ქიარის მალფორმაცია
დაავადების აღწერა
ქიარის მალფორმაცია იშვიათია, მაგრამ სადიაგნოსტიკო კვლევების განვითარების გამო დიაგნოზი უფრო ხშირია.
ქიარის მალფორმაციის პირველი ტიპი ვითარდება, როცა ქალა და ტვინი ზრდის პერიოდშია. შედეგად, ნიშნები და სიმპტომები გვიანდელ ბავშვობამდე ან მოზარდობამდეც კი შესაძლოა არ გამოვლინდეს. ყველაზე ხშირი პედიატრიული ფორმა მეორე ტიპის მალფორმაციაა, რომელიც დაბადებიდან გვხვდება (თანდაყოლილია).
ქიარის მალფორმაციის მკურნალობა დამოკიდებულია ტიპზე, სიმძიმესა და ასოცირებულ სიმპტომებზე. რეგულარული დაკვირვება, მედიკამენტები, ქირურგიული ჩარევა მკურნალობის მეთოდებია. ზოგჯერ, მკურნალობა საჭირო არ არის.
გამომწვევი მიზეზი
მეორე ტიპის ქიარის მალფორმაცია თითქმის ყოველთვის ასოცირებულია მიელომენინგოცელეს განვითარებასთან.
როცა ნათხემი გადაადგილდება ზურგის ტვინში, იგი ხელს უშლის თავზურგტვინის სითხის ნორმალურ მოძრაობას. ეს სითხე ნორმაში იცავს ტვინსა და ზურგის ტვინს.
სითხის არასწორი ცირკულაცია შესაძლოა გართულდეს იმპულსების პათოლოგიური გადაცემით ტვინსა და სხეულს შორის, ან დაგროვდეს სითხე ტვინში ან ზურგის ტვინში.
ასევე, ნათხემის მიერ განვითარებული ზეწოლა ზურგის ტვინსა და ტვინის ღეროზე რთულდება ნეიროლოგიური სიმპტომებითა და ნიშნებით.
სიმპტომები
ექიმები განასხვავებენ ქიარის მალფორმაციის სამ ტიპს. კლასიფიკაცია ეფუძნება გადაადგილებული ქსოვილის ტიპსა და თანმხლებ განვითარების დარღვევებს თავის ტვინსა თუ ზურგის ტვინში.
ქიარის მალფორმაცია ხშირად არ იწვევს სიმპტომებს და მკურნალობა საჭირო არ არის. ამ დროს მდგომარეობის დიაგნოსტიკა ხდება შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისას. თუმცა, ტიპის და სიმძიმის გათვალისწინებით, ქიარის მალფორმაციამ შესაძლოა მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.
ყველაზე ხშირი ტიპებია:
- ტიპი I
- ტიპი II
პირველი ტიპის მალფორმაციის დროს, ნიშნები და სიმპტომები ძირითადად გვიანდელი ბავშვობის ან მოზრდილობის პერიოდში ჩნდება.
მეორე ტიპის მალფორმაცია უმეტესად მუცლადყოფნის პერიოდში გაკეთებული ექოსკოპიით დგინდება. დიაგნოზი შესაძლოა დაბადების შემდგომ ან ადრეული ჩვილობის ასაკშიც დაისვას.
ეს ტიპები ნაკლებად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე იშვიათი პედიატრიული ფორმა– მესამე ტიპი. თუმცა, ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მძიმედ გამოვლინდეს.
ქიარის მალფორმაცია ტიპი I
თავის ძლიერი ტკივილი ქიარის მალფორმაციის კლასიკური სიმპტომია. ტკივილი ძირითადად ხველების, დაცემინების დან გაჭინთვის შემდეგ იწყება. ქიარის პირველი ტიპის მალფორმაციის დროს შესაძლო სიმპტომებია:
- კისრის ტკივილი
- ბალანსის პრობლემები
- ხელის კოორდინაციის პრობლემები
- დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა ხელებსა და ფეხებში
- თავბრუსხვევა
- ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ღებინების, დახრჩობის შეგრძნებით
- მხედველობის პრობლემები (დაბინდული ან გაორებული მხედველობა)
- მეტყველების პრობლემები, ხმის ჩახლეჩა
უფრო იშვიათი ნიშნები და სიმპტომებია:
- შრიალი ყურებში
- სისუსტე
- ნელი გულისცემა
- სქოლიოზი–ხერხემლის გამრუდება, დაკავშირებულია ზურგის ტვინთან
- არასწორი სუნთქვა, როგორიცაა ცენტრალური ძილის აპნოე–ხასიათდება სუნთქვის გაჩერების ეპიზოდებით ძილის დროს
ქიარის მალფორმაცია ტიპი II
მეორე ტიპის მალფორმაციების დროს, უფრო დიდი ზომის ქსოვილია გადაადგილებული ზურგის ტვინში, ვიდრე პირველ ტიპში.
ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ხერხემლის მალფორმაციის–მიელომენინგოცელეს, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს თან მეორე ტიპის ქიარის მალფორმაციას. მიელომენინგოცელეს დროს, ხერხემალი და ზურგის ტვინი არ იხურება ნორმალურად დაბადების შემდეგ.
სიმპტომებია:
- სუნთქვის არასწორი ტენდენციები
- ყლაპვის გაძნელება
- თვალების სწრაფი მოძრაობა ქვემოთ
- სისუსტე ხელებში
ქიარის მალფორმაცია ტიპი III
- ქიარის მალფორმაციის მესამე ტიპი ყველაზე მძიმეა. ამ დროს თავის ტვინის ქვედა უკანა ნაწილი– ნათხემი ან ტვინის ღერო ჩადის ქალას ქვედა ხვრელში. ამ ტიპის ქიარის მალფორმაციის დიაგნოზი ძირითადად დაბადების დროს ან მუცლადყოფნის პერიოდში გაკეთებული ექოსკოპიის საშუალებით ისმება.
- ამ ტიპის მალფორმაციას სიკვდილის დიდი რისკი ახლავს და იწვევს ნეიროლოგიურ პრობლემებს.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სიმპტომები, რომლებსაც უკავშირებთ მალფორმაციას, მიმართეთ ექიმს.
- რადგან ქიარის მალფორმაცია უკავშირდება მრავალ სხვა დაავადებას, სრული სამედიცინო შემოწმება აუცილებელია.