პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი
დაავადების აღწერა
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი მოიცავს პოტენციურად საშიში სიმპტომებისა და ნიშნების ნაკრებს, რომელიც პოლიომიელიტის გადატანიდან საშუალოდ 30–40 წლის შემდეგ ვითარდება.
პოლიომიელიტი ერთ დროს ძალიან საშიში და გავრცელებული დაავადება იყო, რომელიც იწვევდა პარალიზსა და ტკივილს. პოლიომიელიტით ინფიცირების შემთხვევებმა პიკს 1950–იან წლებში მიაღწია, როცა გამოიგონეს პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვაქცინა და შეწყდა დაავადების გავრცელება.
დღესდღეობით, განვითარებულ ქვეყნებში პოლიომიელიტის შემთხვევები ძალიან მცირეა, ვაქცინის დამსახურებით. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიომიელიტით ახალგაზრდა ასაკში დაავადებული პაციენტების თითქმის ნახევარი განიცდის გარკვეულ ეფექტს მრავალი წლის შემდეგ, რომელსაც პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი ეწოდება.
გამომწვევი მიზეზი
არავინ იცის, ზუსტად რა იწვევს პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის სიმპტომებს ამდენი წლის შემდეგ. დღესდღეობით, ყველაზე მიღებული თეორიის მიხედვით, პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი გამოწვეულია ნერვული უჯრედების დეგენერაციით.
როცა პოლიომიელიტის ვირუსი აღწევს ორგანიზმში, იგი აზიანებს მოტორულ, მამოძრავებელ ნეირონებს, განსაკუთრებით ზურგის ტვინში. მამოძრავებელი ნერვები სიგნალებს ტვინსა და კუნთებს შორის გადასცემენ.
თითოეული ნეირონი შედგება ამ ნაწილებისაგან:
- უჯრედის სხეული
- მთავარი ტოტი– აქსონი
- მრავალი წვრილი ტოტები– დენდრიტები
პოლიოვირუსი ხშირად აზიანებს მამოძრავებელ ნეირონებს. კომპენსაციის მიზნით, რადგან ნეირონების რაოდენობა მცირდება, დარჩენილი ნეირონები იკეთებენ ზედმეტ ტოტებსა და ბოჭკოებს, ხოლო გადარჩენილი ნეირონების ერთეულები ზომაში იმატებს.
ეს იწვევს კუნთების უკეთ მუშაობას, მაგრამ ასევე ვითარდება ზედმეტი სტრესი, დატვირთვა არსებული ნეირონების სხეულებზე, საიდანაც ხდება ახალი ტოტების კვება. წლების განმავლობაში, ეს სტრესი ძაბავს ნეირონს, რაც იწვევს ახალი ტოტების თანდათანობით დაზიანებას და ნეირონის დეგენერაციას.
სიმპტომები
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის ნიშნებია:
- კუნთებისა და სახსრების სისუსტე, ტკივილი
- ზოგადი დაღლილობა, მოთენთილობა, მინიმალური აქტივობის დროსაც
- კუნთების ატროფია
- ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები
- ძილთან დაკავშირებული სუნთქვითი დაავადებები, როგორიცაა ძილის აპნოე
- სიცივის ნაკლები ატანა
უმეტესად, პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი ნელა ვითარდება, ნიშნები და სიმპტომები კი სტაბილური პერიოდებითა და შემდეგ ისევ გამწვავებით ხასიათდება.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ აღგენიშნათ სისუსტე, დაღლილობა, რომელიც თანდათან მძიმდება, მიმართეთ ექიმს. აუცილებელია ყველა სხვა მიზეზის გამორიცხვა, რომელიც მსგავს სიმპტომებსა და ნიშნებს იწვევს. სხვა მიზეზებს, პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომისგან განსხვავებული მკურნალობა აქვს.