პერიტონიტი
დაავადების აღწერა
პერიტონიტი პერიტონიუმის მემბრანების ანთებაა. პერიტონიუმი წარმოადგენს ქსოვილისებრ მემბრანას, რომელიც ამოფენს მუცლის ღრუს შიდა ზედაპირსა და ორგანოებს. პერიტონიტი ძირითადად ვირუსული ან ბაქტერიული მიზეზებითაა გამოწვეული. პერიტონიტი შესაძლოა მემბრანების ჩახევით იყოს გამოწვეული–პერფორაცია, ან მოყვეს სხვა სამედიცინო მდგომარეობის გართულებას.
პერიტონიტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ყურადღებას ინფექციის სამკურნალოდ და სხვა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. მკურნალობა ძირითადად მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას და ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობის გარეშე პერიტონიტი იწვევს მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ ინფექციას მთელ ორგანიზმში.
თუ იღებთ პერიტონიუმის დიალიზის თერაპიას, შესაძლოა პერიტონიტისგან თავდაცვა ჰიგიენის ნორმების დაცვით დიალიზამდე და შემდეგ.
გამომწვევი მიზეზი
პერიტონიუმის ღრუს ინფექცია მრავალი მიზეზით შეიძლება განვითარდეს. უმეტესად, მიზეზი პერფორაციაა. პერიტონიტი პერფორაციის გარეშეც შესაძლოა განვითარდეს, თუმცა ეს მდგომარეობა იშვიათია და სპონტანური პერიტონიტი ეწოდება.
პერფორაციის და შემდგომში პერიტონიტის მიზეზებია:
- სამედიცინო პროცედურები, როგორიცაა პერიტონიალური დიალიზი. ამ დროს გამოიყენება მილები (კათეტერები), რომელთა საშუალებითაც ცხოველქმედების პროდუქტები სისხლიდან გამოდის, რადგან თირკმელები ვეღარ ფუნქციონირებს. ინფექცია შესაძლოა ჰიგიენის ნორმების დარღვევით იყოს გამოწვეული ან გამოყენებული ინსტრუმენტების დაინფიცირებით. პერიტონიტი ასევე მუცლის ღრუს ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. მუცლის ღრუდან სითხის გამოტანა –პარაცენტეზი ასევე პერიტონიტის რისკთანაა დაკავშირებული. იშვიათად, პერიტონიტი კოლონოსკოპიის ან ენდოსკოპიის გამო ვითარდება.
- პერფორირებული ჭია ნაწლავი, კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავი. ნებისმიერ ამ მდგომარეობას მოსდევს ბაქტერიის გავრცელება პერიტონიუმის ღრუში.
- პანკრეატიტი. პანკრეასის ანთება–პანკრეატიტი არის ინფექციის გართულება, რომელიც პერიტონიტს იწვევს.
- დივერტიკულოზი. მცირე ზომის ბრმა ნაწლავური წანაზარდების ინფექცია და შემდეგ პერფორაცია იწვევს პერიტონიტს, რადგან ნაწლავის შიგთავსი წანაზარდის გახეთქვის შემდეგ მუცლის ღრუში ჩაიღვრება.
- ტრავმა. დაზიანება ან ტრავმა იწვევს პერიტონიტს, თუ ბაქტერია ან ქიმიური ნივთიერებები შეაღწევენ ორგანიზმის სხვა ნაწილებიდან პერიტონიუმში.
პერიტონიტი, რომელიც სპონტანურად ვითარდება და არაა ასოცირებული პერფორაციასთან, ძირითადად ღვიძლის დაავადებების გართულებაა, როგორიცაა ციროზი. შორს წასული ციროზის შემთხვევაში სითხე გროვდება მუცლის ღრუში– ასციტი. სითხის დაგროვება ასოცირებულია ბაქტერიული ინფექციის მაღალ რისკთან.
სიმპტომები
პერიტონიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი, მტკივნეულობა
- შებერილობა ან მასის შეგრძნება მუცელში
- ცხელება
- გულისრევა და ღებინება
- უმადობა
- ფაღარათი
- შარდის ნაკლები გამოყოფა
- წყურვილი
- დეფეკაციის ან აირის გამოყოფის უუნარობა
- დაღლილობა
თუ პერიტონიალური დიალიზი გჭირდებათ, პერიტონიტის სიმპტომებია:
- დიალიზის სითხის ამღვრევა
- თეთრი გროვები დიალიზის სითხეში (ფიბრინი)
როდის მივმართოთ ექიმს
პერიტონიტი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს, თუ დროზე არ მოხდა მკურნალობა. მიმართეთ ექიმს მაშინვე, როცა იგრძნობთ ძლიერ ტკივილს, შებერილობას ან სისავსეს მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს:
- ცხელება
- გულისრევა და ღებინება
- შარდის ნაკლები გამოყოფა
- წყურვილი
- დეფეკაციის ან აირის გამოყოფის უუნარობა
თუ იღებთ პერიტონიუმის დიალიზის თერაპიას, მიმართეთ ექიმს მაშინვე, თუ დიალიზის სითხე აიმღვრევა, მასში გაერევა თეთრი გროვები (ფიბრინი), შეინიშნება უჩვეულო სუნი, განსაკუთებით თუ კათეტერის ადგილი შეწითლებული ან მტკივნეულია.