ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი

დაავადების აღწერა

ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი არის კანის გავრცელებული სოკოვანი ინფექცია. სოკო ხელს უშლის კანის ნორმალურ პიგმენტაციას, რაც იწვევს პატარა, ფერშეცვლილ ლაქებს. ეს ლაქები შეიძლება იყოს კანის ფერზე მუქი ან ღია და ყველაზე ხშირად ვითარდება ტორსის და მხრების არეში.

ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი ყველაზე ხშირად უვითარდებათ მოზარდებს და ახალგაზრდა ზრდასრულ ადამიანებს. მზესთან კონტაქტმა შეიძლება ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი უფრო გამოკვეთილი გახადოს. ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი არ არის გადამდები და მტკივნეული, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს ემოციური სტრესი.

ანტიფუნგალური კრემები, მალამოები და შამპუნები გამოიყენება ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზის მკურნალობაში. წარმატებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი კანის ფერი შეიძლება მრავალი კვირის ან თვის განმავლობაში დარჩეს შეცვლილი. ქატოსებრ ნაირფეროვან პიტირიაზს ხშირად ახასიათებს რეციდივები, განსაკუთრებით თბილ, ნესტიან ამინდში.

გამომწვევი მიზეზი

ქატოსებრი ნაირფერი პიტირიაზის გამომწვევი სოკო გვხვდება ჯანმრთელ კანზე. იგი პრობლემებს იწვევს ჭარბი ზრდის შემთხვევაში. სოკოს ზრდას ბევრი ფაქტორი იწვევს, მათ შორის:

  • თბილი, ნესტიანი ამინდი
  • ცხიმიანი კანი
  • ჰორმონული ცვლილებები
  • იმუნური სისტემის დასუსტება

სიმპტომები

ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანის ფერშეცვლილი ლაქები, უფრო ხშირად ზურგზე, მკერდზე, კისერზე და მხრის ზედა ნაწილზე. ლაქები შეიძლება იყოს კანის ნორმალურ ფერზე მუქი ან ღია.
  • ზომიერი ქავილი
  • აქერცვლა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • კანის მდგომარეობა თვითმკურნალობის შედეგად არ გაუმჯობესდება
  • სოკოვანი ინფექცია ხელახლა განვითარდება
  • ლაქები ფარავენ სხეულის დიდ ნაწილს