ნოროვირუსული ინფექცია

დაავადების აღწერა

ნოროვირუსული ინფექცია შესაძლოა გახდეს უეცარი ღებინებისა და ფაღარათის მიზეზი. ვირუსი ადვილად გადამდებია და ხშირად ვრცელდება საკვებითა და სასმელი წყლით, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით. ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გადადება.

ფაღარათი, მუცლის ტკივილი და ღებინება ტიპიურად დაინფიცირების შემდეგ 24–48 საათში იწყება. ნოროვირუსის სიმპტომები გრძელდება 1–3 დღემდე, პაციენტების უმრავლესობა მალევე გამოკეთდება მკურნალობის გარეშეც. ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ჩვილები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მატარებელნი, არის გაუწყლოების რისკის წინაშე და საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.

ნოროვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირად დახურულ, ხალხმრავალ ადგილებში ვრცელდება, როგორიცაა საავადმყოფოები, სკოლები და კრუიზები.

გამომწვევი მიზეზი

ნოროვირუსი ადვილად გადამდები ვირუსია და გამოიყოფა ინფიცირებული ადამიანების ფეკალიებით. გადადების მექანიზმებია:

  • დაბინძურებული საკვები
  • დაბინძურებული სასმელი
  • დაბინძურებულ ზედაპირთან ან საგანთან შეხების შემდეგ ხელის პირთან შეხება
  • დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი


ნოროვირუსის განადგურება რთულია, რადგან ვირუსი უძლებს ცხელ და ცივ გარემოს, ასევე დეზინფექციის მრავალ მეთოდს.

სიმპტომები

ნოროვირუსული ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • მუცლის ტკივილი ან მოვლა
  • თხიერი ფაღარათი
  • დაღლილობა
  • დაბალი ცხელება
  • კუნთების ტკივილი


ნიშნები და სიმპტომები დაინფიცირებიდან 24–48 საათში იწყება და 1–3 დღეს გასტანს. შესაძლოა ვირუსის გავრცელება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, ფეკალიების საშუალებით, გამოკეთების შემდეგაც კი.

ზოგჯერ, ნოროვირუსით ინფიცირება არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. თუმცა, ვირუსი მაინც გადამდებია და შესაძლოა გავრცელდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ფაღარათი რამდენიმე დღეზე მეტხანს. ასევე, ესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ გექნებათ ძლიერი ღებინება, სისხლიანი განავალი, მუცლის ტკივილი ან გაუწყლოება.