პანკრეატიტი

დაავადების აღწერა

პანკრეატიტი პანკრეასის ანთებაა. პანკრეასი გრძელი, ბრტყელი, ჯირკვლოვანი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მუცლის ზედა ნაწილში, კუჭის უკან. პანკრეასი წარმოქმნის ფერმენტებს, რომლებიც გვეხმარება საკვების მონელებაში და ჰორმონებს, რომლებიც გვეხმარება ორგანიზმში შაქრის მეტაბოლიზმში.

პანკრეატიტი შესაძლოა მწვავე იყოს– გაჩნდეს მალე, უეცრად და გაგრძელდეს რამდენიმე დღეს, ან ქრონიკულად გამოვლინდეს– რამდენიმე წლის განმავლობაში.

პანკრეატიტის მსუბუქი შემთხვევები მკურნალობის გარეშეც რჩება, მაგრამ მძიმე შემთხვევები ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში გართულებებითაც ხასიათდება.

გამომწვევი მიზეზი

როგორ ვითარდება პანკრეატიტი

პანკრეატიტი ვითარდება, როცა მომნელებელი ფერმენტები, რომლებიც პანკრეასში წარმოიქმნება, აქტიურდება ჯირკვლის შიგნით და აზიანებს მას.

ნორმალური მონელების დროს, არააქტიური ფერმენტები გამოიყოფა სადინარში და ჩადის წვრილ ნაწლავში, სადაც აქტიურდება და ინელებს საკვებს. პანკრეატიტის დროს, ფერმენტები ნაადრევად აქტიურდება, როცა ჯერ კიდევ ჯირკვლის შიგნით გადის. ფერმენტი აღიზიანებს პანკრეასის უჯრედებს, იწვევს ანთებას და შესაბამის ნიშნებსა და სიმპტომებს.

მწვავე პანკრეატიტის განმეორების შემთხვევაში, ორგანოს დაზიანება ვითარდება და ყალიბდება ქრონიკული პანკრეატიტი. ნაწიბუროვანი ქსოვილი ყალიბდება პანკრეასში და იწვევს ფუნქციის დაქვეითებას. ასეთი ორგანო კი მონელების პრობლემებთან და დიაბეტთან ასოცირდება.

პანკრეატიტს ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს

მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს მრავალი შესაძლო გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად:

  • ალკოჰოლიზმი
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები
  • მუცლის ქირურგია
  • გარკვეული მედიკამენტები
  • თამბაქო
  • კისტური ფიბროზი
  • ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატროგრაფია– კენჭების დროს
  • პანკრეატიტის ისტორია ოჯახში
  • კალციუმის მაღალი დონე სისხლში– ჰიპერკალცემია, რომელსაც ზოგჯერ იწვევს ფარისებრახლო ჯირკვლის ჰიპერაქტივაცია
  • ჰიპერტრიგლიცერიდემია
  • ინფექცია
  • მუცლის დაზიანება, ტრავმა
  • პანკრეასის კიბო

სიმპტომები

პანკრეატიტის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ანთების ტიპზე.

მწვავე პანკრეატიტის ნიშნებია:

  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგზე
  • მუცლის ტკივილი, რომელიც უარესდება ჭამის შემდეგ
  • გულისრევა
  • ღებინება
  • მტკივნეულობა მუცლის შეხებისას



ქრონიკული პანკრეატიტის ნიშნებია:

  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
  • წონაში აუხსნელი დაკლება
  • ცხიმოვანი, უსიამოვნო სუნის განავალი (სტეატორეა)



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ მუცლის ხანგრძლივი ტკივილი. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ მუცლის ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ კომფორტულ მდგომარეობას ვერ პოულობთ.