ქრონიკული დატვირთვის კომპარტმენტული სინდრომი
დაავადების აღწერა
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს კუნთების ქრონიკული დატვირთვის სინდრომი, მაგრამ იგი უფრო ხშირად ათლეტებში გვხვდება, რომლებიც სპორტის აქტიურ სახეობებს მისდევენ, მაგ.: სირბილს, სწრაფ სიარულს. ქრონიკული დატვირთვის სინდრომს ზოგჯერ ქრონიკულ კომპარტმენტულ სინდრომს ან ვარჯიშით გამოწვეულ კომპარტმენტულ სინდრომსაც უწოდებენ.
თუ კონსერვატიული მკურნალობა არ არის საკმარისი ქრონიკული დატვირთვის სინდრომის დროს, ექიმმა შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გირჩიოთ. ქირურგიული ჩარევა საკმაოდ წარმატებულია, იგი ათლეტებს აქტიურ სპორტში დაბრუნების უნარს აძლევს.
გამომწვევი მიზეზი
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბიომექანიკა (როგორ მოძრაობს ადამიანი) ასრულებს გარკვეულ როლს ქრონიკული ტკივილის განვითარებაში. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს კუნთების ზომაში მომატება, უჩვეულოდ სქელი ან არაელასტიური ფასცია, რომელიც კუნთის სეგმენტს შემოსაზღვრავს ან მაღალი წნევა ვენებში (ვენური ჰიპერტენზია).
სიმპტომები
ქრონიკული დატვირთვის კომპარტმენტულ სინდრომს ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- ტკივილი დაზიანებულ ფეხში, ძირითადად ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს კრუნჩხვითი ან წვის შეგრძნება
- დაჭიმულობა დაზიანებულ კიდურში
- დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა დაზიანებულ კიდურში
- დაზიანებული კიდურის სისუსტე
- კიდურის სრული მოდუნება, თუ ფეხის ნერვები დაზიანებულია
- ზოგჯერ, შესიება და გამობერილობა კუნთის თიაქარის გამო
ტკივილი ძირითადად მიყვება განვითარების ამ ტენდენციას:
- ვარჯიშის დაწყებასთან ერთად მალევე გაწუხებთ
- რაც უფრო ხანგრძლივია ვარჯიში, ტკივილი უფრო უარესდება
- ტკივილი ყუჩდება მოსვენებიდან 30 წუთის განმავლობაში
- დროთა განმავლობაში, ტკივილი ვარჯიშის შემდეგ ხანგრძლივდება 1–2 დღესაც კი
- მოსვენება ან სპორტისათვის თავის დანებება გააყუჩებს ტკივილს, მაგრამ მხოლოდ დროებით. როგორც კი განაგრძობთ ფიზიკურ დატვირთვას, იგივე სიმპტომები შეგაწუხებთ.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ აღნიშნავთ უჩვეულო ტკივილს, შესიებას, მგრძნობელობის დაკარგვას ან მტკივნეულობას, რომელიც უკავშირდება ვარჯიშს ან სპორტულ აქტივობებს, ესაუბრეთ ექიმს მაშინვე, რადგან ეს სიმპტომები შესაძლოა გადაუდებელი მკურნალობის ჩვენებაც იყოს. არ ეცადოთ, ივარჯიშოთ ტკივილის მიუხედავად, რადგან ეს შესაძლოა კუნთის ან ნერვის მუდმივ დაზიანებაში გადაიზარდოს, რაც სპორტის გაგრძელების შანსს გიმცირებთ.
- ზოგჯერ ქრონიკული დატვირთვის კომპარტმენტული სინდრომი წვივის ძვლების ზედმეტი დატვირთვის გამო გამოწვეულ ტკივილში ერევათ, რაც უფრო ხშირად იწვევს ფეხის ტკივილს იმ ადამიანებში, რომლებიც მისდევენ აქტიურ სპორტს, მაგ.: სირბილს.