ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დაავადების აღწერა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კომპლექსური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს დაღლის ძლიერი შეგრძნება, რომელიც არ აიხსნება სხვა კლინიკური მდგომარეობით. დაღლილობა შესაძლოა გაუარესდეს ფიზიკური ან მენტალური აქტივობით, მაგრამ არ მსუბუქდება მოსვენებით.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს თეორიები ვირუსული ინფექციების ან ფსიქოლოგიური სტრესის შესახებ. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს შესაძლოა ფაქტორთა კომბინაცია იწვევდეს.

არ არსებობს კონკრეტული ტესტი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სადიაგნოსტიკოდ. შესაძლოა დაგჭირდეთ სხვადასხვა სამედიცინო ტესტები,მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებების გამოსარიცხად. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება.

გამომწვევი მიზეზი

მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. შესაძლოა იყოს ფაქტორთა კომბინაცია, რომელიც იმ ადამიანებზე მოქმედებს, რომელთაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ ამ დაავადების მიმართ.

ზოგიერთი შესწავლილი ფაქტორია:

  • ვირუსული ინფექციები. ზოგიერთ პაციენტს ქრონიკული დაღლის სინდრომი ვირუსული ინფექციის შემდეგ უვითარდება, ამიტომ საინტერესოა, იწვევს თუ არა ვირუსი ამ სინდრომს.
  • სავარაუდო ვირუსებია ეფშტეინ–ბარის ვირუსი, ადამიანის ჰერპესვირუსი 6 და თაგვის ლეიკემიის ვირუსი. ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი დამადასტურებელი ინფორმაცია ვირუსებისა და სინდრომის შესახებ.
  • იმუნური სისტემის პრობლემები. ქრონიკული დაღლის სინდრომიან პაციენტებში იმუნური სისტემა მსუბუქად დაქვეითებულია, მაგრამ უცნობია, იწვევს თუ არა ეს დაქვეითება სინდრომს.
  • ჰორმონული დისბალანსი. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაღლა, ასევე ხშირად აქვთ ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დისბალანსი. ამ დისბალანსის ზუსტი მნიშვნელობა ჯერჯერობით უცნობია.

სიმპტომები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ახასიათებს რვა ოფიციალური ნიშანი და სიმპტომი და ერთი ცენტრალური სიმპტომი, რომელიც დაავადების სახელშიც ვლინდება. ესენია:

  • დაღლილობა
  • მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • ყელის ტკივილი
  • გადიდებული ლიმფური კვანძები კისერში ან იღლიებში
  • კუნთების აუხსნელი ტკივილი
  • ტკივილი, რომელიც გადაინაცვლებს ერთი სახსრიდან მეორეზე შესიების ან შეწითლების გარეშე
  • ახალი ტიპის, ტენდენციის ან სიმძიმის თავის ტკივილი
  • ენერგიის ნაკლებობა ძილის შემდეგ
  • ძლიერი დაღლა ფიზიკური ან მენტალური აქტივობის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში



როდის მივმართოთ ექიმს

დაღლილობა მრავალი დაავადების თანხმლები სიმპტომი შეიძლება იყოს, როგორიცაა ინფექციები და ფსიქოლოგიური დარღვევები. ზოგადად, უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაქვთ პერსისტენტული, ჭარბი დაღლილობა.