ქოლესტეროლის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტეროლემია)
დაავადების აღწერა
ქოლესტეროლი არის ცვილისებრი ნივთიერება რომელიც გვხვდება სისხლში არსებულ ცხიმებში (ლიპიდებში). ორგანიზმს სჭირდება ქოლესტეროლი ჯანმრთელი უჯრედების წარმოსაქმნელად, თუმცა მის მაღალ შემცვლელობას შეუძლია გაზარდოს გულის დაავადების რისკი.
როდესაც ჭარბი ქოლესტეროლი გაქვთ, არტერიებში შეიძლება განვითარდეს ცხიმოვანი ფოლაქები. საბოლოოდ ეს ფოლაქები ხელს შეუშლის სისხლის დინებას არტერიებში. გულმა შეიძლება ვერ მიიღოს საკმარისი ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, რაც გაზრდის გულის შეტევის რისკს. ტვინში სისხლის მიწოდების შემცირებას შეუძლია ინსულტის გამოწვევა.
ქოლესტეროლის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტეროლემია) შეიძლება გენეტიკური იყოს, თუმცა იგი ხშირად ცხოვრების არაჯანსაღი წესის ბრალია. სწორ კვებას, რეგულარულ ვარჯიშს და ხანდახან მედიკამენტების მიღებას შეუძლია ძლიერ შეამციროს ქოლესტეროლის დონე.
გამომწვევი მიზეზი
ქოლესტოროლი სისხლში ცილების საშუალებით გადაიტანება. ქოლესტეროლის და ცილის კომბინაციას ლიპოპროეინი ეწოდება. თქვენ შეიძლება გსმენიათ სხვადასხვა ტიპის ქოლესტეროლზე, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ქოლესტეროლი გადააქვს ლიპოპროტეინს. ესენია:
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL). იგივე „ცუდი“ ქოლესტეროლი, რომელსაც გადააქვს ქოლესტეროლი ორგანიზმში. LDL გროვდება არტერიების კედლებში და იწვევს მათ გამაგრებას და შევიწროვებას.
- ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (VLDL). ლიპოპროტეინების ეს ტიპი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ტრიგლიცერიდებს, რომლებიც ემაგრება სისხლში ცილას. VLDL ზრდის LDL ქოლესტეროლის ზომას, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. თუ თქვენ იღებთ ქოლესტეროლის შესამცირებელ მედიკამენტებს მაგრამ გაქვთ VLDL მაღალი დონე, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი წამლების დანიშვნა ტრიგლიცერიდების შესამცირებლად.
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL). იგივე „კარგი“ ქოლესტეროლი, იგი იღებს ზედმეტ ქოლესტეროლს და აბრუნებს მას ღვიძლში.
თქვენს მიერ კონტროლირებადი გარემოებები – მაგალითად მცირე აქტიურობა, სიმსუქნე და არაჯანსაღი კვება – არის LDL ქოლესტეროლის მაღალი და HDL ქოლესტეროლის დაბალი დონის მიზეზი. სხვა, თქვენგან დამოუკიდებელმა ფაქტორებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. მაგალითისვის, შეიძლება თქვენმა გენეტიკამ ხელი შეუშალოს უჯრედებს LDL ქოლესტროლის სისხლიდან ეფექტურად მოშორებაში ან გამოიწვიოს ღვიძლის მიერ ჭარბი ქოლესტეროლის წარმოქმნა.
სიმპტომები
ქოლესტეროლის მაღალ დონეს სიმპტომები არ აქვს. მისი აღმოჩენის ერთადერთი მეთოდი სისხლის ანალიზია.
როდის მივმართოთ ექიმს
შეიმოწმეთ ქოლესტეროლის დონე 20 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელში მაინც ჩაიტარეთ ხელახალი გამოკვლევა. თუ თქვენ მონაცემები სასურველ დიაპაზონში არ ჯდება, შეიძლება უფრო ხშირად დაგჭირდეთ ანალიზის ჩატარება. ექიმმა აგრეთვე შეიძლება უფრო ხშირად გირჩიოთ ანალიზის ჩატარება თუ თქვენს ოჯახის წევრებს აქვთ ქოლესტეროლის მაღალი დონე, გულის დაავადები ან თუ თქვენ გაქვთ სხვა რისკ-ფაქტორები, მაგალითად მმოწევა, დიაბეტი ან სისხლის მაღალი წნევა.