ქავილი კანზე

დაავადების აღწერა

ქავილი ქმნის დისკომფორტს, გამაღიზიანებელ შეგრძნებას. ქავილს ლათინურად პრურიტუსი ეწოდება და ამ სიმპტომს ძირითადად გამონაყარი ან კანის სხვა პათოლოგია იწვევს, როგორიცაა ფსორიაზი ან დერმატიტი. ქავილი სხვა დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს, როგორიცაა ღვიძლის დაავადება ან თირკმლის უკმარისობა.

ქავილის გამომწვევი მიზეზის მიხედვით, კანი ზოგჯერ ნორმალურად გამოიყურება ან შეწითლებული, გამაგრებულია და ახლავს გამონაყარი.

ქავილისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობა. ქავილის მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტები, სველი კომპრესები ან სინათლის თერაპია. სახლის პირობებში იყენებენ ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატებს, იღებენ გრილ შხაპს.

გამომწვევი მიზეზი

ქავილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მშრალი კანი. თუ კანზე ქავილის დროს არ აისახება წითელი ამობურცულობა ან სხვა რაიმე გამონაყარი, მშრალი კანი სავარაუდო მიზეზია. მშრალი კანი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, მშრალი ჰაერი, კონდიცირების ხანგრძლივი გამოყენება, ცენტრალური გათბობა, ხშირი დაბანა.
  • კანის პათოლოგიები და გამონაყარი. კანის მრავალი პათოლოგია იწვევს ქავილს, მათ შორისაა: ეგზემა (დერმატიტი), ფსორიაზი, ტკიპები, ტილები, ჩუტყვავილა, ალერგია. ქავილი ძირითადად სპეციფიკურ ადგილს ეხება და ასოცირებულია კანის შეწითლებასთან და გამონაყართან.
  • შინაგანი დაავადებები. ესენია: ღვიძლის დაავადებები, ცელიაკია, თირკმლის უკმარისობა, რკინადეფიციტური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და კიბო, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა. ქავილი ამ დროს მთელ სხეულს ეხება. კანი ნორმალურად გამოიყურება, მოქავებული ადგილების გარდა.
  • ნერვული დაავადებები. მდგომარეობები, რომლის დროსაც ნერვული სისტემა ზიანდება (გაფანტული სკლეროზი, დიაბეტი, ნერვების კომპრესია, ჰერპეს ზოსტერი) ზოგჯერ იწვევენ ქავილს.
  • გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები – შალი, ქიმიური ნივთიერებები და სხვა გამღიზიანებლები იწვევენ კანის ძლიერ ქავილს. ზოგჯერ ნივთიერება, როგორიცაა ჭინჭარი ან კოსმეტიკა, იწვევს ალერგიულ რეაქციას. ალერგია საკვებზე ასევე სავარაუდო მიზეზია.
  • მედიკამენტები. რეაქციები მედიკამენტებზე, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკები.
  • ფეხმძიმობა. ფეხმძიმობის დროს, ზოგიერთ ქალს უვითარდება ქავილი, განსაკუთრებით მუცელზე, თეძოებზე, მკერდსა და ხელებზე. კანის სხვა პათოლოგიები, მაგ. დერმატიტი შესაძლოა გაუარესდეს ორსულობისას.

სიმპტომები

ქავილი შესაძლოა კანის მცირე მონაკვეთზე გაჩნდეს, მაგ. ცალ ხელზე ან ფეხზე, ან იყოს სისტემური და მოიცვას მთელი სხეული. ქავილის დროს კანზე ზოგჯერ არაფერი აისახება. სხვა დროს, კანისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • შეწითლება
  • ამობურცულობა, ლაქები ან გამონაყარი
  • მშრალი, აქერცლილი კანი
  • ტყავისებრი ტექსტურა



ზოგჯერ ქავილი ხანგრძლივი და ინტენსიურია. როცა იქავებთ, ქავილი იმატებს, ხოლო მომატებული ქავილის გამო, კიდევ უფრო მეტს იქავებთ. ეს პროცესი ქმნის ქავილის სურვილისა და მოქავების ციკლს, რომელიც გადაიზრდება მოქავების გაძლიერებაში და შესაძლოა გართულდეს კანის დაზიანებითა და ინფექციით.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს–დერმატოლოგს, როცა ქავილი:

  • გასტანს ორ კვირაზე მეტს და არ გამოსწორდება სახლის პირობებში მოვლით
  • ძლიერია და ხელს გიშლით ძილში ან სხვა აქტივობებში
  • ვერ აიხსნება დაავადებით
  • ედება მთელ სხეულს
  • თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა გადაღლა, წონის დაკლება, დეფეკაციის ტენდენციების ცვლილებები, მოშარდვის სიხშირის ცვლილება, კანის შეწითლება