ნერვული ბულიმია

დაავადების აღწერა

ბულიმია ნერვოზა მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში კვებითი აშლილობაა. ბულიმიით დაავადებულებს ხშირად ახასიათებთ უკონტროლო ჭამის ეპიზოდები და შემდეგ ღებინება, რითაც ცდილობენ ზედმეტი კალორიების მოშორებას.მაგალითად, ბულიმიით დაავადებული იწვევს ღებინებას ხელოვნურად ან ვარჯიშობს მოჭარბებულად. ზოგჯერ ისინი ღებინებას და კალორიების დაწვას მცირე წახემსების შემდეგაც კი ცდილობენ.

ბულიმია კლასიფიცირდება ორ ტიპად:

  • ღებინებითი ბულიმია. პაციენტი ხშირად იწვევს ხელოვნურად ღებინებას, იყენებს განავლის გამათხელებლებს, შარდმდენებს ან ოყნებს ჭამის შემდეგ.
  • არაღებინებითი ბულიმია. პაციენტი იყენებს სხვა მეთოდებს კალორიების მოსაშორებლად, როგორიცაა შიმშილობა, დიეტა ან მოჭარბებული ვარჯიში.
  • აღწერილი ქცევა ხშირად ერთდროულადაც გვხვდება, კალორიების მოშორება კი რაიმე სახით ყოველთვის უკავშირდება ზედმეტ ქცევებს, მეთოდების მიუხედავად.
  • თუ გაქვთ ბულიმია, თქვენ ხშირად ფიქრობთ სხეულის ფორმებსა და წონაზე. შესაძლოა ზედმეტად მკაცრად აფასებდეთ საკუთარ თავს და თვლიდეთ, რომ ბევრი ნაკლი გაქვთ. ბულიმია მხოლოდ საკვებს არ უკავშირდება, იგი ადამიანის თვითშეფასების პრობლემაცაა და ამიტომ რთული სამკურნალოა. ამის მიუხედავად, მკურნალობა მკვეთრად აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას, ეხმარება მას ჯანსაღი კვების ქცევების ჩამოყალიბებასა და მძიმე გართულებების თავიდან აცილებაში.

გამომწვევი მიზეზი

ბულიმიის ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებობს მრავალი შესაძლო ფაქტორი, როგორიცაა ბიოლოგიური განსხვავებები, ემოციური ჯანმრთელობა, სოციალური შეხედულებები და სხვა.

სიმპტომები

ბულიმიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მოჭარბებული ფიქრები სხეულის ფორმებსა და წონაზე
  • წონის მომატების შიში
  • კვებითი ქცევის კონტროლის დაკარგვის გრძნობა
  • საკვების მიღება, სანამ ტკივილი ან დისკომფორტი არ შეგაწუხებთ
  • უკონტროლო ჭამის ეპიზოდები
  • ინდუცირებული ღებინება ან მოჭარბებული ვარჯიში ჭამის შემდეგ
  • განავლის გამათხელებლების, შარდმდენების ან ოყნების გამოყენება ჭამის შემდეგ
  • ეპიზოდებს შორის მკაცრი დიეტის დაცვა
  • წონის კლების მედიკამენტების ხშირი და ზედმეტი მიღება



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ ბულიმიის სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. მკურნალობის გარეშე, ბულიმია მნიშვნელოვნად აზიანებს ჯანმრთელობას.
  • ესაუბრეთ ოჯახის ექიმს ან ფსიქოლოგს სიმპტომების შესახებ. თუ ეს არ გსურთ, ესაუბრეთ მეგობარს, საყვარელ ადამიანს, მასწავლებელს, მოძღვარს ან სხვა ადამიანს, ვისაც ენდობით თქვენი მდგომარეობის შესახებ. ის დაგეხმარებათ მკურნალობის მიღებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში.



დაეხმარეთ ნაცნობს, რომელსაც ბულიმია აქვს

  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენს რომელიმე ნაცნობს ან ახლობელს აქვს ბულიმიის ნიშნები, ღიად ესაუბრეთ მას თქვენი ეჭვის შესახებ. ვერ აიძულებთ ადამიანს, მიიღოს მკურნალობა, თუმცა შესაძლოა შესთავაზოთ დახმარება და მხარდაჭერა. შეგიძლიათ მოძებნოთ კვალიფიციური ექიმი ან ფსიქოლოგი, დანიშნოთ ვიზიტი ან გაყვეთ თქვენს მეგობარს ექიმთან.
  • ბულიმიით დაავადებულთა უმეტესობა ნორმალური ან ოდნავ ჭარბი წონისაა, ამიტომ შესაძლოა გართულდეს პრობლემის შემჩნევა. დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:
  • პაციენტი ხშირად ნერვიულობს, წუწუნებს წონის შესახებ
  • აქვს უჩვეულოდ უარყოფითი შეხედულება საკუთარ თავზე
  • ხშირად იღებს საკვების უჩვეულოდ დიდ რაოდენობას, ზოგჯერ იმ საკვებს, რომელსაც ხშირად თავს არიდებს
  • არ სურს სხვების თანდასწრებით ჭამა
  • აბაზანაში გასვლა ჭამის შემდეგ ან დროს
  • ზედმეტი ვარჯიში
  • წყლულები, ნაწიბურები თითებზე ან ხელებზე
  • დაზიანებული კბილები ან ღრძილები