პიროვნული აშლილობები
დაავადების აღწერა
პიროვნული აშლილობა მენტალური აშლილობის ტიპია, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ხანგრძლივი და არაჯანსაღი ფიქრის, ფუნქციონირებისა და ქცევის პროცესები. პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს აქვს პრობლემა სიტუაციის სწორი აღქმის, ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ეს იწვევს ურთიერთობების შეზღუდვებს, სოციალურ პრობლემებს სამსახურსა და სკოლაში.
ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი ვერ ხვდება, რომ პიროვნული აშლილობა აქვს, რადგან მას ფიქრისა და ქცევის მოცემული ფორმა ბუნებრივად მიაჩნია. ასეთ დროს ხშირად სხვებს აბრალებენ შექმნილ პრობლემებს.
პიროვნული აშლილობა ძირითადად მოზარდობის ან ადრეული მოზრდილობის პერიოდში ვლინდება. არსებობს მრავალი ტიპის პიროვნული აშლილობა. ზოგიერთი ტიპი შედარებით ნაკლებად გამოიხატება ამ ასაკში.
გამომწვევი მიზეზი
პიროვნება არის ფიქრების, ემოციებისა და ქცევების კომბინაცია, რომელიც ადამიანს უნიკალურს ხდის. პიროვნება განსაზღვრავს ადამიანის მიერ გარემოს აღქმას, ასევე საკუთარი თავის აღქმას. პიროვნება ბავშვობაში ყალიბდება და იცვლება ორი ფაქტორის ზეგავლენით:
- გენები. გარკვეული პიროვნული თვისებები მემკვიდრდება მშობლებისგან, გენების საშუალებით. ამ თვისებებს ზოგჯერ ტემპერამენტსაც უწოდებენ.
- გარემო. გარემოში იგულისხმება აღზრდის დროს გარშემო არსებული სიტუაციები, მოვლენები, ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და სხვებთან.
პიროვნული აშლილობები გენეტიკისა და გარემოს კომბინაციით ყალიბდება. გენები ადამიანს მეტად განწყობილს ხდის აშლილობის განვითარებისადმი, თუმცა ცხოვრებისეული სიტუაცია ახდენს ზეგავლენას აშლილობის განვითარებაზე.
სიმპტომები
პიროვნული აშლილობის ტიპები კლასიფიცირებულია კლასტერებად–ჯგუფებად, საერთო მახასიათებლების მიხედვითა და სიმპტომატიკით. ბევრ ადამიანს ერთი ტიპის პიროვნული აშლილობის გარდა აღენიშნება სხვა ტიპის აშლილობის რამდენიმე სიმპტომი მაინც.
კლასტერი A
კლასტერი A და მასში გაერთიანებული აშლილობები ხასიათდება უჩვეულო, ექსცენტრიული ფიქრებითა და ქცევით. ამ ჯგუფში შედის პარანოიდული პიროვნული აშლილობა, შიზოიდური აშლილობა, შიზოტიპური აშლილობა. აუცილებელი არ არის ადამიანს ყველა სიმპტომი აღენიშნებოდეს, რათა აშლილობის დიაგნოსტიკა მოხდეს.
