პილონიდალური კისტა

დაავადების აღწერა

პილონიდალური კისტა კანქვეშ გაჩენილი ჯიბეა, რომელიც ძირითადად შეიცავს თმასა და კანის აქერცლილ შრეებს. პილონიდალური კისტა თითქმის ყოველთვის კუდუსუნთან მდებარეობს, დუნდულების გამყოფი ხაზის ზემოთ.

პილონიდალური კისტა ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა ამოსული თმა ხვრეტს კანს და შემდეგ ჩაბრუნდება. თუ პილონიდალური კისტა დაინფიცირდა, ვითარდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძალიან მტკივნეულია. კისტა მცირე გაკვეთით შეიძლება დრენირდეს ან ქირურგიულად ამოკვეთონ.

პილონიდალური კისტა ყველაზე ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში და პრობლემა შესაძლოა განმეორდეს. ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად სხედან, როგორიცაა მძღოლები, არიან პილონიდალური კისტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

გამომწვევი მიზეზი

არსებობს დავა იმის შესახებ, თუ რა იწვევს პილონიდალური კისტას. უმეტესად, კისტა გამოწვეულია სუსტი თმის ღერით, რომელიც კანს გაკვეთს. ხახუნი და ზეწოლა კანზე, ვიწრო ტანსაცმელი, ველოსიპედის ხანგრძლივი ტარება, დიდხანს ჯდომა შესაძლოა ასოცირებული იყოს თმის ღერის ჩაბრუნებასთან. ორგანიზმი ჩაბრუნებულ თმას უცხოდ აღიქვამს და აყალიბებს კისტას მის გარშემო.

ეს ვარაუდი ვერ ხსნის იშვიათ შემთხვევებს, როცა პილონიდალური კისტა კუდუსუნის გარდა სხეულის სხვა ნაწილებში ჩნდება. მაგალითად, ცხოველების ბეწვის მკრეჭავებს პილონიდალური კისტა ხშირად თითებს შორის უვითარდებათ.

სხვა შესაძლოა ახსნით, პილონიდალური კისტა ვითარდება კანის ღრმა შრეების გაჭიმვით, რაც იწვევს თმის ფოლიკულის რუპტურას. თმის ფოლიკულა სტრუქტურაა, საიდანაც თმა ამოდის. ფოლიკულის გარშემო შემდეგ კისტა იქმნება.

სიმპტომები

თუ პილონიდალური კისტა დაინფიცირდა, ვითარდება ჩირქოვანი შესიება– აბსცესი. აბსცესის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი
  • კანის შეწითლება
  • ჩირქის ან სისხლის გამოსვლა კანიდან
  • უსიამოვნო სუნი ჩირქის გამო



როდის მივმართოთ ექიმს

თუ შეამჩნევთ პილონიდალური კისტის ნებისმიერ ნიშანს ან სიმპტომს, მიმართეთ ექიმს. დიაგნოსტირება შესაძლებელია დაზიანების გამოკვლევით.