ქავილი ანალურ არეში

დაავადების აღწერა

ანალური რეგიონის ქავილი ხშირი ჩივილია. ქავილი იწყება ანუსის ან მის გარშემო არეში, ხშირად მწვავეა და მოქავების ძლიერ სურვილს უკავშირდება. ეს ჩივილი დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს.

ანალური რეგიონის ქავილი (პრურიტუს ანი) ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა კანის პრობლემები, ზედმეტად ხშირი დაბანა ან ბუასილი.

თუ ანალური ქავილი ხშირია, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. სწორი მკურნალობითა და რჩევებით პაციენტების უმრავლესობა თავისუფლდება ამ ჩივილისაგან.

გამომწვევი მიზეზი

ანალური რეგიონის ქავილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • კანის გაღიზიანება. ხახუნი და ნოტიო გარემო აღიზიანებს კანის ანალურ რეგიონს. ეს გაღიზიანება კი ზოგჯერ ქავილს იწვევს. საპონის, ტუალეტის ქაღალდისა და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი დანამატები ასევე იწვევენ გაღიზიანებასა და ქავილს. ასეთი პროდუქტების ხშირი გამოყენება ამძაფრებს პრობლემას.
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები. ხშირი ფაღარათი იწვევს ანალურ გაღიზიანებასა და ქავილს. განავლის შეუკავებლობა ასევე ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია.
  • ბუასილი. ბუასილის დროს, გადიდებული ვენები სწორი ნაწლავისა და ანუსის კანქვეშ მდებარეობს. ბუასილის ჩამოყალიბებას ხშირი ჭინთვა და ყაბზობა იწვევს. ანალური ქავილი შესაძლოა იყოს ბუასილის სიმპტომი.
  • ინფექციები. სქესობრივად გადამდები ინფექციები ზოგჯერ ანუსსაც მოიცავს და იწვევს ქავილს. ბავშვებში, ჭიები ხშირად იწვევენ ქავილსა და გაღიზიანებას. იმავე სახლში მცხოვრები მოზრდილები ასევე ჭიების ქონის რისკის ქვეშ არიან. სხვა პარაზიტებიც იწვევენ ქავილს. ასევე სოკოვანი ინფექციები, ძირითადად ქალებში.
  • კანის დაავადებები. ზოგჯერ, ქავილი კონკრეტული კანის დაავადების სიმპტომია, როგორიცაა ფსორიაზი ან კონტაქტური დერმატიტი.
  • ანალური სიმსივნე. იშვიათად, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები იწვევენ ქავილს ანალურ არეში.

სიმპტომები

ანალურ ქავილს შესაძლოა თან ახლდეს წვის ან ტკივილის შეგრძნება. ქავილი და გაღიზიანება შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

როდის მივმართოთ ექიმს
ხშირად, ეს ჩივილი არ საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას, თუმცა მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ქავილი მწვავეა ან 1–2 თვეზე მეტხანს გრძელდება
  • თან ახლავს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
  • ვერ ხვდებით, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ქავილი
  • ხანგრძლივი ქავილი შეიძლება უკავშირდებოდეს კანის დაავადებას ან სხვა პრობლემას, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.