ოსგუდ–შლატერის დაავადება
დაავადების აღწერა
ოსგუდ–შლატერის დაავადება იწვევს მტკივნეული შესიების გაჩენას კვირისტავის ქვეშ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც გადიან გარდატეხის ასაკს.
ოსგუდ–შლატერის დაავადება უფრო ხშირია ბავშვებში, რომლებიც სპორტის რომელიმე სახეობას მისდევენ, მაგალითად სირბილს, ხტუნვას, ისეთ მოძრაობებს, რომლებიც მოითხოვს მიმართულების სწრაფ ცვლილებას, მაგალითად ფეხბურთში, კალათბურთში, ბალეტში და ა.შ.
ოსგუდ–შლატერის დაავადება უფრო ხშირია ბიჭებში, მაგრამ ეს განსხვავება თანდათანობით მცირდება, რადგან მეტი გოგონა ერთვება სპორტში.
ასაკობრივი განაწილება განსხვავდება სქესის მიხედვით, რადგან გოგონებში გარდატეხის ასაკი უფრო მალე დგება. ოსგუდ–შლატერის დაავადება ბიჭებში ხშირია 13–14 წლის ასაკში, ხოლო გოგონებში– 11–12 წლის ასაკში. ეს მდგომარეობა ძირითადად თავადაც გაივლის, როცა ბავშვის ძვლები ბოლომდე გაიზრდება.
გამომწვევი მიზეზი
სირბილის, ხტუნვის ან მუხლის ხშირი მოხრის დროს (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ბალეტი) ბავშვის ბარძაყის კუნთების (კვადრიცეფსი) შეკუმშვა იწვევს მყესის დაჭიმვას, რომელიც აერთებს კვირისტავს წვივის ძვლებთან.
განმეორებითი სტრესი იწვევს მყესის მცირედ გადაადგილებას, რაც გამოიხატება ტკივილითა და შესიებით ოსგუდ–შლატერის დაავადების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვის ძვალი ცდილობს გადაადგილების ანაზღაურებას ძვლოვანი წანაზარდის გაჩენით, რაც ვლინდება ძვლოვანი მასით მუხლის ქვეშ.
სიმპტომები
ოსგუდ–შლატერის დაავადება იწვევს ტკივილს, თუმცა ეს სიმპტომი განსხვავებულად ვლინდება. ზოგიერთ პაციენტს მხოლოდ მსუბუქი ტკივილი აქვს, დატვირთვის დროს. ზოგიერთს კი სულ ტკივა და ექმნება მნიშვნელოვანი დისკომფორტი.
ოსგუდ–შლატერის დაავადება ძირითადად ცალ მუხლზე ვითარდება, თუმცა შესაძლოა ორმხრივიც იყოს. ტკივილი და დისკომფორტი შესაძლოა რამდენიმე კვირას ან თვეს გაგრძელდეს, ან იქამდე, სანამ ბავშვი ზრდას არ შეწყვეტს.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით თქვენი ბავშვის ექიმს, თუ მუხლის ტკივილი ხელს უშლის მას ნორმალური, ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში. მიმართეთ ექიმს, თუ მუხლი შესიებული, შეწითლებულია და ტკივილს თან ახლავს ცხელება, სახსრის მოძრაობების შეზღუდვა.