ქრონიკული სინუსიტი
დაავადების აღწერა
ქრონიკული სინუსიტი ხშირი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც ცხვირის ღრუს გარშემო მდებარე ღრუები (სინუსები) ანთებით მდგომარეობაშია და შესიებულია 8 კვირას ან მეტხანს, მკურნალობის მიუხედავად.
ქრონიკული სინუსიტი (რინოსინუსიტი) ხელს უშლის ღრუში ლორწოს თავისუფალ დინებას და იწვევს მის დაგროვებას. თუ გაქვთ ქრონიკული სინუსიტი, შესაძლოა გიჭირდეთ ცხვირით სუნთქვა. სახე და თვალების გარშემო ადგილები შესაძლოა შესიებული იყოს და თან ახლდეს ბასრი ტკივილი სახეზე ან თავის ტკივილი.
ქრონიკული სინუსიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, ცხვირის ღრუს პოლიპებით ან ცხვირის ძგიდის გამრუდებით. ქრონიკული სინუსიტი ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუა ასაკის მოზრდილებს ეხება, მაგრამ შესაძლოა ბავშვებშიც შეგვხვდეს.
გამომწვევი მიზეზი
ქრონიკული სინუსიტის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- ცხვირის ღრუს პოლიპები. ეს ქსოვილოვანი წანაზარდები ზოგჯერ ბლოკავს ღრუების განვლადობას.
- ალერგიული რეაქციები. ალერგენებს შორისაა სოკოვანი ინფექციები.
- ცხვირის ძგიდის გამრუდება. გამრუდებული ძგიდე (ნესტოებს შორის კედელი) არღვევს ღრუების განვლადობას.
- სახის ტრავმა. სახის ძვლის მოტეხილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრუების დაბლოკვა.
- სხვა სამედიცინო მდგომარეობები: კისტური ფიბროზის გართულება, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი, აივ/შიდსი და სხვა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები.
- სასუნთქი გზების ინფექციები– ყველაზე ხშირად, გაციება, იწვევს ანთებასა და ლორწოს გასქელებას, ლორწოს დინების დაბლოკვას და ბაქტერიის ზრდისათვის კარგი პირობების შექმნას. ინფექცია შესაძლოა იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი.
- ალერგიები. ალერგიასთან ასოცირებული ანთებითი მდგომარეობა ხელს უშლის ღრუების დაცლას.
- იმუნური სისტემის უჯრედები. ზოგიერთი დაავადების დროს, იმუნური უჯრედები–ეოზინოფილები იწვევენ ღრუების (სინუსების) ანთებას.
სიმპტომები
ქრონიკული და მწვავე სინუსიტი მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, მაგრამ მწვავე სინუსიტი დროებითი ინფექციაა და ძირითადად გაციების დროს გვხვდება. ჩამოთვლილი ნიშნებიდან ორი მაინც უნდა აწუხებდეს პაციენტს ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზის დასასმელად:
- სქელი, ყვითელი ან მომწვანო გამონადენი ცხვირიდან ან ხახიდან
- ცხვირის ღრუს დაცობა, ცხვირით სუნთქვის გართულება
- ტკივილი, მტკივნეულობა, შესიება თვალებს გარშემო, ლოყებზე, ცხვირზე ან შუბლზე
- სუნისა და გემოს აღქმის უნარის დაქვეითება
სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი
- ზედა ყბისა და კბილების ტკივილი
- ხველა, რომელიც შესაძლოა გაუარესდეს ღამით
- ყელის ტკივილი
- ცუდი სუნი ამოსუნთქვისას (ჰალიტოზი)
- დაღლილობა ან გაღიზიანებადობა
- გულისრევის შეგრძნება
ქრონიკული სინუსიტის ნიშნები და სიმპტომები გავს მწვავე სინუსიტს, გარდა ხანგრძლივობის და მნიშვნელოვანი დაღლილობის გამოვლენისა. სიცხე არ არის ქრონიკული სინუსიტის ხშირი ნიშანი, თუმცა გვხვდება მწვავე სინუსიტში.
როდის მივმართოთ ექიმს
შესაძლოა გქონდეთ მწვავე სინუსიტის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც 4 კვირაზე ნაკლებს გასტანს, სანამ ჩამოყალიბდება ქრონიკული ფორმა. შესაძლოა მიმართოთ ალერგოლოგს ან ოტორინოლარენგოლოგს (ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი) კონსულტაციისათვის.
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:
- სინუსიტი რამდენჯერმე გქონდათ, მკურნალობას არ ექვემდებარება
- სინუსიტის სიმპტომები 7 დღეზე მეტია გაქვთ
- სიმპტომები არ გაუმჯობესდა ექიმთან ვიზიტის შემდეგ
მიმართეთ ექიმს მაშინვე, როცა სიმპტომები მიანიშნებს უფრო მძიმე ინფექციაზე:
- ტკივილი ან შეშუპება თვალებს გარშემო
- შესიებული შუბლი
- ძლიერი თავის ტკივილი
- დაბნეულობა
- გაორებული ხედვა და მხედველობის სხვა ცვლილებები
- კისრის გაშეშება
- სუნთქვის უკმარისობა