პლევრიტი

დაავადების აღწერა

პლევრიტი პლევრის ანთებითი მდგომარეობაა. პლევრა მემბრანული ქსოვილია, რომელიც ამოფენს გულმკერდის ღრუს და ფილტვებს შემოფარგლავს. პლევრიტი იწვევს ბასრ ტკივილს გულმკერდის არეში (პლევრიტული ტკივილი), რომელიც უარესდება ჩასუნთქვის დროს.

მრავალი მდგომარეობაა ასოცირებული პლევრიტთან. პლევრიტის მკურნალობა მოიცავს ტკივილის კონტროლსა და გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას.

გამომწვევი მიზეზი

პლევრა შედგება ორი დიდი ზომის, თხელი შრისაგან. პლევრა ერთმანეთისგან გამოყოფს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს. პლევრის ერთი შრე შემოსაზღვრავს ფილტვების გარე ზედაპირს, ხოლო მეორე შრე ეკვრის გულმკერდის ღრუს შიდა კედელს. ამ ორ შრეს შორის პლევრის ღრუა, რომელიც ნორმაში მხოლოდ მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს. შრეებს შორის სითხე ამცირებს ხახუნს და შედეგად, პლევრა გულმკერდის კედლის მიერ ფილტვებზე წინაღობის შემცირებით საშუალებას იძლევა ფილტვი სუნთქვის დროს თავისუფლად ამოძრავდეს.

პლევრიტი ვითარდება, როცა პლევრა გაღიზიანდება და ანთებით მდგომარეობაშია. შედეგად, პლევრის ორი ფენა ერთმანეთს ეხახუნება, როგორც მშრალი ქაღალდი, რაც იწვევს ტკივილს ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს. პლევრიტით გამოწვეული ტკივილი წყდება, როცა პაციენტი სუნთქვას იკავებს.

პლევრიტის მიზეზებია:

  • ვირუსული ინფექცია, როგორიცაა გრიპი–ინფლუენცა
  • ბაქტერიული ინფექცია, როგორიცაა პნევმონია
  • სოკოვანი ინფექცია
  • რევმატოიდული ართრიტი
  • გარკვეული მედიკამენტები
  • ფილტვის კიბო, რომელიც პლევრასთან ახლოსაა

სიმპტომები

პლევრიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც უარესდება ჩასუნთქვისას, ხველის დროს, ცემინებისას
  • სუნთქვის უკმარისობა, რადგან პაციენტი ცდილობს მინიმალურად იმოძრაოს სუნთქვის დროს
  • ხველა– ზოგიერთ შემთხვევაში
  • ცხელება– ზოგიერთ შემთხვევაში



პლევრიტით გამოწვეული ტკივილი ზოგჯერ ვრცელდება მხარსა და ზურგზეც.

პლევრიტის ზოგიერთ შემთხვევაში, გროვდება სითხე პლევრის ორ მემბრანულ ფენას შორის– პლევრის ღრუში. ამ მდგომარეობას პლევრის ეფუზია ეწოდება. როცა პლევრის ღრუში მცირე სითხეა, პლევრის ტკივილი ქრება, რადგან ფენები ერთმანეთს აღარ ეხებიან. როცა დიდი რაოდენობით სითხეა ჩამდგარი, ვითარდება წნევითი ზეწოლა, რომელმაც შესაძლოა ფილტვის კოლაფსიც კი გამოიწვიოს. ასეთი მდგომარეობის დროს პაციენტს სუნთქვა უჭირს და ახველებს. სითხე შესაზლოა დაინფიცირდეს კიდეც. ამ მდგომარეობას ემპიემა ეწოდება. ემპიემას თან ახლავს ტემპერატურის მატებაც.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ აუხსნელი, ინტენსიური ტკივილი გულმკერდის არეში ჩასუნთქვის დროს.

შესაძლოა პრობლემა ფილტვებში, გულში, პლევრაში იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა დროული სამედიცინო ჩარევა.