პარანოიდული პიროვნული აშლილობა
სხვების მიმართ ნდობის ნაკლებობა, ეჭვიანობა, სხვა მოტივების ძიება
ფიქრი, რომ სხვებს მისთვის ცუდი სურთ და ცდილობენ რამე დაუშავონ
გაუმართლებელი ეჭვები სხვების მიმართ
გარკვეული ინფორმაციის დამალვა, რადგან პაციენტი თვლის, რომ ამ ინფორმაციას სხვები მის წინააღმდეგ გამოიყენებენ
ჩვეულებრივი ნათქვამის ან უსაფრთხო სიტუაციების არასწორად აღქმა, თითქოს სიტუაცია გარკვეულ საფრთხეს შეიცავს
ადვილი გაღიზიანება, გაბრაზება
ფაქტების დამახსოვრება, შურისძიების სურვილი
გაუმართლებელი, ხშირი ეჭვი სქესობრივი პარტნიორის ერთგულების შესახებ
შიზოიდური პიროვნული აშლილობა
ინტერესის ნაკლებობა სოციალური ან პიროვნული ურთიერთობის დამყარებისას, მარტო ყოფნა
ემოციური გამოხატვის შეზღუდვა
სიამოვნების მიღების უუნარობა დადებითი აქტივობებისას
სოციალური გაურკვევლობა
ცივი დამოკიდებულება სხვების მიმართ
სექსის მიმართ დაბალი ინტერესი
შიზოტიპური პიროვნული აშლილობა
უცნაური ჩაცმულობა, ფიქრები, აჩემებები, მეტყველება ან ქცევა
ჰალუცინაციების მსგავსი მოჩვენებები, მაგალითად არარსებული ხმების გაგონება
ემოციების ნაკლებობა, არასწორი ემოციური რეაქციები
სოციალური შფოთვა, დისკომფორტი ახლო ურთიერთობების დროს
არაშესაბამისი, ეჭვით სავსე მოპყრობა
მაგიური ფიქრები– პაციენტის აზრით, ფიქრების საშუალებით სხვების ან მოვლენების კონტროლი შეუძლია
პაციენტი თვლის, რომ გარკვეულ შემთხვევებს დამალული მესიჯები აქვთ, რომლებიც მისთვისაა განკუთვნილი
კლასტერი B
კლასტერი B და მასში შემავალი აშლილობები ხასიათდება დრამატული, ზედმეტად ემოციური ან არაპროგნოზირებადი ფიქრითა და ქცევით. ამ ჯგუფში შედის: ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, ზღვრული პიროვნული აშლილობა, თეატრალური პიროვნული აშლილობა, ნარცისისტული პიროვნული აშლილობა. არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომის დაკმაყოფილება დიაგნოზის გასასაზღვრად.
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა
სხვების გრძნობების ან მოთხოვნილებების უგულებელყოფა
ხშირი ტყუილი, მოპარვა, გამოგონება, სხვებზე დაბრალება
კრიმინალური ქცევა
სხვისი უფლებების ხშირი შელახვა
აგრესიული, ხშირად ძალადობრივი ქცევა
სხვისი უსაფრთხოების უგულებელყოფა
იმპულსურობა
უპასუხისმგებლობა
სინანულის არარსებობა
ზღვრული პიროვნული აშლილობა
იმპულსური, რისკის მატარებელი ქცევა, როგორიცაა დაუცველი სექსი, აზარტული თამაშები, ჭარბი კვება
არასტაბილური თვითშეფასება
არასტაბილური ურთიერთობები
განწყობის ხშირი ცვლილებები, ხშირად სტრესის საპასუხოდ
სუიციდური ფიქრები, თვითდაზიანება
მარტო ყოფნის, მიტოვების შიში
სიცარიელის შეგრძნება
ხშირი, ინტენსიური ბრაზი
სტრესთან დაკავშირებული პარანოია, რომელიც ქრება და ჩნდება
თეატრალური პიროვნული აშლილობა
ყურადღების მოთხოვნილება
ჭარბი ემოცია, დრამატულობა, პროვოკაციული სქესობრივი ქცევა, ყურადღების მოპოვების მიზნით
რადიკალური აზრების გამოთქმა, თუმცა დაუსაბუთებლად
სხვების გარემოცვაში ზეგავლენის ქვეშ მარტივად ექცევა
ზედაპირული, ადვილად შეცვლადი ემოციები
ჭარბი ფიქრები ვიზუალურ მახასიათებლებზე
ურთიერთობებს უფრო ახლოდ აღიქვამს, ვიდრე რეალურად არის
ნარცისისტული პიროვნული აშლილობა
პაციენტი თვლის, რომ უფრო გამორჩეულია, ვიდრე სხვები
აქვს ფანტაზიები ძალაუფლების, წარმატების შესახებ
არ ითვალისწინებს სხვის გრძნობებს და მოთხოვნილებებს
მიღწევების ან ნიჭის გადაჭარბებული აღწერა
ხშირი ქების და დაფასების მოთხოვნა
სხვების უგულებელყოფა
სხვების გამოყენება, ელის დახმარებას სხვებისგან
სხვების შური, ან ფიქრი, რომ სხვებს მისი შურთ
კლასტერი C
კლასტერი C და მასში შემავალი აშლილობები ხასიათდება შფოთვით, შიშით. ეს აშლილობებია: ამრიდებლური პიროვნული აშლილობა, დამოკიდებული პიროვნული აშლილობა და ობსესიურ–კომპულსიური პიროვნული აშლილობა. აუცილებელი არ არის ყველა სიმპტომის გამოვლენა დიაგნოსტიკისათვის.
