ორალური ბრტყელი ლიქენი

დაავადების აღწერა

ორალური ბრტყელი ლიქენი ხანგრძლივი, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც აზიანებს ლორწოვან მემბრანებს პირის ღრუში. ორალური ბრტყელი ლიქენი ვლინდება, როგორც თეთრი ლაქები, შესიებული ქსოვილები, ან ღია წყლულები. ეს დაზიანებები იწვევს წვის შეგრძნებას, ტკივილს ან დისკომფორტს.

ორალური ბრტყელი ლიქენი არ არის გადამდები. დაავადება ჩნდება აუტოიმუნური მექანიზმით, ანუ როცა იმუნური სისტემა ებრძვის ნორმალური ლორწოვანი მემბრანის კომპონენტებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

სიმპტომები ძირითადად მართვადია, თუმცა ორალური ბრტყელი ლიქენი საჭიროებს ხშირ მონიტორინგს, რადგან ამ ადგილებში მაღალია ორალური კიბოს გაჩენის რისკი.

გამომწვევი მიზეზი

ორალური ბრტყელი ლიქენის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ლიმფოციტები– სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ანთებით პროცესებს იწვევენ, ძირითადად გვხვდება დაზიანების ადგილებში. ექიმები და მეცნიერები არკვევენ ამ ლმფოციტების აქტივირების როლს ბრტყელი ლიქენის დროს. ზოგიერთ პაციენტში, გარკვეული ფაქტორებია დაკავშირებული ლიქენის განვითარებასთან. ესენია:

  • ჰეპატიტით ინფიცირება, ღვიძლის სხვა დაავადებები
  • ჰეპატიტის ვაქცინა
  • ალერგიული აგენტები, როგორიცაა საკვები, სტომატოლოგიური ნივთები და სხვ.
  • არასტეროიდული ანტი–ანთებითი საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვ.
  • გარკვეული მედიკამენტები გულის დაავადებების ან ართრიტის სამკურნალოდ.

სიმპტომები

ორალური ბრტყელი ლიქენის ნიშნები და სიმპტომებია:

ვიზუალური მახასიათებლები

დაზიანებები ხასიათდება, როგორც:

  • თეთრი, ამობურცული ლაქები
  • წითელი, შესიებული, მტკივნეული ლაქები ქსოვილებზე
  • ღია წყლულები



ადგილმდებარეობა

დაზიანებები ჩნდება:

  • ლოყების ქვეშ, ყველაზე ხშირად
  • ღრძილებზე
  • ენაზე
  • ტუჩების შიგნითა ნაწილზე
  • სასაზე



ტკივილი და დისკომფორტი

წითელი, ანთებითი დაზიანებები და ღია წყლულები იწვევენ წვის ან ტკივილის შეგრძნებას. თეთრი, ამობურცული ლაქები იწვევენ დისკომფორტს, როცა ეს ლოყის შიგნითა ზედაპირზე ვითარდება, ან შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი, ენაზე დაზიანების შემთხვევაში.

სხვა ნიშნები და სიმპტომები

სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • ენის დაზიანების შემთხვევაში, გემოს ცვლილება
  • მომატებული მგრძნობელობა ცხარე, სანელებლებიან საკვებზე
  • სისხლდენა ან გაღიზიანება კბილების გამოხეხვისას
  • ღრძილების ანთება– გინგივიტი



ბრტყელი ლიქენის სხვა ტიპები

თუ პაციენტს აქვს ორალური ბრტყელი ლიქენი, შესაძლოა ამავდროულად გაჩნდეს ლიქენი სხეულის სხვა ნაწილებზეც.

კანი. დაზიანებები ხასიათდება, როგორც იასამნისფერი, ბრტყელთავიანი ამობურცულობები, ახასიათებს ქავილი.

გენიტალიები. დაზიანებები ქალის გენიტალიებზე ხასიათდება ტკივილით ან წვით სქესობრივი კავშირის დროს. დაზიანება ხშირად წითელი და ეროზიულია, ზოგჯერ თეთრიც შეიძლება იყოს. ლიქენი იწვევს დანაწიბურებას და ნორმალური ვაგინალური ფუნქციის მოშლას, მაგალითად სქესობრივი კავშირის დამყარების უნარის დაკარგვას.

ყურები. ბრტყელი ლიქენი შესაძლოა გახდეს სმენის დაქვეითების მიზეზი.

სკალპი. როცა ლიქენი სკალპზე ჩნდება (იშვიათი ვარიანტი) შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი ან მუდვმივი თმის გაცვენა.

ფრჩხილები. ბრტყელი ლიქენი ხელის ან ფეხის ფრჩხილებზე იშვიათია, შესაძლოა გამოიწვიოს დათხელება, ფრჩილების გაყოფა, ფრჩხილების დაკარგვა

თვალები. იშვიათად, ბრტყელი ლიქენი მოიცავს თვალების ლორწოვანსაც, რაც იწვევს ქუთუთოს დანაწიბურებას და საცრემლე არხის დახშობას

საყლაპავი. საყლაპავის ბრტყელი ლიქენი ასევე იშვიათია, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის შევიწროება და გამაგრებული, ბეჭდისებრი ნაწიბურების გაჩენა, რაც ართულებს ყლაპვის პროცესს.
 
როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ:

  • გაქვთ დაზიანებები პირის ღრუში, რომლებიც არ რჩება
  • გაქვთ თეთრი ან წითელი ლაქები
  • გტკივათ პირის ღრუ
  • გაქვთ სისხლდენის განმეორებითი ეპიზოდები
  • შეიცვალა პირის ღრუს ვიზუალური მახასიათებლები ან შეგრძნებები
  • შეამჩნიეთ წყლულები კანზე, გენიტალიებზე ან ფრჩხილებზე
  • გაგიჩნდათ აუხსნელი ნაწიბურები თვალის თეთრი ნაწილის დამფარავ ლორწოვან მემბრანაზე– კონიუქტივაზე
  • გაქვთ ყურის არხის ანთება (ოტიტი), რომელიც არ პასუხობს მკურნალობაზე ან არ აქვს დიაგნოზი, გამომწვევი მიზეზი