პანკრეასის კისტები
დაავადების აღწერა
პანკრეასის კისტები ჯიბისებრი, სითხით სავსე წარმონაქმნებია, რომლებიც პანკრეასის ჯირკვალში ვითარდება. პანკრეასი დიდი ზომის ორგანოა, მდებარეობს კუჭის უკან. იგი წარმოქმნის ჰორმონებსა და საკვების მომნელებელ ფერმენტებს.
პანკრეასის კისტების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის და სიმპტომებსაც არ ავლენს. ფაქტობრივად, პანკრეასის კისტების დიდი ნაწილი კისტაც არ არის. ამ წარმონაქმნებს ფსევდოკისტები ეწოდება და წარმოადგენს კეთილთვისებიან, ჯიბისებრ გროვას, რომელშიც გროვდება სითხე და ამოფენილია ნაწიბუროვანი ან ანთებითი ქსოვილით, რაც არ ახასიათებს ნამდვილ კისტას.
პანკრეასის კისტა შეიძლება იყოს ავთვისებიანიც. ექიმმა შესაძლოა აიღოს პანკრეასის კისტის სითხე, რათა ანალიზით დადგინდეს კიბოს უჯრედების არსებობის საკითხი.
ზოგჯერ, ექიმმა შესაძლოა ვერ განსაზღვროს, გახდება თუ არა კისტა ავთვისებიანი. მან შესაძლოა გირჩიოთ რეგულარული დაკვირვება კისტაზე ცვლილებების, ზომის მატების, ფორმის შეცვლის დაფიქსირების მიზნით ან გირჩიოთ ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთ კისტას მალიგნიზაციის დაბალი პოტენციალი აქვს, ამიტომ მათზე მხოლოდ დაკვირვებაა რეკომენდირებული.
გამომწვევი მიზეზი
პანკრეასის კისტების გაჩენის მიზეზი უცნობია. ავთვისებიანი კისტები გენეტიკური მუტაციით შეიძლება იყოს გამოწვეული. ზოგიერთი კისტა ასოცირდება იშვიათ დაავადებასთან– ვონ–ჰიპელ–ლინდუს დაავადებასთან, რომელიც გენეტიკურია და პანკრეასის გარდა სხვა ორგანოებსაც აზიანებს.
ფსევდოკისტა ხშირად პანკრეატიტის შემდეგ ჩნდება. პანკრეატიტი მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც მომნელებელი ფერმენტები ადრეულად აქტიურდება და აზიანებს და აღიზიანებს პანკრეასს. ფსევდოკისტა შესაძლოა მუცლის დაზიანების, ტრავმის შედეგიც იყოს, მაგალითად ავტოავარიის დროს.
სიმპტომები
შესაძლოა არც გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი პანკრეასის კისტის გამო, არც ფსევდოკისტის გამო. პანკრეასის კისტას ხშირად მუცლის ღრუს კვლევების დროს აღმოაჩენენ, რომელსაც სხვა მიზნით ატარებენ ხოლმე.
თუ განვითარდა ნიშნები და სიმპტომები, ესენია:
- პერსისტირებადი ტკივილი მუცლის ღრუში, რომელიც ვრცელდება წელზეც
- მასის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში
- გულისრევა და ღებინება
როდის მივმართოთ ექიმს
კისტა შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა ეს იშვიათია. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება და მუცლის ტკივილი.
გახეთქილი ფსევდოკისტა გადაუდებელ მდგომარეობას წარმოადგენს. სითხე, რომელიც ფსევდოკისტიდან გამოდის, აზიანებს გარშემო სისხლძარღვებს და იწვევს მასიურ სისხლდენას. გახეთქილი კისტა ასევე ინფექციის მიზეზი შეიძლება იყოს მთელ მუცლის ღრუში– პერიტონიტი. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ შინაგანი სისხლდენისა და შოკის ნიშნები, როგორიცაა:
- გონების დაკარგვა
- მუცლის ძლიერი ტკივილი
- ცნობიერების დაქვეითება
- სუსტი და ჩქარი გულისცემა
- სისხლის ღებინება