ნერვის კომპრესია

დაავადების აღწერა

ნერვის კომპრესია ვითარდება, როცა გარშემო ქსოვილები– ძვლები, ხრტილი, კუნთი ან მყესი აწვება ნერვს. ზეწოლა იწვევს ნერვის ფუნქციის დარღვევას, მჩხვლეტავ შეგრძნებას, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებასა და სისუსტეს.

მოყოლილი ნერვი სხეულის რამდენიმე ადგილზე შეიძლება განვითარდეს. მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის ქვედა ნაწილში ხშირი გამომწვევი მიზეზია. ამ დროს ზეწოლა ვითარდება ნერვის ფესვზე, რაც იწვევს ტკივილს, რომელიც ვრცელდება კიდურებზე. მაჯაში მოყოლილი ნერვი იწვევს ტკივილს მტევანსა და თითებზე– გვირაბის სინდრომი.

მოსვენებით და სხვა მარტივი მკურნალობით, მოყოლილი ნერვის სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში ან კვირაში გაივლის. ზოგჯერ, საჭიროა ქირურგიული ჩარევა ნერვის კომპრესიით გამოწვეული ტკივილის გასაყუჩებლად.

გამომწვევი მიზეზი

ნერვის კომპრესია ვითარდება, როცა გარშემო ქსოვილები– ძვლები, ხრტილი, კუნთი ან მყესი აწვება ნერვს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ქსოვილი ძვალი ან ხრტილია, მაგალითად მალთაშუა დისკის თიაქარის მიერ ნერვის ფესვის კომპრესიის დროს. სხვა შემთხვევებში, ქსოვილი კუნთი ან მყესია და იწვევს ანალოგიურ მდგომარეობას.

მტევნის გვირაბის სინდრომის შემთხვევაში, ნერვის კომპრესიაზე პასუხისმგებელია მტევნის მრავალგვარი ქსოვილი. მათ შორისაა მყესის გარსის შესიებული ქსოვილები, გადიდებული ძვალი შესაბამის რეგიონში ან გასქელებული და დეგენერირებული იოგი.

რამდენიმე მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის მიერ ნერვის კომპრესია. ესენია:

  • დაზიანება, ტრავმა
  • არასწორი დგომა
  • რევმატოიდული ართრიტი მაჯაზე
  • განმეორებითი მოძრაობებით გამოწვეული სტრესი
  • ჰობი ან სპორტული აქტივობა
  • ჭარბი წონა



ნერვზე ზეწოლა იწვევს ანთებას, რაც არღვევს ნერვის ფუნქციას. თუ ნერვი მხოლოდ მცირე დროითაა კომპრესირებული, ძირითადად არ რჩება მუდმივი დაზიანება. როცა კომპრესია და ზეწოლა მოიხსნება, ნერვის ფუნქცია ნორმალურად აღდგება. თუმცა, თუ ზეწოლა ხანგრძლივია, შესაძლოა დარჩეს ქრონიკული ტკივილი და განვითარდეს ნერვის მუდმივი დაზიანება.

სიმპტომები

მოყოლილი ნერვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ნერვის შესაბამის რეგიონში
  • ბასრი, გამჭოლი, წვის ტკივილი, რომელიც ვრცელდება გარეთ
  • მჩხვლეტავი შეგრძნება–პარესთეზია
  • კუნთის სისუსტე ნერვის შესაბამის რეგიონში
  • ხელის ან ფეხის სისუსტე



მოყოლილ ნერვთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა უარესი იყოს ღამით, ძილის დროს. 

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ მოყოლილი ნერვის ნიშნები და სიმპტომები რამდენიმე დღეს გასტანს და არ დაექვემდებარება სახლის პირობებში მკურნალობას– მოსვენებას და ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებს.