პაჯეტის დაავადება (ძვლის)

დაავადების აღწერა

პაჯეტის დაავადება ხელს უშლის ძვლის ნორმალური განახლების პროცესს, რომლის დროსაც ძველი ქსოვილები დროთა განმავლობაში ახლით უნდა ჩანაცვლდეს. დაზიანებული ძვლები მსხვრევადია და იცვლის ფორმას. პაჯეტის დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება მენჯის ძვლებში, ხერხემალსა და ქვედა კიდურებში.

პაჯეტის დაავადების რისკი იმატებს ასაკთან ერთად. რისკი ასევე მაღალია, თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს დაავადება. პაჯეტის გართულებებია: ძვლის მოტეხილობა, სმენის დაქვეითება და ხერხემალში ნერვების კომპრესია.

ბისფოსფონატები– მედიკამენტები, რომელთაც ოსტეოპოროზში სუსტი ძვლის გასამაგრებლად იყენებენ, ასევე საჭიროა პაჯეტის დაავადებაში. მძიმე შემთხვევებში, ქირურგიული ჩარევაც კი აუცილებელია.

გამომწვევი მიზეზი

სრული სიმაღლის მიღწევის შემდეგაც კი, ძვლები არ წყვეტენ ზრდას. ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც მუდმივად გადის განახლების პროცესს. ამ პროცესში (ძვლის რემოდელინგი) ძველი ქსოვილი იშლება და ჩანაცვლდება ახალი ძვლით. პაჯეტის დაავადება ხელს უშლის ამ პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას.

დაავადების ადრეულ სტადიებზე, ძვალი უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ახალი ქსოვილი წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში, ორგანიზმი ამას პასუხობს ძვლის სინთეზის გაძლიერებით. სწრაფი რემოდელინგის პროცესი წარმოქმნის ძვალს, რომელიც უფრო რბილი და სუსტია, ვიდრე ნორმალური ძვალი. ეს იწვევს ტკივილს, დეფორმაციებსა და მოტეხილობებს.

მეცნიერები ვერ ადგენენ პაჯეტის დაავადების ზუსტ მიზეზს, თუმცა აღმოჩენილია რამდენიმე სავარაუდო გენი.

მეცნიერებ თვლიან, რომ პაჯეტის დაავადება დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან ძვალში, რომელიც შესაძლოა პრობლემების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე არსებობდეს. მემკვიდრეობითი ფაქტორები გავლენას ახდენს დაავადების განვითარებაზე.

სიმპტომები

პაჯეტის დაავადების მქონე პაციენტთა უმეტესობა სიმპტომებს არ უჩივის. როცა სიმპტომები ვლინდება, ყველაზე ხშირად ძვლის ტკივილია. დაავადებამ შესაძლოა რამდენიმე ძვალი მოიცვას. ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებული ძვლების ადგილმდებარეობაზე, მაგალითად:

  • მენჯის ძვლები. დაავადება გამოიწვევს მენჯის ტკივილს
  • თავის ქალა. ძვლების წანაზარდები გამოიწვევს სმენის დაქვეითებას ან თავის ტკივილს
  • ხერხემალი. თუ ხერხემალი დაზიანდა, ნერვის ფესვები კომპრესირდება. ეს იწვევს ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას ან დაბუჟებას კიდურში
  • ფეხი. როცა ფეხის ძვლები სუსტდება, შესაძლებელია მათი ფორმის შეცვლა– მოხრა. გადიდებული და დეფექტური ძვლები ფეხებში ზედმეტ წონას აკისრებენ ახლომდებარე სახსრებს, სადაც შესაძლოა ართრიტიც კი განვითარდეს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • ტკივილი ძვლებსა და სახსრებში
  • დაბუჟება ან სისუსტე
  • ძვლოვანი დეფორმაციები