ორქიტი
დაავადების აღწერა
ორქიტი წარმოადგენს ერთი ან ორივე სათესლის ანთებას. დაავადება, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან ყბაყურის ვირუსით.
ბაქტერიულ ორქიტს იწვევს სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა გონორეა და ქლამიდია. ბაქტერიულ ორქიტს ხშირად განაპირობებს ეპიდიდიმიტი, დახვეული მილის(ეპიდიდიმისი) ანთება სათესლის უკანა ნაწილში. ეპიდიდიმისი ინახავს და ატარებს სპერმას. ამ შემთხვევაში მდგომარეობას ეპიდიდიმო-ორქიტი ეწოდება.
ორქიტი იწვევს ტკივილს და ზემოქმედებს ნაყოფიერებაზე. ბაქტერიული ორქიტის მკურნალობა და ვირუსული ორქიტით გამოწვეული ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქება შესაძლებელია მედიკამენტებით. თუმცა სათესლე პარკის ტკივილის გავლას რამოდენიმე კვირა ესაჭიროება.
გამომწვევი მიზეზი
ორქიტი გამოწვეულია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. ზოგჯერ ორქიტის მიზეზი უცნობია(იდიოპათიური ორქიტი)
ბაქტერიული ორქიტი
უმეტესად, ბაქტერიული ორქიტი ეპიდიდიმიტის შედეგია. ეპიდიდიმიტის მიზეზი,ძირითადად, შარდსადენის ან შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ვრცელდება ეპიდიდიმისში.
ხშირად, ინფექციის მიზეზი სქესობრივად გადამდები ინფექციაა. ინფექციის სხვა მიზეზები: საშარდე გზების დეფექტით დაბადება, კათეტერის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების ჩადგმა პენისში.
ვირუსული ორქიტი
ვირუსულ ორქიტს, როგორც წესი, ყბაყურის ვირუსი იწვევს. მომწიფების შემდეგ ყბაყურის ვირუსით ინფექცია ადამიანების ერთ მესამედ ნაწილში იწვევს ორქიტს. ორქიტი ყბაყურის განვითარებიდან 4-7 დღის შემდეგ ყალიბდება.
სიმპტომები
ორქიტის სიმპტომები, როგორც წესი, უცაბედად ვითარდება და შესაძლოა იყოს:
- შესიება ერთ ან ორივე სათესლეში
- ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერი
- ტკივილი ერთი ან ორივე სათესლის არეში, რომელიც შესაძლოა რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს
- სიცხე
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება
ტერმინი “სათესლის ტკივილი” და “საზარდულის ტკივილი” ხშირად გამოიყენება ერთმანეთის მონაცვლედ. თუმცა ტკივილი საზარდულის არეში წარმოდგენილია ბარძაყსა და მუცელს შორის არსებული კანის არეში და არა სათესლეში. საზარდულის ტკივილის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება სათესლის გამომწვევი მიზეზებისგან.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ განიცდით ტკივილსა და შესიებას სათესლის პარკის არეში, მითუმეტეს თუ ტკივილი უცბად ვითარდება, მიმართეთ ექიმს.
რამოდენიმე მდგომარეობა იწვევს სათესლის ტკივილს და ზოგიერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. ერთი ასეთი მდგომარეობა წარმოდგენილია სათესლის ბაგირაკის გრეხვით, რომელიც იწვევს ორქიტის მსგავს ტკივილს. ექიმი დანიშნავს ტესტებს, რათა განსაზღვროს ტკივილის გამომწვევი მიზეზი.