პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

დაავადების აღწერა

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ხშირი ენდოკრინული დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, აღინიშნება საკვერცხეების გადიდება და ფოლიკულები– მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა. ფოლიკულები ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ორივე საკვერცხეზე ჩანს.

მენსტრუალური ციკლის გაიშვიათება და გახანგრძლივება, თმიანობის მომატება, აკნე, წონის მომატება ასოცირებულია პოლიკისტური საკვერცხის სინდრომთან ქალებში. მოზარდებში, გაიშვიათებული ან გაცდენილი ციკლი იწვევს ეჭვს ამ დაავადების შესახებ.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია. ადრეული სიაგნოზი და მკურნალობა, წონის დაკლებასთან ერთად, დაგეხმარებათ გრძელვადიანი გართულებების პრევენციაში, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:

  • ჭარბი ინსულინი. ინსულინი ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ჯირკვალში და საშუალებას აძლევს უჯრედს, გამოიყენოს გლუკოზა ენერგიის მთავარ წყაროდ. თუ გაქვთ ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა, დაქვეითებულია მისი ფუნქცია და პანკრეასი ცდილობს გამოყოს კიდევ უფრო მეტი ინსულინი, ეფექტის მისაღწევად. ჭარბი ინსულინი გავლენას ახდენს საკვერცხეზეც, რადგან ზრდის ანდროგენების სინთეზს და ხელს უშლის ოვულაციის ნორმალურ მიმდინარეობას.
  • მსუბუქი ანთება. სისხლის თეთრი უჯრედები ებრძვიან ინფექციებს, რის საპსასუხოდაც იწვევენ ანთებით რეაქციებს. კვლევები აჩვენებს, რომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, აღინიშნება მსუბუქი ანთებითი მდგომარეობა, რომელიც საკვერცხეს ასტიმულირებს მეტი ანდროგენების წარმოსაქმნელად.
  • მემკვიდრეობა. თუ თქვენს დედას ან დას აქვს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, თქვენც გაქვთ ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი. მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ გარკვეული გენების კავშირი ამ სინდრომთან.

სიმპტომები

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის სიმპტომები ხშირად მენარქეს (პირველი მენსტრუალური ციკლი) შემდეგ იწყება. ზოგ შემთხვევაში, პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი რეპროდუქციული წლების ბოლოსკენ ვითარდება, მაგალითად წონის მომატებასთან ერთად.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი მრავალი ნიშნით ხასიათდება, რომელსაც ექიმი შეამჩნევს და გამოიკვლევს. სიმპტომებიც საკმაოდ თვალსაჩინოა. სიმპტომები და ნიშნები უარესდება ჭარბი წონის შემთხვევაში. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი განსხვავებულად ვლინდება პაციენტებში.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზი ასოცირდება ამ ფაქტორებთან:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. ეს ყველაზე ხშირი ნიშანია. მაგალითებია: 35 დღეზე უფრო ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლი, წელიწადში 8 ციკლზე ნაკლები, 4 თვის ან მეტის გამოტოვება, შესუსტებული ან გაძლიერებული მენსტრუალური სისხლდენა.
  • მომატებული ანდროგენები. მამაკაცის ჰორმონების, ანდროგენების მომატება ასოცირებულია ფიზიკურ ნიშნებთანაც: თმიანობის გაძლიერება–ჰირსუტიზმი, აკნე, მამაკაცის მსგავსი გამელოტება– ანდროგენული ალოპეცია.
  • პოლიკისტური საკვერცხეები. პოლიკისტური საკვერცხე გადიდებულია და შეიცავს მრავალ, სითხით სავსე ბუშტუკს (ფოლიკულა), რომელიც კვერცხუჯრედს შემოსაზღვრავს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით ან გაწუხებთ უშვილობის პრობლემა. ასევე, საჭიროა კონსულტაცია ანდროგენების მოჭარბების შემთხვევაშიც, რაც ვლინდება თმიანობით, აკნეს გაჩენითა და თავზე თმის ზრდის ტენდენციების ცვლილებით.