პერიმენოპაუზა
დაავადების აღწერა
პერიმენოპაუზა ნიშნავს მენოპაუზის “გარშემო” ასაკს, ანუ დროის იმ პერიოდს, როცა ქალის ორგანიზმი განიცდის ბუნებრივ გადასვლას მუდმივი უშვილობის პერიოდში–მენოპაუზაში. პერიმენოპაუზას მენოპაუზურ გადასვლასაც უწოდებენ.
ქალებს პერიმენოპაუზა სხვადასხვა ასაკში ეწყებათ. პირველი ნიშნები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არარეგულარულობა შესაძლოა 40 წლის ასაკშიც დაიწყოს. ზოგიერთი ქალი კი ამ ნიშნებს 30 წლიდანაც კი ამჩნევს.
ესტროგენის დონე– მთავარი ჰორმონი ქალის ორგანიზმში, ხშირად იცვლება პერიმენოპაუზის შემდეგ. მენსტრუალური ციკლი გრძელდება ან მოკლდება, შესაძლოა განვითარდეს ანოვულატორული ციკლებიც. ვლინდება მენოპაუზის მსგავსი სიმპტომებიც, როგორიცაა წამოხურება, ძილის დარღვევა, სიმშრალე ვაგინაში. არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ სიმპტომების მენეჯმენტში.
როცა ქალს 12 თვის განმავლობაში აღარ აქვს მენსტრუალური ციკლი, ითვლება, რომ მენოპაუზა დადგა. ამ დროს პერიმენოპაუზური პერიოდი მთავრდება.
გამომწვევი მიზეზი
როცა პერიმენოპაუზურ ასაკში ხართ, ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეები სწრაფად იცვლება. პერიმენოპაუზური სიმპტომების მთავარი გამომწვევი მიზეზი ესტროგენის დონის შემცირებაა.
სიმპტომები
პერიმენოპაუზის დროს იწყება სხეულის მცირე ცვლილებები, შესაძლოა გამოვლინდეს:
- მენსტრუალური ციკლის არევა. როცა ოვულაციის პროგნოზირება რთულდება, ციკლებს შორის დრო შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. მენსტრუალური სისხლდენა კი შესაძლოა მცირე ან დიდი რაოდენობით გამოიხატოს. ასევე შესაძლებელია ციკლის გამოტოვებაც. თუ აღინიშნა ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში 7 დღეზე ან მეტხანს, შესაძლოა დაწყებული იყოს ადრეული პერიმენოპაუზა. თუ ციკლებს შორის 60 დღე ან მეტია, ქალი პერიმენოპაუზის მოგვიანებით სტადიაზეა.
- წამოხურება და ძილის პრობლემები. ბევრ ქალს აქვს წამოხურების სიმპტომი პერიმენოპაუზის დროს. ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სიხშირე განსხვავდება. ძილის დარღვევა ყველაზე ხშირად ასოცირებულია სწორედ წამოხურების ან ღამით ოფლიანობის პრობლემებთან, თუმცა ზოგჯერ ძილის პრობლემები ისედაც ვითარდება.
- განწყობის ცვლილებები. ზოგიერთ ქალს აღენიშნება ხასიათის ხშირი ცვლილება, გაღიზიანება, დეპრესიის მაღალი რისკი პერიმენოპაუზის დროს. ამ სიმპტომების მიზეზი შესაძლოა ძილის დარღვევაც იყოს. განწყობის ცვლილებები ასევე ასოცირებულია არაჰორმონალურ ფაქტორებთან, რომლებიც პერიმენოპაუზურ ასაკში გვხვდება.
- ვაგინალური და შარდის ბუშტის პრობლემები. როცა ესტროგენის დონე ეცემა, ვაგინალური ქსოვილები კარგავენ ლუბრიკაციას და ელასტიურობას, რაც სქესობრივ კავშირს მტკივნეულს ხდის. ესტროგენის დაბალი დონე შესაძლოა საშარდე და ვაგინალური ინფექციების მიზეზიც გახდეს. ქსოვილების ტონუსის კარგვა შარდის შეუკავებლობის მიზეზიც შეიძლება იყოს.
- შვილოსნობის დაქვეითება. როცა ოვულაცია არ არის რეგულარული, შვილის ყოლის უნარიც ქვეითდება. სანამ ქალს ციკლი აქვს, დაფეხმძიმება მაინც შესაძლებელია. თუ არ გსურთ ფეხმძიმობა, კონტრაცეფციის გამოყენება რეკომენდირებულია ციკლის 12 თვით შეწყვეტამდე.
- ცვლილებები სქესობრივ ფუნქციებში. პერიმენოპაუზის დროს, ლიბიდო და აღგზნება შესაძლოა შეიცვალოს. ქალების უმეტესობას მაინც ნორმალური სქესობრივი ცხოვრება აქვს როგორც პერიმენოპაუზის, ასევე მენოპაუზის დროს.
- ძვლის კარგვა. ესტროგენის დონეების დაცემასთან ერთად, იწყება ძვლების ქსოვილის კარგვაც უფრო ჩქარა, ვიდრე ორგანიზმს მისი ჩანაცვლება შეუძლია. ეს იწვევს ოსტეოპოროზს– დაავადებას, რომლის დროსაც ძვლები მსხვრევადია.
- ქოლესტერინის დონეების ცვლილება. ესტროგენის დონის შემცირება იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის არასასურველ ცვლილებებს, მათ შორის დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მომატებას (რომელიც ხელს უწყობს გულის ათეროსკლეროზული დაავადების განვითარებას). ამავდროულად, მცირდება მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი (“კარგი” ქოლესტერინი), ასაკის მატებასთან ერთად. ამ ორი პროცესის გამო გაზრდილია ათეროსკლეროზული დაავადებების განვითარების რისკი.
როდის მივმართოთ ექიმს
ზოგიერთი ქალი ექიმს მიმართავს პერიმენოპაუზური სიმპტომების გამო. სხვები იტანენ ამ ცვლილებებს ან უბრალოდ არ აქვთ იმდენად მძიმე სიმპტომები, რომ ექიმთან მივიდნენ. რადგანაც სიმპტომები თანდათან ვითარდება, თავიდან შესაძლოა ვერ მიხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. სიმპტომები გამოწვეულია ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების სწრაფი ცვლილებებით. ორივე ჰორმონი მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმში.
თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა წამოხურება, განწყობის ცვლილება, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება და ა.შ, მიმართეთ ექიმს.