პროსტატის კიბო

დაავადების აღწერა

პროსტატის კიბო ყალიბდება მამაკაცის პროსტატაში, რომელიც არის მცირე ზომის ჯირკვალი. პროსტატაში წარმოიქმნება სათესლე სითხე, რომელიც კვებავს და სპერმას და ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას.

პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეა. პროსტატის კიბო, როგორც წესი, ნელ-ნელა ვითარდება და თავდაპირველად მოთავსებულია მხოლოდ პროსტატის ჯირკვალში, სადაც იგი არ იწვევს სერიოზულ დაზიანებებს. პროსტატის კიბოს ზოგიერთი ფორმა ნელა ვითარდება და შესაძლოა სრულებით არ საჭიროებდეს მკურნალობას, თუმცა არსებობს აგრესიული ტიპებიც, რომლებიც სწრაფად ვრცელდებიან.

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დადგენაც ადრეულ ეტაპებეზე ხდება და მოიცავს მხოლოდ პროსტატას, უფრო კარგი პროგნოზით ხასიათდება. ამ დროს წარმატებული მკურნალობის დიდი შანსია.

გამომწვევი მიზეზი

პროსტატის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ პროსტატის კიბო ვითარდება პროსტატის ზოგიერთი უჯრედის გადაგვარების შედეგად. არანორმალური უჯრედების დნმ-ში არსებული მუტაცია იწვევს უჯრედების უფრო სწრაფ ზრდასა და გაყოფას, ვიდრე ნორმალური უჯრედები. არანორმალური უჯრედები არ კვდებიან განსაზღვრულ დროში ჩვეულებრივი უჯრედების მსგავსად. დაგროვილი არანორმალური უჯრედები აყალიბებენ სიმსივნეს, რომელიც იზრდება და იპყრობს ახლომდებარე ქსოვილებს. ზოგიერთ არანორმალურ უჯრედს შეუძლია მოწყდეს თავდაპირველ ადგილს და გავრცელდეს(მეტასტაზირება) ორგანიზმის სხვა ნაწილებში.

სიმპტომები

ადრეულ ეტაპებზე პროსტატის კიბომ შესაძლოა არ გამოიწვიოს სიმპტომები.

გვიანდელ ეტაპებზე პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომებია:

  • შარდვის გაძნელება
  • შარდის ნაკადის სიძლიერის დაქვეითება
  • სისხლიანი სპერმა
  • დისკომფორტი მენჯის არეში
  • ძვლების ტკივილი
  • ერექციის დისფუნქცია



როდის მივმართოთ ექიმს

საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.