პრედიაბეტური მდგომარეობა

დაავადების აღწერა

პრედიაბეტური მდგომარეობის დროს, სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია, თუმცა იმდენად მაღალი არ არის, რომ მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზს შეესაბამებოდეს. ჩარევის გარეშე, პრედიაბეტური მდგომარეობა სავარაუდოდ გადავა დიაბეტში დაახლოებით 10 წელიწადში ან ნაკლებშიც. თუ გაქვთ პრედიაბეტური მდგომარეობა, დიაბეტთან ასოცირებული გრძელვადიანი დაზიანებები, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემაზე, შესაძლოა უკვე დაწყებული იყოს.

თუმცა, პრედიაბეტური მდგომარეობის მიუხედავად, გაქვთ შანსი, გამოასწოროთ ეს პროცესი. პრედიაბეტური მდგომარეობა აუცილებლად არ გადადის დიაბეტში, თუ სწორად იმკურნალებთ.

ცხოვრების სტილის შეცვლით: ჯანსაღი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურად, წონის დაკლება, შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება.

გამომწვევი მიზეზი

პრედიაბეტური მდგომარეობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახური ისტორია და გენეტიკა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს გარკვეული გენები, რომლებიც დაკავშირებულია ინსულინზე რეზისტენტულობასთან. ჭარბი ცხიმი, განსაკუთრებით მუცლის არეში და ინაქტიურობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ცნობილია, რომ პრედიაბეტური მდგომარეობის დროს, ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ მოიხმარს შაქარს– გლუკოზას. შაქრის დაგროვება ხდება სისხლში, იმის მაგივრად რომ გლუკოზა შევიდეს უჯრედებში და მოხმარდეს ენერგიის წარმოქმნას.

გლუკოზის უმეტესი ნაწილი მოდის მიღებული საკვებიდან, განსაკუთრებით ნახშირწყლებით მდიდარი საკვებიდან. ნებისმიერი კერძი, რომელიც ნახშირწყალს შეიცავს, ცვლის შაქრის შემცველობას სისხლში, არამარტო ტკიბილი საკვები.

მონელების დროს, შაქარი გადის სისხლში და ინსულინის დახმარებით შედის ორგანიზმის უჯრედებში, სადაც გამოიყენება ენერგიის წყაროდ.

ინსულინი ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა კუჭის უკან მდებარე ჯირკვლიდან– პანკრეასიდან. როცა იკვებებით, პანკრეასი წარმოქმნის ინსულინს სისხლში. ინსულინი ცირკულირებს და უხსნის გზას გლუკოზას, რათა ის თავისუფლად შევიდეს უჯრედებში.

ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას. როცა ეს ხდება, ინსულინის წარმოქმნა პანკრეასში ასევე შემცირდება.

პრედიაბეტური მდგომარეობის დროს, ეს პროცესი დარღვეულია. უჯრედებში შესვლის მაგივრად, გლუკოზა სისხლში გროვდება. ეს გამოწვეულია პანკრეასში არასაკმარისი ინსულინის გამოყოფით ან უჯრედებში ინსულინის ეფექტის რეზისტენტულობით, შესაძლოა ორივე მექანიზმითაც.

სიმპტომები

ხშირად, პრედიაბეტური მდგომარეობას ნიშნები და სიმპტომები არ აქვს.

ერთი შესაძლო ნიშანი სხეულის გარკვეულ ნაწილებზე კანის გამუქებაა. ამ მდგომარეობას შავი აკანტოზი ეწოდება. შავი აკანტოზი ხშირად გვხვდება სხეულის ამ ნაწილებში: კისერი, იღლიები, მუხლები, ხელები.

პრედიაბეტური მდგომარეობის ან მეორე ტიპის დიაბეტის კლასიკური ნიშნებია:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • ხშირი შარდვა
  • დაღლილობა
  • მხედველობის დაბინდვა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მეორე ტიპის დიაბეტის რომელიმე ნიშანს ან სიმპტომს: გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, მხედველობის ცვლილებები.

კითხეთ ექიმს სისხლში შაქრის დონის სკრინინგ–ტესტის შესახებ, თუ გაქვთ პრედიაბეტური მდგომარეობის რისკ–ფაქტორები, როგორიცაა:

  • ჭარბი წონა, სხეულის მასის ინდექცი 25 და ზემოთ
  • ხართ არააქტიური ფიზიკურად
  • ხართ 45 წლის ან მეტის
  • გაქვთ ოჯახში მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევები
  • ხართ შავკანიანი, ლათინო–ამერიკელი, ამერიკელი–ინდიელი, აზიელი ამერიკელი
  • ორსულობის დროს გქონდათ გესტაციური დიაბეტი ან ბავშვი იწონიდა 4,1 კილოგრამს ან მეტს დაბადებისას
  • გაქვთ საკვერცხის პოლიკისტური სინდრომი– მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, ჭარბი თმიანობითა და სიმსუქნით
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა
  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) კონცენტრაციაა 35 მილიგრამი/დეცილიტრზე ან ნაკლები, ხოლ ტრიგლიცერიდების კონცენტრაციაა 250 მილიგრამი/დეცილიტრზე ან მეტი.