ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

დაავადების აღწერა

ორთოსტატიკური, იგივე პოზიციური ჰიპოტენზია მდგომარეობაა, რომლის დროსაც წოლითი ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომის შემდეგ ადამიანის არტერიული წნევა ეცემა. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია იწვევს თავბრუსხვევას, გულის წასვლას.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხშირად მსუბუქია, გრძელდება რამდენიმე წამს ან წუთს ადგომის შემდეგ. ხანგრძლივი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შესაძლოა უფრო მძიმე დაავადების ან პრობლემის ნიშანი იყოს, ამიტომ მიმართეთ ექიმს ასეთ შემთხვევებში. თუ კარგავთ გონებას, თუნდაც ცოტა ხნით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მსუბუქი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხშირად არ საჭიროებს მკურნალობას. ზოგიერთი ადამიანი ხანგამოშვებით აღნიშნავს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომებს. მკურნალობა უფრო მძიმე შემთხვევებში დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

გამომწვევი მიზეზი

როცა დგებით, სიმძიმის ძალით სისხლი გროვდება ფეხებში. ეს ამცირებს სისხლის წნევას, რადგან სისხლი ძნელად უბრუნდება გულს, შემდეგი შეკუმშვისათვის.

ნორმაში, სპეციალური უჯრედები– ბარორეცეპტორები, რომლების გულსა და კისრის არტერიებში მდებარეობენ, აღიქვამენ სისხლის წნევის ვარდნას და უგზავნიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას ინფორმაციას ამის შესახებ. ნერვული სიგნალებით გულისცემა აჩქარდება, გადაისვრის მეტ სისხლს და ასტაბილურებს სისხლის წნევას. ასევე, ეს უჯრედები იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც იზრდება წინაღობა სისხლის დინების წინააღმდეგ და იმატებს წნევა.

ორთოსტატიკური ან პოზიციური ჰიპოტენზია ვითარდება, როცა ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი დაბალ წნევაზე დარღვეულია. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მდგომარეობით. მაგალითად:

  • გაუწყლოება. ცხელება, ღებინება, სითხეების არასაკმარისი მიღება, ფაღარათი, ჭარბი ვარჯიში და ოფლიანობა ასოცირებულია გაუწყლოების განვითარებასთან. როცა მძიმედ გაუწყლოებული ხართ, ორგანიზმი კარგავს სითხის მოცულობას. მცირე გაუწყლოებაც კი ვლინდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა და დაღლილობა.
  • გულის პრობლემები. გულის ზოგიერთი დაავადება იწვევს წნევის დავარდნას, მაგალითად გულისცემის სიხშირის შემცირება– ბრადიკარდია, გულის სარქველების პრობლემები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. ეს მდგომარეობები იწვევენ ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას, რადგან გული, ნერვული იმპულსების პასუხად, ვერ აჩქარებს შეკუმშვების სიხშირეს და ვერ მატებს ძალას, რაც საჭიროა წამოდგომისას.
  • ენდოკრინული პრობლემები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა– ადისონის დაავადება, დაბალი შაქარი სისხლში–ჰიპოგლიკემია, და ზოგიერთ შემთხვევაში დიაბეტი იწვევს სისხლის წნევის დავარდნას. დიაბეტი ასევე აზიანებს ნერვებს, რომლებიც სიგნალებს გადაცემენ წნევის საკონტროლოდ.
  • ნერვული სისტემის პრობლემები. ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, მრავლობითი სისტემური ატროფია, ლევის სხეულოვანი დემენცია, აუტონომიური უკმარისობა და ამილოიდოზი შესაძლოა გახდეს წნევის მარეგულირებელი სისტემის მოშლის მიზეზი.
  • კვების შემდგომი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ზოგიერთ ადამიანს ჰიპოტენზია კვების შემდეგ აღენიშნება–პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია. ეს მდგომარეობა ხშირია მოხუცებში.

სიმპტომები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ძირითადად იწვევს თავბრუსხვევას მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემდეგ. ეს შეგრძნება, და სხვა სიმპტომები, ხანმოკლეა და რამდენიმე წამს გრძელდება. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხასიათდება ამ ნიშნებითა და სიმპტომებით:

  • თავბრუსხვევა ადგომის შემდეგ
  • დაბინდული მხედველობა
  • სისუსტე
  • გულის წასვლა (სინკოპე)
  • დაბნეულობა
  • გულისრევის შეგრძნება



როდის მივმართოთ ექიმს

ზოგჯერ თავბრუსხვევა ადგომის შემდეგ ნორმალურია, შესაძლოა იყოს მსუბუქი გაუწყლოების, შაქრის დონის შემცირების, ცხელ აბაზანაში დიდი დროის გატარების შედეგი. თავბრუსხვევა შესაძლოა ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის შემდეგაც იგრძნოთ, მაგალითად ლექციაზე, კონცერტზე. თუ ეს სიმპტომები მხოლოდ ხანგამოშვებით ვლინდება, სავარაუდოდ, მდგომარეობა უვნებელია.

მნიშვნელოვანია, მიმართოთ ექიმს, თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომები ხშირად გაქვთ, რადგან ხანგრძლივი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ასოცირდება სხვა პრობლემებთან. კარგი იქნება, თუ ჩაიწერთ სიმპტომების განვითარებას, რამდენ ხანს გრძელდებოდა სიმპტომი და რას აკეთებდით ამ დროს. თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხელს გიშლით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში და საფრთხე გექმნებათ როგორც თქვენ, ასევე სხვებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.