პოლიომიელიტი

დაავადების აღწერა

პოლიომიელიტი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე რთული ფორმით პარალიზით ვლინდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ სიკვდილიც.

აშშ–ში, პოლიომიელიტის ბოლო შემთხვევა 1979 წელს დაფიქსირდა. დღესდღეობით, გლობალური კამპანიის მიუხედავად, პოლიომიელიტის ვირუსი კვლავ ემუქრება ბავშვებსა და მოზრდილებს განვითარებად ქვეყნებში.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია პოლიოზე, თუ რომელიმე ედემურ ქვეყანაში აპირებს მოგზაურობას.

თუ გაკეთებული გაქვთ ვაქცინაცია პოლიომიელიტზე და გეგმავთ ასეთ ქვეყანაში მოგზაურობას, უნდა მიიღოთ ბუსტერ–დოზა ინაქტივირებული ვირუსით. ამ ვაქცინის შემდეგ მიღებული იმუნიტეტი მთელი ცხოვრების მანძილზე ძლებს.

გამომწვევი მიზეზი

პოლიომიელიტის ვირუსი მხოლოდ ადამიანებში ვრცელდება და გარემოში გადის დაინფიცირებული ინდივიდის ფეკალიებით. პოლიოვირუსი ვრცელდება ფეკალურ–ორალური გზით, განსაკუთრებით ცუდი სანიტარიის პირობებში.

პოლიოვირუსი შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული წყლითა და საკვებით ან პირდაპირი კონტაქტით დაინფიცირებულ ადამიანთან. პოლიმიელიტი ძალიან ინფექციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი მთელი ოჯახი რისკის ქვეშაა. დაინფიცირებული ადამიანი ვირუსს ფეკალიებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ავრცელებს გარემოში.

სიმპტომები

პოლიომიელიტს შეუძლია პარალიზისა და სიკვდილის გამოწვევა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც ინფიცირდება, არ ავლენს სიმპტომებს და არც იცის, რომ პოლიომიელიტი აქვს გადატანილი.

არაპარალიზური პოლიო

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც პოლიომიელიტის სიმპტომები აღენიშნება, აქვს არაპარალიზური პოლიო– ის ფორმა, რომელიც არ იწვევს პარალიზს. ასეთი ვირუსი იწვევს გრიპის მაგვარ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც სხვა ვირუსულ ინფექციებს წააგავს.

სიმპტომები ძირითადად 1–10 დღის განმავლობაში ვლინდება. ესენია:

  • ცხელება
  • ყელის ანთება
  • თავის ტკივილი
  • ღებინება
  • დაღლილობა
  • წელის ტკივილი ან გაშეშება
  • კისრის ტკივილი ან გაშეშება
  • ტკივილი ან გაშეშება კიდურებში
  • კუნთის სისუსტე ან მტკივნეულობა
  • მენინგიტი



პარალიზური პოლიო

იშვიათად, პოლიოვირუსი იწვევს პარალიზურ პოლიომიელიტს, დაავადების ყველაზე მძიმე ფორმას. პარალიზური პოლიო რამდენიმე ტიპად იყოფა, ორგანიზმის დაზიანებული ნაწილის მიხედვით. ესენია– ზურგის ტვინის (სპინალური პოლიო), ტვინის ღეროს (ბულბარული პოლიო) და ორივეს დაზიანებით მიმდინარე ინფექციები– ბულბოსპინალური პოლიო.

თავდაპირველი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და თავის ტკივილი, ხშირად წააგავს არაპარალიზურ ფორმას. დაახლოებით 1 კვირაში, ნიშნები და სიმპტომები უფრო სპეციფიკურია პარალიზური ტიპისათვის:

  • რეფლექსების დაკარგვა
  • კუნთების ძლიერი ტკივილი და სისუსტე
  • მოდუნებული კიდურები–პარალიზი, ხშირად უარესია ცალ მხარეს



პოსტ–პოლიო სინდრომი

პოსტ–პოლიო (პოლიოს შემდგომი) სინდრომი ნიშნებისა და სიმპტომების ნაკრებია, რომელიც ზოგიერთ ადამიანს პოლიომიელიტის გადატანიდან რამდენიმე წლის, ზოგჯერ 35 წლის შემდეგაც კი ემართებათ. ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • კუნთის ან სახსრის ტკივილი და სისუსტე, რომელიც უარესდება
  • ზოგადი დაღლილობა და მოთენთილობა მინიმალური აქტივობის შემდეგაც კი
  • კუნთების ატროფია
  • სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები
  • ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, მაგალითად ძილის აპნოე
  • სიცივის მიმართ ნაკლები გამძლეობა
  • კოგნიტიური პრობლემები, როგორიცაა კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება
  • დეპრესია, განწყობის ცვლილება



როდის მივმართოთ ექიმს

ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია პოლიოზე, თუ რომელიმე ედემურ ქვეყანაში აპირებს მოგზაურობას. ასეთი ქვეყნები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაშია. იმ ქვეყნებში, სადაც იყენებენ ორალურ პოლიო ვაქცინას (ცოცხალი, მაგრამ დასუსტებული ორგანზმით) მოგზაურისათვის გადადების რისკი (პარალიზური პოლიო) ძალიან დაბალია, მაგრამ ნულს არ უტოლდება.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თქვენს ბავშვს არ აქვს გაკეთებული ვაქცინაცია
  • თქვენს ბავშვს აქვს ალერგიული რეაქცია პოლიოს ვაქცინაზე
  • თქვენს ბავშვს აქვს სხვა სიმპტომები ვაქცინაციის შემდეგ, გარდა: სიწითლე, მტკივნეულობა ვაქცინის ინექციის ადგილას
  • გაქვთ შეკითხვები მოზრდილთა ვაქცინაციის შესახებ
  • გადატანილი გაქვთ პოლიო რამდენიმე წლის წინ და ახლა აღგენიშნათ სისუსტე და დაღლილობა