პნევმონია

დაავადების აღწერა

პნევმონია ანთებაა, რომელიც სასუნთქ გზებს ცალ ან ორივე ფილტვში ეხება. სასუნთქი გზები ამ დროს შესაძლოა სითხით ან ჩირქით ამოივსოს, რაც იწვევს ნახველის გაჩენას, ხველას, ცხელებას, შეციებას, სუნთქვის გაძნელებას. მრავალი მიკროორგანიზმი, როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი ან სოკო, შესაძლებელია იყოს პასუხისმგებელი პნევმონიის განვითარებაზე.

პნევმონია სიმძიმის მიხედვით მსუბუქი ან სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს. პნევმონია ყველაზე საშიში ახალშობილებსა და ბავშვებშია, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

გამომწვევი მიზეზი

პნევმონიას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს. ყველაზე ხშირია ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია. ორგანიზმი ჩასუნთქული მიკროორგანიზმებისგან ძირითადად იცავს ფილტვებს, მაგრამ ზოგჯერ ბაქტერია ან ვირუსი “ჯობნის” იმუნურ სისტემას, თუნდაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყოს.

პნევმონია კლასიფიცირდება მიკროორგანიზმის ტიპებისა და ინფექციის გავრცელების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საავადმყოფოს გარეთ შეძენილი პნევმონია

საავადმყოფოს გარეთ შეძენილი პნევმონია ყველაზე გავრცელებული ტიპია. ინფიცირება ხდება ხალხმრავალ ადგილებში, ან ნებისმიერ ადგილას, საავადმყოფოს გარდა. გამომწვევი მიზეზებია:

  • ბაქტერია. ბაქტერიული პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზი სტრეპტოკოკია. ამ ტიპის პნევმონია ვითარდება გრიპის ან გაციების შემდეგ. პნევმონია ზოგჯერ ფილტვის ერთ წილს აზიანებს, რასაც წილოვანი პნევმონია ეწოდება.
  • ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმები. მიკოპლაზმა იწვევს პნევმონიას. მიკოპლაზმურ პნევმონიას შედარებით მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე ბაქტერიულს ან ვირუსულს. ამ ტიპის ფილტვების ანთებას მოსიარულე პნევმონია ეწოდება, რადგან იმდენად მძიმე არ არის, რომ პაციენტმა დაწოლა მოისურვოს.
  • ვირუსები. ზოგიერთი ვირუსი, რომელიც გაციებას და გრიპს იწვევს, ასევე იწვევს პნევმონიას. ვირუსი პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზია ბავშვებში 5 წლამდე. ვირუსული პნევმონია ძირითადად მსუბუქია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რთულდება
  • სოკოები. სოკოვანი პნევმონია ხშირია ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებში, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, ან დიდი დოზით ამ მიკროორგანიზმების ინჰალაციის შედეგად. პნევმონიის გამომწვევი სოკო არსებობს ნიადაგში და ფრინველების განავალში.



საავადმყოფოსთან ასოცირებული პნევმონია

ზოგიერთ ადამიანს, საავადმყოფოში სხვა მიზეზით ყოფნის დროს ემართება პნევმონია. ამ ტიპის ანთება ხშირად მძიმეა, რადგან საავადმყოფოში არსებული ბაქტერიები უფრო რეზისტენტულები არიან ანტიბიოტიკებზე. თუ პაციენტი ხელოვნურ, მექანიკურ სუნთქვაზეა, მეტია პნევმონიის განვითარების რისკი.

ჰოსპისებთან ან სხვა დაწესებულებთან ასოცირებული პნევმონია

საავადმყოფოს გარდა, არსებობს ჯანდაცვის გრძელვადიანი დაწესებულებები, როგორიცაა ჰოსპისი ან დიალიზის ცენტრი. ასეთ შემთხვევებშიც, ფილტვების ანთება უფრო მძიმეა, რადგან ბაქტერიები მეტად რეზისტენტულები არიან ანტიბიოტიკურ თერაპიაზე.

ასპირაციული პნევმონია

ასპირაციული პნევმონია ვითარდება, როცა პაციენტს გადაცდება საკვები, სასმელი ან პირნაღები მასა ფილტვებში. ასპირაცია ხშირია, როცა ღებინების რეფლექსი მოდუნებულია, როგორიცაა ტვინის დაზიანების, ყლაპვის დარღვევის ან ალკოჰოლის, ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების დროს.

სიმპტომები

პნევმონიის ნიშნები და სიმპტომები მსუბუქი ან მძიმე შეიძლება იყოს, გააჩნია რა ტიპის ორგანიზმი იწვევს ფილტვების ანთებას, რა ასაკისაა ადამიანი და როგორია მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას, მაგრამ უფრო დიდხანს გრძელდება.

პნევმონიასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხელება, ოფლიანობა, კანკალი, შეციება
  • ხველა, ხშირად ნახველით
  • გულმკერდის ტკივილი ჩასუნთქვის ან ხველის დროს
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან ფაღარათი



ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებს ხშირად ინფექციის ნიშნები არ უვლინდებათ. შესაძლოა განვითარდეს ღებინება, ცხელება, ხველა, მოუსვენრობა, ტირილი, უენერგიობა ან სუნთქვისა და კვების გაძნელება.

65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებსა და ზოგადად, რაიმე დაავადების მატარებელ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ სხეულის ნორმალური ტემპერატურა. მოხუცებში ზოგჯერ მენტალური ცვლილებები ვლინდება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება (39 ან მაღალი), ხანგრძლივი ხველა, განსაკუთრებით ჩირქიანი ნახველის შემთხვევაში.
მაღალი რისკის მქონე პაციენტებია:

  • 2 წლამდე ბავშვები, ნიშნებითა და სიმპტომებით
  • 65 წელს გადაცილებული მოზრდილები
  • იმუნოდეფიციტური პაციენტები, დაავადების მატარებელი პაციენტები
  • ქიმიოთერაპაზე ან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები



მოხუცებში, გულის უკმარისობის ან ფილტვის ქრონიკული პრობლემების პარალელურად, პნევმონია შესაძლოა სწრაფად გახდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.