პეპტიური წყლული

დაავადების აღწერა

პეპტიური წყლული ღია ფორმის წყლულია, რომელიც ვითარდება საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტის (თორმეტგოჯა ნაწლავის) შიგნით. პეპტიური წყლულის ყველაზე ხშირი სიმპტომი მუცლის ტკივილია.

პეპტიური წყლულია:

  • კუჭის წყლული, რომელიც კუჭს შიგნით ვითარდება
  • საყლაპავის წყლული, რომელიც საყლაპავის შიგნით ვითარდება. საყლაპავი მილია, რომელიც აკავშირებს პირის ღრუსა და კუჭს
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც ვითარდება წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტის შიდა ზედაპირზე



არსებობს მითი, რომ პეპტიური წყლული ცხარე საკვების ან სტრესის გამო ჩნდება. ექიმებმა ახლა უკვე იციან წყლულის გამომწვევი ბაქტერიებისა და მედიკამენტების შესახებ (და არა სტრესი ან კვება).

გამომწვევი მიზეზი

პეპტიური წყლული ვითარდება, როცა კუჭში არსებული მჟავა აზიანებს საყლაპავის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიდა ლორწოვან ზედაპირს. დაზიანების შედეგად წარმოიქმნება მტკივნეული, ღია წყლული, რომელსაც სისხლდენაც ახასიათებს.

მომნელებელი სისტემა ამოფენილია ლორწოვანი მემბრანით, რომელიც იცავს ამ ორგანოებს მჟავას ეფექტებისაგან. თუ მჟავას რაოდენობა გაიზარდა ან ლორწოს რაოდენობა შემცირდა, ვითარდება წყლული. ხშირი მიზეზებია:

  • ბაქტერია. ჰელიკობაქტერ პილორი ხშირად ბინადრობს ლორწოვან მემბრანებში, რომლებიც ამოფენს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს. ხშირად, ჰელიკობაქტერი არ იწვევს პრობლემებს, მაგრამ შეუძლია ანთებითი მდგომარეობის გამოწვევა და წყლულის ჩამოყალიბება.

    უცნობია, როგორ ვრცელდება ჰელიკობაქტერი. შესაძლოა, ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტით, მაგალითად კოცნით გადადიოდეს. ჰელიკობაქტერი სავარაუდოდ საკვებითა და სასმელითაც გადადის.

  • ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება. გარკვეული ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ასოცირებულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებასთან. ეს მედიკამენტებია: ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, კეტოპროფენი და სხვა.

    პეპტიური წყლული ხშირია მოხუცებში, რომლებიც ხშირად იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს ან იმ ადამიანებში, რომელთაც ეს პრეპარატები ოსტეოართრიტის სამკურნალოდ სჭირდებათ.

  • სხვა მედიკამენტები. სხვა, რეცეპტით გაცემული მედიკამენტებიც შესაძლოა გახდეს წყლულის მიზეზი. მაგალითია ოსტეოპოროზის სამკურნალო ბისფოსფონატები, ასევე კალიუმის დანამატები.

სიმპტომები

ტკივილი ყველაზე ხშირი სიმპტომია

წვის შეგრძნებით მიმდინარე ტკივილი პეპტიური წყლულის ყველაზე ხშირი სიმპტომია. ტკივილი გამოწვეულია წყლულით და უარესდება, როცა კუჭის მჟავა ეხება წყლულის არეს. ტკივილი ტიპიურად:

  • იგრძნობა კუჭიდან მკერდის ძვლამდე
  • უარესდება ცარიელ კუჭზე
  • უარესდება ღამით
  • დროებით გაყუჩდება გარკვეული საკვების მიღებით, რომლებიც მჟავას ანეიტრალებენ. ასევე მსუბუქდება მჟავას საწინააღმდეგო მედიკამენტების ფონზე
  • ქრება და ჩნდება რამდენიმე დღეში ან კვირაში



სხვა ნიშნები და სიმპტომები

უფრო იშვიათად, წყლული ვლინდება ამ სიმპტომებით:

  • სისხლიანი პირნაღები მასა, რომელიც წითელი ან შავია
  • მუქი ფერის სისხლიანი განავალი, შავი განავალი
  • გულისრევა და ღებინება
  • წონაში აუხსნელი დალება
  • მადის ცვლილება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ განმეორებითი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაშფოთებთ. ურეცეპტო მჟავას საწინააღმდეგო მედიკამენტები დაგეხმარებათ ტკივილის გასაყუჩებლად, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი საშუალებაა. თუ ტკივილი მაინც გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.