პანიკური შეტევა და პანიკური აშლილობა
დაავადების აღწერა
პანიკური შეტევა ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდია, რომელიც იწვევს მწვავე ფიზიკურ რეაქციებს, ყოველგვარი რეალური საფრთხის ან მიზეზის გარეშე. პანიკური შეტევა საკმაოდ ცუდი გამოცდილებაა პაციენტისთვის. შეტევის დროს, პაციენტი კარგავს კონტროლს, გონია რომ გულის შეტევა აქვს ან კვდება.
მრავალ ადამიანს აქვს 1–2 პანიკური შეტევის ეპიზოდი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ეს პრობლემა ხშირი არაა და სტრესული სიტუაციის დასრულებასთან ერთად გაივლის. თუ გაქვთ განმეორებადი, ხშირი, აუხსნელი პანიკური შეტევები, რის გამოც შიშისა და შემდეგი შეტევის მოლოდინში ხართ, შესაძლოა გქონდეთ პანიკური აშლილობა.
პანიკური შეტევა სიცოცხლისათვის საშიში არ არის, თუმცა აშინებს ადამიანს და ხელს უშლის ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას. მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, რა იწვევს პანიკურ შეტევას ან პანიკურ აშლილობას, მაგრამ სავარაუდოა ამ ფაქტორების მონაწილეობა:
- გენეტიკა
- ძლიერი სტრესი
- ტემპერამენტი, რომელიც ადამიანს სტრესის მიმართ მიდრეკილს ხდის
- თავის ტვინის ნაწილების ფუნქციის ცვლილება
პანიკური შეტევა შესაძლოა დაიწყოს უეცრად, გაფრთხილების გარეშე, თუმცა, დროთა განმავლობაში შეტევები გარკვეულ სიტუაციებში იწყება.
გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი საფრთხეზე ჩართულია პანიკური შეტევის განვითარებაში. მაგალითად, თუ მოგსდევთ მტაცებელი ცხოველი, ორგანიზმი ავითარებს ინტენსიურ პასუხს. გულისცემა და სუნთქვა ჩქარდება, რათა სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში სისხლით მომარაგება უზრუნველყოს. პანიკური შეტევის დროს მსგავსი პასუხი ყალიბდება, ოღონდ უმიზეზოდ. უცნობია, რატომ იწყება შეტევა რეალური საფრთხის გარეშე.
სიმპტომები
პანიკური შეტევა ძირითადად უეცრად იწყება, გაფრთხილების გარეშე. შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს– საჭესთან, საყიდლებზე, ძილის დროს, სამსახურში და ა.შ. შესაძლოა პანიკური შეტევა ხშირად განმეორდეს ან იშვიათად გამოიხატოს.
პანიკური შეტევა მრავალგვარი არსებობს, მაგრამ სიმპტომები ძირითადად რამდენიმე წუთში აღწევს პიკს. შესაძლოა თავი იგრძნოთ გადაღლილად, მას შემდეგ რაც შეტევა დასრულდება.
პანიკური შეტევა მოიცავს ამ სიმპტომებს:
- საფრთხის შეგრძნება
- კონტროლის დაკარგვის ან სიკვდილის შიში
- სწრაფი, ძლიერი გულისცემა
- ოფლიანობა
- კანკალი
- სუნთქვის უკმარისობა, მოჭერის შეგრძნება ყელში
- შეციება
- წამოხურება
- გულისრევა
- მუცლის მოვლა
- ტკივილი გულმკერდის არეში
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა, გულის წასვლა
- დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება
- არარეალურობის შეგრძნება
პანიკური შეტევის ერთ–ერთი ყველაზე ცუდი თანმხლები მოვლენა ძლიერი შიშია შეტევის განმეორების შესახებ. ზოგჯერ, პანიკური შეტევის განმეორების იმდენად ეშინიათ, რომ თავს არიდებენ ისეთ სიტუაციებს, სადაც მანამდე შეტევა ჰქონიათ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ პანიკური შეტევის სიმპტომები, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება მალე. პანიკური შეტევა ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის, თუმცა საშიში არ არის. პანიკური შეტევის მენეჯმენტი მარტოს გაგიჭირდებათ, მკურნალობის გარეშე სიმპტომები უარესდება.
პანიკური შეტევის სიმპტომები წააგავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა გულის შეტევა, ამიტომ აუცილებელია სამედიცინო შეფასება, რათა დადგინდეს სიმპტომების მთავარი გამომწვევი მიზეზი.