ოსტეომალაცია

დაავადების აღწერა

ოსტეომალაცია ნიშნავს ძვლების დარბილებას, რაც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით. რბილი ძვლები ფორმის შეცვლის ან მოტეხილობისაკენ არიან მიდრეკილი, განსხვავებით გამაგრებული, ჯანსაღი ძვლებისაგან.

ოსტეომალაცია არ არის იგივე, რაც ოსტეოპოროზი– ძვლის სხვა დაავადება, რომელიც ასევე ასოცირდება მოტეხილობებთან. ოსტეომალაცია გამოწვეულია ძვლის სინთეზის პროცესის დარღვევით, ხოლო ოსტეოპოროზი მანამდე არსებული ძვლის დასუსტებით მიმდინარეობს.

კუნთის სისუსტე და ძვლის ყრუ ტკივილი ოსტეომალაციის მტავარი სიმპტომებია. მკურნალობა მოიცავს D ვიტამინის საკმარის მიწოდებას, კალციუმთან ერთად და სხვა დაავადებების მკურნალობას, რაც შეიძლება ამ ნივთიერებების დეფიციტს იწვევდეს.

გამომწვევი მიზეზი

ორგანიზმი იყენებს კალციუმსა და ფოსფატს ძლიერი ძვლების წარმოსაქმნელად. ოსტეომალაცია ვითარდება, თუ დიეტით არ იღებთ ამ ნივთიერებების საკმარის რაოდენობას ან ორგანიზმი ვერ შეიწოვს მათ. მაგალითებია:

  • D ვიტამინის დეფიციტი. მზის სხივების საშუალებით, D ვიტამინი წარმოიქმნება კანში. ორგანიზმს კალციუმის გამოსაყენებლად D ვიტამინი ესაჭიროება. ოსტეომალაცია შეიძლება იმ ადამიანებში განვითარდეს, რომლებიც მზის სხივებზე საკმარის დროს არ ატარებენ, იყენებენ ზედმეტად ძლიერ დამცავ კრემებს ან არ გადიან გარეთ მზიან ამინდში.

    ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ისეთ წერტილებში, სადაც მზის სხივები ხანმოკლედაა ან კვებით რეჟიმში არ შედის კალციუმი და D ვიტამინი, ასევე ავლენენ ოსტეომალაციას. D ვიტამინის დეფიციტი ოსტეომალაციის მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

  • გარკვეული ქირურგიული პროცედურები. ნორმაში, კუჭი ინელებს საკვებს და იწვევს D ვიტამინისა და სხვა მინერალების გამოთავისუფლებას, ნაწლავებში კი ეს ნივთიერებები შეიწოვება. ეს პროცესი ირღვევა გასტრექტომიის (კუჭის ამოკვეთა) შედეგად და იწვევს ოსტეომალაციას. წვრილი ნაწლავის ქირურგიული ოპერაციები ასევე შეიძლება გახდეს ოსტეომალაციის განვითარების მიზეზი.
  • ცელიაკია. ამ აუტოიმუნური დაავადების დროს, წვრილი ნაწლავის ამომფენი შრე დაზიანებულია გლუტენის შემცველი საკვების მიღების შედეგად. გლუტენი ცილაა და შედის ხორბლის, ქერის და სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში. წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო ვერ შეიწოვება D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით.
  • თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგიები. თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა ხელს უშლის D ვიტამინის პროცესირებას.
  • მედიკამენტები. ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტოინი ან ფენობარბიტალი, ასოცირებულია ოსტეომალაციის განვითარებასთან.

სიმპტომები

ადრეულ ეტაპებზე, შესაძლოა არ გამოვლინდეს ოსტეომალაციის სიმპტომები, თუმცა ნიშნები ჩანს რენტგენსა და სხვა დიაგნოსტიკურ ტესტებზე. როცა ოსტეომალაცია უარესდება, ვითარდება ძვლის ტკივილი და კუნთების სისუსტე.

ყრუ ტკივილი, რომელიც ასოცირდება ოსტეომალაციასთან, ხშირია წელში, მენჯში, ქვედა კიდურებსა და ნეკნებში. ტკივილი შესაძლოა გაუარესდეს ღამით, როცა წონით აწვებით თქვენს ძვლებს.

კუნთების ტონუსის შემცირება და ქვედა კიდურების სისუსტე იწვევს სიარულის მანერის ცვლილებებს და ართულებს გადაადგილებას.