ამრიდებლური პიროვნული აშლილობა
ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკის ან გარიყვის მიმართ
თვლის, რომ სხვებზე ნაკლებია
თავს არიდებს აქტივობებს, რომლებიც სხვებთან კონტაქტს მოიცავს, თუნდაც სამსახურში
სოციალური ინჰიბირება, იზოლირება, განსაკუთრებით ახალი აქტივობების ან უცხოებთან შეხვედრისას
ზედმეტი სიმორცხვე სოციალურ სიტუაციებში და ურთიერთობებში
გარიყვის, შერცხვენის, დაცინვის შიში
დამოკიდებული პიროვნული აშლილობა
ზედმეტად დამოკიდებულია სხვებზე და ფიქრობს, რომ მიხედვა სჭირდება
მორჩილება სხვების მიმართ
შიში, რომ თავს ვერ მოუვლის, თუ მიატოვებენ
თვითშეფასების ნაკლებობა, თავდაჯერების ნაკლებობა, სჭირდება ხშირი რჩევა, ჩარევა სხვების მიერ მცირე გადაწყვეტილებების დროსაც კი
თავდაჯერების ნაკლებობს გამო ვერ ასრულებს დავალებებს
ყოველთვის ეთანხმება სხვებს, ეშინია, რომ გააკრიტიკებენ
ტოლერანტულია ძალადობის მიმართ, თუნდაც არსებობდეს სხვა გზები
როცა ურთიერთობას ასრულებს ერთ ადამიანთან, სჭირდება სხვასთან ურთიერთობა
ობსესიურ–კომპულსიური პიროვნული აშლილობა
დეტალების მიმართ ზედმეტი ინტერესი, წესების დამორჩილება
პერფექციონიზმი, რომელიც იწვევს დისტრესსა და დისფუნქციას, როცა პერფექციონიზმის მიღწევა შეუძლებელია, მაგალითად როცა გარკვეულ დავალებას ვერ ასრულებს პაციენტი, რადგან მისივე დაწესებულ სტანდარტებს დავალება არასდროს აკმაყოფილებს
სხვების კონტროლის სურვილი, სიტუაციების კონტროლი
მეგობრებისა და სასიამოვნო აქტივობების უგულებელყოფა, რადგან ზედმეტ ყურადღებას აქცევს სამუშაოს დავალებებს
უჭირს გაფუჭებული ნივთების გადაყრა
რიგიდული და ამაყია
აქვს მორალის, ეთიკის, ღირებულებების რადიკალური განსაზღვრა
აკონტროლებს ბიუჯეტს, ფულის ხარჯვას
ობსესიურ–კომპულსიური პიროვნული აშლილობა არ არის იგივე, რაც ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა, რაც შფოთვითი აშლილობის ერთ–ერთი ტიპია.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ პიროვნული აშლილობის სიმპტომები და ნიშნები, მიმართეთ ექიმს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. მკურნალობის გარეშე, პიროვნული აშლილობა იწვევს პრობლემებს ცხოვრებაში და შესაძლოა გაუარესდეს კიდეც.