, რომელიც არ არის მტკივნეული შეხებისას
- დეფეკაციის ინტერვალების ცვლილება, მაგალითად ფაღარათი
- შეშუპება ფეხებში
ნეირობლასტომა გულმკერდის ღრუში იწვევს სიმპტომებსა და ნიშნებს:
- სტვენითი სუნთქვა
- ტკივილი გულმკერდის არეში
- ცვლილებები თვალებზე– ქუთუთოს მოდუნება, გუგების არათანაბარი დიამეტრი
ნეირობლასტომის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- კანქვეშა მასები
- თვალების წინ გადმოსვლა (პროპტოზი)
- მუქი წრეები თვალების გარშემო
- წელის ტკივილი
- ცხელება
- წონაში აუხსნელი დაკლება
- ძვლის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ბავშვის ექიმს, თუ ბავშვს რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი აღენიშნება. აუცილებლად დააკვირდით ცვლილებებს ბავშვის ქცევაში.