ქუნთრუშა

დაავადების აღწერა

ქუნთრუშა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის მქონე ზოგიერთ ადამიანში. ქუნთრუშა ასევე ცნობილია, როგორც სკარლატინა. ქუნთრუშა იწვევს ღია წითელ გამონაყარს, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება. ასევე ვლინდება მაღალი სიცხე და ყელის ანთება.

ქუნთრუშა ყველაზე ხშირად 5–15 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ქუნთრუშა საშიშ დაავადებად ითვლებოდა, ანტიბიოტიკების წყალობით იგი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. მკურნალობის გარეშე, ქუნთრუშა შესაძლოა გართულდეს და დააზიანოს გული, თირკმელები და სხვა ორგანოები.

გამომწვევი მიზეზი

ქუნთრუშა გამოწვეულია იმავე ბაქტერიით, რომელიც იწვევს სტრეპტოკოკურ ყელის ანთებას. ქუნთრუშას დროს, ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომლის ეფექტიც ვლინდება გამონაყრითა და ენის სიწითლით.

ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის ხველების ან ცემინების შედეგად გამოყოფილი ჰაეროვანი ნაწილაკებით. ინკუბაციის პერიოდი– დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე, ძირითადად 2–4 დღეა.

სიმპტომები

ქუნთრუშას ნიშნები და სიმპტომებია:

  • ღია წითელი გამონაყარი. გამონაყარი გავს დამწვრობას, კანი გამომშრალი, ქვიშისებრია. გამონაყარი ტიპიურად იწყება სახეზე ან კისერზე და ვრცელდება ტანზე, კიდურებზე. თუ გამონაყარზე ზეწოლას განახორციელებთ, კანი გაფერმკრთალდება.
  • წითელი ხაზები. კანის ნაკეცები საზარდულში, იღლიებში, იდაყვებზე, მუხლებსა და კისერში ძირითადად უფრო მუქი წითელია, ვიდრე გამონაყარი სხვაგან.
  • სახის წამოწითლება. სახე წითელია, პირის გარშემო კი ფერმკრთალია.
  • მარწყვისებრი ენა. ენა წითელია და ამობურცულობებითაა დაფარული, დაავადების დასაწყისში ენაზე თეთრი ნადებია.



გამონაყარი, სახის სიწითლე და ენის სიწითლე ძირითადად 1 კვირას გასტანს. ამ ნიშნებისა და სიმპტომების ალაგების შემდეგ, კანი ხშირად აიქერცლება. ქუნთრუშას სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიცხე, 38,3 ან მეტი, ხშირად შეციებებით
  • ყელის ანთება, ტკივილი, სიწითლე, ზოგჯერ თეთრი ან მოყვითალო ლაქებით
  • ყლაპვის გაძნელება
  • ჯირკვლების გადიდება კისერში– ლიმფური კვანძები, შეხებისას მტკივნეულია
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • თავის ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ყელის ტკივილი და:

  • სიცხე, 38,9 ან მეტი
  • შესიებული ლიმფური კვანძები კისერში
  • წითელი ფერის გამონაყარი