პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა

დაავადების აღწერა

პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა, თავის ტვინის იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს სიარულის, წონასწორობისა და თვალის მოძრაობის სერიოზულ პრობლემებს. დაავადება განპირობებულია იმ უჯრედების ფუნქციის დაქვეითებით, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის მოძრაობასა და აზროვნებას.

პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა უარესდება დროთა განამვლობაში და შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა პნევმონია და ყლაპვის პრობლემები. დაავადება უკურნებელია, შესაბამისად მკურნალობა ფოკუსირდება სიმპტომების დარეგულირებაზე.

გამომწვევი მიზეზი

პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლის მიზეზები უცნობია. სიმპტომები განპირობებულია თავის ტვინის ზოგიერთ არეში უჯრედების ფუნქციის დაქვეითებით. ასეთი არეებია სხეულის მოძრაობის განმაპირობებელი(შუა ტვინი) ნაწილი და აზროვნების განმაპირობებელი ნაწილი(შუბლის წილი).

მკველვარებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის უჯრედების ფუნქციის დაქვეითება დაავადების მქონე პაციენტებში გამოწვეულია არანორმალური ცილა ტაუს დაგროვებით. ტაუს გროვები ნეიროდეგენერაციული დაავადებების მახასიათებელია. ასეთი პათოლოგიაა, მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება.

იშვიათ შემთხვევებში, ავადმყოფობა მემკვიდრულია. თუმცა გენეტიკური კავშირი დაუდგენელია და დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობას პათოლოგია მემკვიდრეობით არ მიუღია.

სიმპტომები

პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • წონასწორობის კარგვა სიარულისას. უკან გადავარდნის და დაცემის შემთხვევები ხშირია დაავადების ადრეულ ეტაპებზე.
  • თვალების სათანადოდ ფოკუსირების უუნარობა. პაციენტს შესაზლოა უჭირდეს ქვემოთ ჩახედვა ან აღენიშნებოდეს ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა.



დაავადების სხვა სიმტპომები შესაძლოა იყოს განსხვავებული და წააგავდეს პარკინსონის დაავადების გამოვლინებებს და დემენციას. პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები უარესდება:

  • დაჭიმულობა და უცნაური მოძრაობები
  • ხშირი დაცემა
  • მეტყველებისა და ყლაპვის პრობლემები
  • სინათლეზე მგრძნობელობა
  • ძილის პრობლემები
  • სასიამოვნო საქმიანობებში ინტერესის კარგვა
  • იმპულსური ქცევა, მაგალითად სიცილი ან ტირილი მიზეზგარეშე
  • მეხსიერების, აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების პრობლემები
  • დეპრესია და შფოთვა
  • შეშინებული ან გაკვირვებული გამომეტყველება, რაც განპირობებულია სახის კუნთების დაჭიმულობით



როდის მივმართოთ ექიმს

პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.