ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში (ქალებში)
დაავადების აღწერა
ტკივილი მენჯის არეში ძირითადად ვრცელდება მუცლის ყველაზე ქვემოთა რეგიონსა და მენჯის შესაბამის არეზე. როცა პაციენტს ეკითხებიან, მიუთითოს მტკივნეულ ადგილზე, იგი ძირითადად დიდ რეგიონზე მიუთითებს, და არა კონკრეტულ ადგილას. ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში გრძელდება 6 თვეს ან მეტს.
ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში შესაძლოა იყოს სხვა დაავადების სიმპტომი, ან თავად იყოს დაავადება. გამომწვევი მიზეზის პოვნა ზოგჯერ რთულია. თუ ტკივილის წყარო ნაპოვნია, მკურნალობა მიზნად ისახავს თავდაპირველი პრობლემის მოგვარებას.
ზოგიერთ ქალს ტკივილის ამხსნელი კონკრეტული დიაგნოზი არ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილი არარეალურია და მკურნალობა არაა შესაძლებელი. თუ მიზეზი ვერ იპოვეს, მკურნალობა მხოლოდ ტკივილზე ფოკუსირებს.
გამომწვევი მიზეზი
რამდენიმე მდგომარეობა ან დაავადება შესაძლოა იყოს ტკივილის მიზეზი. ზოგჯერ, ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში უმიზეზოდ ჩნდება და არ აქვს კონკრეტული გამომწვევი ეტიოლოგია. ასევე, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია ტკივილის განხილვისას. ემოციური სტრესი, რომელიც მოყვება ტკივილს, ზოგჯერ აუარესებს მთავარ სიმპტომს.
ქრონიკული ტკივილის მიზეზები შესაძლოა იყოს:
- ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზის დროს, საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს გარეთ. ეს გროვები მენსტრუალურ ციკლს გადის, როგორც საშვილოსნოში, ასევე მის გარეთ. გროვა სქელდება, იშლება და ხდება სისხლდენა ყოველ თვეს, ჰორმონების ცვლილებების შესაბამისად. რადგანაც ეს პროცესი საშვილოსნოს გარეთა გროვებშიც ხდება, სისხლი ვერ გამოდის ვაგინალური გზით და რჩება მუცლის ღრუში, სადაც იწვევს მტკივნეული კისტების გაჩენასა და ფიბროზულ ნაწიბურებს.
- მენჯის კუნთების დაჭიმვა. სპაზმები ან დაჭიმულობა მენჯის კუნთებში შესაძლოა გახდეს ტკივილის მიზეზი.
- ქრონიკული მენჯის ანთებითი დაავადება. ეს მდგომარეობა ხანგრძლივი ინფექციის შედეგია, ხშირად ინფექცია სქესობრივად გადამდებია და იწვევს ნაწიბურების გაჩენას მენჯის ღრუს ორგანოებში.
- საკვერცხის ნარჩენი. როცა ჩატარებულია სრული ჰისტერექტომია (საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და ფალოპის მილაკების ამოკვეთა), შესაძლოა შემთხვევით დარჩეს საკვერცხის მცირე ნაწილი მენჯის ღრუში, რაც მტკივნეულ კისტებს ჩამოაყალიბებს.
- ფიბრომები. ეს კეთილთვისებიანი წანაზარდები საშვილოსნოში ზოგჯერ აწვება ქსოვილებს, რაც ქმნის სისავსის შეგრძნებას მუცლის ქვედა არეში. ფიბრომა იშვიათად იწვევს ბასრ ტკივილს, თუმცა ასეც შეიძლება მოხდეს თუ შეწყდება მისი სისხლმომარაგება და დაიწყება ნეკროზი.
- ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი. ამ მდგომარეობასთან ასოცირებული სიმპტომები– შებერილობა, ყაბზობა, დიარეა, შესაძლოა გახდეს მენჯის ტკივილის მიზეზი.
- შარდის ბუშტის მტკივნეულობის სინდრომი (ინტერსტიციული ცისტიტი). ეს მდგომარეობა ასოცირებულია ქრონიკულ ანთებასთან, რაც იწვევს მოშარდვის ხშირ სურვილს. მენჯის ტკივილი შესაძლოა დაიწყოს შარდის ბუშტის ავსებასთან ერთად, რომელიც გაივლის ბუშტის დაცლის შემდეგ.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები. დეპრესია, ქრონიკული სტრესი და სქესობრივი ძალადობის ისტორია შესაძლოა გახდეს ტკივილის განვითარების რისკ–ფაქტორი.ემოციური დისტრესი ტკივილს აუარესებს, ტკივილი კი თავად აუარესებს ემოციურ ფონს. ეს ორი ფაქტორი ქმნის მანკიერ წრეს.
- მენჯის ღრუს სისავსის სინდრომი. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ გადიდებული, ვარიკოზული ვენები საშვილოსნოსა და საკვერცხის გარშემო იწვევს ტკივილს. თუმცა, ქალების უმრავლესობას, ვისაც ვენების გადიდება ახასიათებთ, არ აღენიშნებათ ქრონიკული ტკივილი, რაც ამ ვარაუდს არ ადასტურებს.
სიმპტომები
ქრონიკულ ტკივილს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი
- ტკივილი, რომელიც ქრება და ჩნდება (ხანგამოშვებითი)
- ყრუ ტკივილი, მტკივნეულობა
- ბასრი ტკივილი ან კრუნჩხვითი შეგრძნება
- წნევის ან სიმძიმის შეგრძნება მენჯის არეში
დამატებით, შესაძლოა აღინიშნოს:
- ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
- ტკივილი დეფეკაციის ან მოშარდვის დროს
- ტკივილი ხანგრძლივი ჯდომის გამო
- დისკომფორტი შესაძლოა გამწვავდეს დიდი ხნის განმავლობაში დგომის გამო და შემსუბუქდეს წოლით მდგომარეობაში. ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი, უბრალოდ გამაღიზიანებელი, ან იმდენად ძლიერი, რომ ხელი გეშლებათ მუშაობაში, ძილში ან ვარჯიშში.
როდის მივმართოთ ექიმს
ქრონიკული ტკივილის პრობლემის დროს, რთულია გადაწყვეტა, როდის მიმართოთ ექიმს. ზოგადად, უნდა დაგეგმოთ ვიზიტი ექიმთან, თუ ტკივილი ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში ან სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება.