ქრონიკული ხველა

დაავადების აღწერა

ქრონიკული ხველა უბრალო დისკომფროტზე მეტ პრობლემებსაც ქმნის. ხველამ შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა და დაღლილობა. ქრონიკული ხველის მძიმე შემთხვევები იწვევს ღებინებას, თავბრუსხვევას, დეპრესიასა და ზოგჯერ ნეკნების მოტეხილობასაც კი.

ქრონიკული ხველა განმარტებულია, როგორც ხველა, რომელიც გასტანს 8 კვირას ან მეტს მოზრდილებში, ან 4 კვირას ბავშვებში.

ზოგჯერ რთულია ხველის გამომწვევი პრობლემის პოვნა, მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი თამბაქოს მოხმარება, ცხვირის ღრუდან ზედმეტი ლორწოს გადასვლა, ასთმა და მჟავას რეგურგიტაციაა–კუჭიდან მჟავას ამოსვლა, რომელიც აღიზიანებს ხახას. ქრონიკული ხველა ძირითადად ქრება, როცა პრობლემა გვარდება.

გამომწვევი მიზეზი

იშვიათად დახველება ნორმალურია. ხველა გვეხმარება სეკრეციებისა და ნივთიერებების თავიდან მოშორებაში, რაც ინფექციის პრევენციას ახდენს. ხველა, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირას, ძირითადად უკავშირდება სხვა პრობლემას. ხშირად, ასეთ ხველას ერთზე მეტი გამომწვევი მიზეზი აქვს.

ძირითადი, ხშირი მიზეზები

  • ცხვირის ღრუდან ლორწოს გადმოსვლა. როცა ცხვირის ღრუ ან სინუსები წარმოქმნიან ჭარბ ლორწოს, იგი ხახის უკანა ნაწილში ჩაედინება და იწვევს ხველის რეფლექსის გააქტიურებას. ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია, როგორც ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი.
  • ასთმა. ასთმასთან დაკავშირებული ხველა შესაძლოა სეზონურად გაქრეს ან გაჩნდეს, გამოვლინდეს ინფექციის გამო ან გართულდეს ცივ ჰაერთან კონტაქტის ან სხვა ნივთიერებების გამო. ასთმის ერთ–ერთ ტიპში, ხველა მთავარი სიმპტომია.
  • გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება. ამ გავრცელებული მდგომარეობის დროს, კუჭის მჟავა უკან ადის საყლაპავში და აღიზიანებს ხახას. ეს იწვევს ხველსის რეფლექსს. ხველა კი აუარესებს რეფლუქსს, რითაც იქმნება მანკიერი წრე.
  • კვლევებმა აჩვენეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ქრონიკული ხველის შემთხვევათა 90% ში გვხვდება.



სხვა მიზეზები

  • ინფექციები. ხველა შეიძლება შემორჩეს კიდევ დიდხანს, მას შემდეგ, რაც გაციების, გრიპის ან პნევმონიის სიმპტომები გაივლის. მოზრდილებში ქრონკული ხველის არცთუ ისე იშვიათი გამომწვევი მიზეზი ყივანახველაა.
  • არტერიული წნევის საკონტროლო მედიკამენტები. ანგიოტენსინ–მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები, რომლებიც ხშირად გამოიყენება წნევის ან გულის უკმარისობის დროს, იწვევენ ქრონიკულ ხველას ზოგიერთ პაციენტში.
  • ქრონიკული ბრონქიტი. ეს ხანგრძლივი ანთებითი მდგომარეობა ძირითად სასუნთ გზებში (ბრონქებში) იწვევს სუნთქვის უკმარისობას, სტვენით სუნთქვას, ხველას, რომელსაც ფერშეცვლილი ნახველიც ახლავს თან. პაციენტების უმეტესობა ყოფილი მწეველია ან ახლაც მოიხმარს თამბაქოს.



შედარებით იშვიათი მიზეზები

  • ასპირაცია
  • ბრონქიექტაზია
  • ბრონქიოლიტი
  • ქრონიკული ბრონქიტი ინფექციის გამო
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
  • კისტური ფიბროზი
  • უცხო სხეულის ასპირაცია–ბავშვებში
  • ლარიგოფარინგიული რეფლუქსი
  • ფილტვის კიბო
  • არაასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი
  • სარკოიდოზი

სიმპტომები

ქრონიკულ ხველას შეიძლება თან ახლდეს სხვა სიმპტომები და ნიშნები:

  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი
  • შეგრძნება, რომ სითხე მოძრაობს ხახაში
  • ყელის ტკივილი, ანთება
  • ხმის ჩახლეჩა
  • სტვენითი სუნთქვა და სუნთქვის უკმარისობა
  • გულძმარვა ან მჟავე გემო პირში
  • იშვიათად, სისხლიანი ნახველი



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ხველა გასტანს რამდენიმე კვირას, განსაკუთრებით თუ ნახველში სისხლია, გაქვთ უძილობა ან ხელი გეშლებათ ხველის გამო.