პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი
დაავადების აღწერა
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი არის ნაღვლის სადინრების დაავადება. ნაღვლის სადინრები მომნელებელ სითხეს – ნაღველს ატარებენ ღვიძლიდან წვრილი ნაწლავის მიმართულებით. პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის დროს, ანთება იწვევს ნაწიბურების გაჩენას ნაღვლის არხებში. ნაწიბურები ავიწროებენ და ამაგრებენ სადინრებს, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში ღვიძლი სერიოზულად ზიანდება.
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტების უმრავლესობაში დაავადება პროგრესირებს ნელ-ნელა და იწვევს ღვბიძლის უკმარისობას, განმეორებით ინფექციებს, ნაღვლის სადინარისა და ღვიძლის სიმსივნეებს. დაავადების ერთადერთი მკურნალობა ღვიძლის ტრანსპლანტაციაა.
დაავადების მკურნალობის გასაუმჯობესებლად კვლევები მიმდინარეობს და მეცნიერები საიმედო შედეგებს აღწევენ. თუმცა უკეთესი სამკურნალო მეთოდების უსაფრთხოების და ეფექტურობის დამტკიცებამდე, პათოლოგიის კონტროლი მოიცავს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგს, სიმპტომების რეგულირებას და თუ შესაძლებელია პროცედურებს, რომლებიც დროებით ხსნიან ნაღვლის დახშობილ სადინარებს.
გამომწვევი მიზეზი
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში, იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე ან რაიმე ტოქსინზე შესაძლოა იყოს დაავადების გამომწვევი.
დაავადების მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ასევე აღინიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება – ტერმინი , რომელიც მოიცავს წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას. პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი და ნაწლავების ანთებითი დაავადება ყოველთვის ერთდროულად არ იჩენენ თავს. ზოგიერთ შემთხვევაში პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი ნაწიალვის ანთებით დაავადებამდე წლებით ადრე ვლინდება. იშვიათ შემთხვევებში, ნაწლავების ანთებითი დაავადების მკურნალობისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ პაციენტს ქოლანგიტიც აქვს. პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტებს ზოგიერთ შემთხვევაში უვითარდებათ ნაწლავების ანთებითი დაავადება მხოლოდ ღვიძლის გადანერგვის შემდგომ.
სიმპტომები
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის დიაგნოზი ხშირად სიმპტომების გამოვლენამდე ისმება სისხლის ანალიზის ან რენტგენის განხილვის დროს სხვა, დაუკავშირებელი დაავადების კვლევისას.
ადრეული სიმპტომები:
- დაღლილობა
- ქავილი
დაავადების დადგენის შემდგომ პაციენტები სიმპტომების განვითარებამდე შესაძლოა თავს კარგად გრძნობდნენ წლების განმავლობაში. თუმცა წინასწარ ძნელია განსაზღვრა, თუ რა სისწრაფით დაიწყებს პროგრესირებას დაავადება ინდივიდში. დაავადების შემდგომი ეტაპების სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში
- სიცხე
- ციება
- ოფლიანობა ღამით
- ღვიძლის გადიდება
- წონაში კლება
- თვალებისა და კანის სიყვითლე
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ძლიერი და მოულოდნელი ქავილი სხეულის დიდ ნაწილზე – ქავილის შეგრზნება, რომელიც ფხანის მიუხედავად არ გადის. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ თავს მუდმივად დაღლილად გრძნობთ.
წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების დროს, აუცილებელია ექიმმა იცოდეს აუხსნელი დაღლილბისა და ქავილის შესახებ. ეს პათოლოგიები ნაწლავების ანთებითი დაავადებების ფორმებია. პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ხოლმე წარმოდგენილი.