ორალური კანდიდოზი (რძიანა)

დაავადების აღწერა

ორალური კანდიდოზი (რძიანა) ვითარდება, როცა სოკოვანი მიკროორგანიზმი– კანდიდა ალბიკანსი ვრცელდება და გროვდება პირის ღრუში. კანდიდა პირის ღრუს ნორმალური ბინადარი ორგანიზმია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბად იზრდება და იწვევს სიმპტომებს.

ორალური კანდიდოზი (რძიანა) ვლინდება კრემის მაგვარი, თეთრი დაზიანებებით ენასა და ლოყების შიდა ნაწილებზე. ზოგჯერ, რძიანა ვრცელდება სასაზეც, ღრძილებზეც, ტონსილებზე, ხახაზე.

ორალური კანდიდოზი (რძიანა) ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მაღალი რისკის წინაშე არიან: ბავშვები, მოხუცები, იმუნოსუპრესირებული ადამიანები და პაციენტები, რომელთაც გარკვეული დაავადებები აქვთ და მედიკამენტებს იღებენ. ორალური კანდიდოზი (რძიანა) არ წარმოადგენს პრობლემას თუ პაციენტი სხვამხრივ ჯანმრთელია, მაგრამ დასუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაში, სიმპტომები მძიმე და რთულად საკონტროლოა.

გამომწვევი მიზეზი

ნორმაში, იმუნური სისტემა მუშაობს, რათა მავნებელი ინვაზიური ორგანიზმები, მაგალითად ვირუსები, ბაქტერია და სოკოები არ გახდნენ ინფექციის წყარო ადამიანში. იმუნური სისტემა იცავს ბალანსს “კარგ” და “ცუდ” მიკროორგანიზმებს შორის. ზოგჯერ, ეს ბალანსის დაცვის მექანიზმი ირღვევა, შედეგად კანდიდა ჭარბად იზრდება და იწვევს პირის ღრუს ინფექციას– ორალური კანდიდოზი (რძიანა).

ორალური კანდიდოზი (რძიანა) და კანდიდოზის სხვა ვარიანტები ხშირია, როცა იმუნური სისტემა სუსტდება გარკვეული მედიკამენტების (პრედნიზონი) ან ანტიბიოტიკების გამო, რადგან ირღვევა ბალანსი ორგანიზმში.

ამ დაავადებების დროს მომატებულია რისკი:

  • აივ/შიდსი. ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი, რომელიც იწვევს სინდრომს– შიდსს, აზიანებს ან ანადგურებს უჯრედებს იმუნურ სისტემაში, რაც იწვევს ოპორტუნისტული ინფექციების მომრავლებას, მათ შორის ორალურ კანდიდოზს (რძიანა). რძიანას განმეორებითი შემთხვევები, სხვა სიმპტომებთან ერთად, შესაძლოა იყოს იმუნური დეფიციტის ნიშანი, როგორიც გვხვდება აივ/შიდსის დროს.
  • კიბო. თუ პაციენტს კიბო აქვს, იმუნური სისტემა შესუსტებულია დაავადების გამო ან მკურნალობის შემდეგ. მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას. კიბო და მისი მკურნალობა მატებს ორალური კანდიდოზის (რძიანა) განვითარების რისკს.
  • შაქრიანი დიაბეტი. თუ შაქრიანი დიაბეტი კარგად არ კონტროლდება, ლორწო შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ხელს უწყობს კანდიდას ზრდას.
  • ვაგინალური საფუარა–სოკოვანი ინფექციები. ვაგინალური ინფექცია შესაძლოა იმავე სოკოთი იყოს გამოწვეული, რომელიც ორალურ კანდიდოზს იწვევს. ვაგინალური ინფექცია საშიში არ არის, მაგრამ თუ ორსულ ქალს აღენიშნა, შესაძლებელია გადადება ახალშობილზეც. ასეთ დროს ახალშობილს აღენიშნება ორალური კანდიდოზი (რძიანა).

სიმპტომები

თავდაპირბელად, შესაძლოა ვერც შენიშნოთ ორალური კანდიდოზი (რძიანა). გამომწვევი მიზეზის მიხედვით, განსხვავდება ადრეული ნიშნები და სიმპტომები და მათი განვითარების სისწრაფე. ნიშნები და სიმპტომებია:

  • კრემის მაგვარი, თეთრი ლაქები ენაზე, ლოყების შიგნით, ზოგჯერ სასაზე, ღრძილებზე და ტონსილებზე
  • ოდნავ ამოწეული ლაქები, ხაჭოსმაგვარი ვიზუალით
  • შეწითლება ან ტკივილი, რაც ხელს უშლის ყლაპვას და კვებას
  • მცირე სისხლდენა თუ მოიქავებთ ან შეეხებით ლაქებს
  • პირის ღრუს კუთხეების დასკდომა და შეწითლება (განსაკუთრებით პროთეზის შემთხვევაში)
  • ბამბისებრი შეგრძნება პირის ღრუში
  • გემოს აღქმის დაქვეითება



მძიმე შემთხვევებში, დაზიანება ვრცელდება საყლაპავზეც– გრძელ, კუნთოვან მილზე, რომელიც აკავშირებს პირის ღრუს კუჭთან. ამ მდგომარეობას კანდიდას ეზოფაგიტი ეწოდება. ასეთ შემთხვევებში, ვითარდება ყლაპვის გაძნელება, თითქოს საკვები მასა იჭედება ხახის უკან.

ჩვილები და ახლადნამშობიარები ქალები

ჩვეული თეთრი ლაქების გარდა, ჩვილებში შესაძლოა განვითარდეს კვების მოთხოვნის დაქვეითება, გაღიზიანებადობა და მოუსვენრობა. ჩვილმა შესაძლოა გადადოს ინფექცია დედას, თუ იგი ძუძუთი იკვებება. ინფექცია შესაძლოა ვრცელდებოდეს დედასა და ბავშვს შორის ძუძუთი კვების გზით.

იმ ქალებს, რომელთა სარძევე ჯირკვალიც ინფიცირებულია, აღენიშნებათ ეს ნიშნები და სიმპტომები:

  • უჩვეულოდ წითელი, მგრძნობიარე, დახეთქილი ძუძუსთავები, ქავილით
  • მბზინვარე კანი არეოლებზე– ძუძუსთავის გარშემო მდებარე მუქი ქსოვილი
  • უჩვეულო ტკივილი ბავშვის კვების დროს ან კვებებს შორის
  • ბასრი ტკივილი ძუძუში



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს თეთრი ლაქები პირის ღრუში, მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს. თუ რძიანა განვითარდა მოზარდებში, ასევე საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. რძიანას შესაძლოა იწვევდეს მედიკამენტიც და დაავადებაც.