ქრონიკული გამონაყარი–ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

დაავადების აღწერა

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) კანის რეაქციაა, რომელიც ვლინდება თეთრი ან წითელი, ზედაპირიდან მცირედ წამოწეული გამონაყრით, ახლავს ქავილი. ლაქები განსხვავდება ზომით და ქრება და ჩნდება რეაქციის განვითარებასთან ერთად.

ქრონიკული ურტიკარია მდგომარეობაა, რომლის დროსაც გამონაყარი გასტანს 6 კვირაზე მეტს და ჩნდება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში რამდენჯერმე. ქრონიკული ურტიკარია სიცოცხლისათვის საშიში თითქმის არ არის,მაგრამ ეს დაავადება ქმნის დისკომფორტს და ხელს უშლის ძილისა და ყოველდღიური აქტივობების ნორმალურ მიმდინარეობას.

ხშირად, ქრონიკული ურტიკარიის მიზეზები უცნობია. ზოგიერთ შემთხვევაში, ქრონიკული ურტიკარია სხვა დაავადების ნიშანია, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ან მგლურა.

შეგიძლიათ სცადოთ მკურნალობის სხვადასხვა ხერხი, სიმპტომების შესამსუბუქებლად. პაციენტების უმეტესობას, ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) და ქავილის საწინააღმდეგო მედიკამენტები ეხმარება.

ქრონიკული ურტიკარია ჭინჭრის ციების სახელითაცაა ცნობილი.

გამომწვევი მიზეზი

გამონაყარი ჩნდება, როცა გარკვეული უჯრედები გამოათავისუფლებენ ჰისტამინსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს სისხლში.

ექიმები ხშირად ვერ ადგენენ, რა იწვევს კანის ამ რეაქციას ან რატომ გადაიზრდება იგი ზოგჯერ ქრონიკულ ხანგრძლივ დაავადებაში. კანის რეაქციას შესაძლოა იწვევდეს:

  • ტკივილგამაყუჩებლები
  • მწერები, პარაზიტები
  • ინფექცია
  • მოქავება
  • სითბო ან სიცივე
  • სტრესი
  • მზის სხივები
  • ვარჯიში
  • ალკოჰოლი, საკვები ან დანამატები
  • ზეწოლა კანზე, მაგალითად ვიწრო კორსეტი

სიმპტომები

ქრონიკული ურტიკარიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • წითელი ან თეთრი, ზედაპირიდან მცირედ წამოწეული ლაქების ჯგუფები, ძირითადად სახეზე, ტანზე, ხელებზე ან ფეხებზე
  • ლაქები განსხვავდება ზომით, იცვლის ფორმას, ქრება და ჩნდება რეაქციის განვითარებასთან ერთად
  • ქავილი, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ძლიერიც იყოს
  • შეშუპება, რომელიც იწვევს ტკივილს ან წვას (ანგიოედემა), ძირითადად ყელსა და თვალების, ტუჩების ხელების, ფეხების, გენიტალიების გარშემო.
  • სიმპტომები უარესდება სითბოში, ვარჯიშის შემდეგ და სტრესის დროს.
  • სიმპტომები მეორდება ხშირად (ზოგჯერ თვეები ან წლები) და რთულია პროგნოზირება.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • ძლიერი გამონაყარი
  • გამონაყარი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება
  • გამონაყარი, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს



მოითხოვეთ გადაუდებელი დახმარება, თუ:

  • გაქვთ თავბრუსხვევის შეგრძნება
  • გაქვთ დაჭიმულობის შეგრძნება გულმკერდის არეში ან გიჭირთ სუნთქვა
  • გრძნობთ, რომ გიშუპდებათ ენა ან ყელი