რეინოს დაავადება

დაავადების აღწერა

რეინოს დაავადება იწვევს სხეულის გარვეული ნაწილების, როგორიცაა ხელის თითები ან ფეხის თითები, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებას, სიცივის ან სტრესის პირობებში. რეინოს დაავადების დროს, მცირე ზომის არტერიები, რომლებიც თითებს ამარაგებენ, ვიწროვდებიან და ვითარდება ვაზოსპაზმი.

რეინოს დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. რეინოს დაავადებას რეინოს ფენომენის ან რეინოს სინდრომის სახელითაც მოიხსენიებენ. რეინოს დაავადება ხშირია ადამიანებში, რომლებიც სიცივეში ცხოვრობენ.

რეინოს დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია სიმძიმეზე და თანმხლებ დაავადებებზე. უმეტესად, რეინოს დაავადება მძიმე არ არის, მაგრამ შესაძლებელია გამოიწვიოს დისკომფორტი.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს რეინოს დაავადებას, მაგრამ თითების სისხლძარღვები ამ დროს ზედმეტად რეაგირებენ დაბალ ტემპერატურასა და სტრესზე.

ვაზოსპაზმი

რეინოს დაავადების დროს, თითების მომმარაგებელი არტერიები განიცდიან ვაზოსპაზმს სიცივისა და სტრესის ზემოქმედების ქვეშ. სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიწოდება იკლებს. დროთა განმავლობაში, ეს არტერიები შეიძლება გასქელდეს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სისხლის მიწოდების საკითხს.

დაბალი ტემპერატურა ყველაზე ხშირად იწვევს შეტევის განვითარებას. ცივ წყალში თითების მოხვედრა, საყინულიდან ნივთების ამოღება ან ცივი ჰაერი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია. ზოგიერთ პაციენტში, ემოციური სტრესი იწვევს რეინოს დაავადების შეტევას.

პირველადი და მეორეული მდგომარეობა

არსებობს მდგომარეობის ორი ტიპი.

პირველადი. პირველად ტიპს რეინოს დაავადება ეწოდება და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. რეინოს დაავადებას არ ახლავს თან რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ვაზოსპაზმის გამოწვევა.

მეორეული. მეორეულ ტიპს რეინოს ფენომენი ეწოდება და გამოწვეულია სხვა დაავადებით. მეორეული რეინოს ფენომენი უფრო იშვიათია, ვიდრე რეინოს დაავადება, მაგრამ ხშირად უფრო მძიმეა. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად უფრო მოგვიანებით, 40 წლის ასაკისათვის გამოვლინდება, შედარებით პირველად ფორმასთან.

რეინოს ფენომენის გამომწვევი მიზეზებია:

  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. პაციენტთა უმეტესობას, რომელთაც აქვთ კანის გასქელებისა და დანაწიბურების დაავადება– სკლეროდერმა, ასევე აღენიშნებათ რეინოს ფენომენი. სხვა დაავადებებია: მგლურა, რევმატოიდული ართრიტი და შოგრენის სინდრომი.
  • არტერიების დაავადებები. რეინოს ფენომენი შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიების სხვადასხვა პათოლოგიებთან, როგორიცაა ფოლაქების დაგროვება სისხლძარღვებში– ათეროსკლეროზი ან კიდურების არტერიების ანთებითი მდგომარეობა– ბერგერის დაავადება. სისხლის მაღალი წნევა, რომელიც ეხება ფილტვის არტერიებს– ფილტვის პირველადი ჰიპერტენზია შესაძლოა იყოს დაკავშირებული რეინოსთან.
  • მაჯის გვირაბის სინდრომი. ამ დროს ვითარდება ზეწოლა მაჯის მთავარ ნერვზე, რაც იწვევს დაბუჟებას და ტკივილს ხელში. ხელი ამ დროს მეტად სენსიტიურია სიცივისადმი და ვითარდება რეინოს ეპიზოდები.
  • განმეორებითი მოძრაობა ან ვიბრაცია. კლავიატურაზე ხშირი აკრეფა, ფორტეპიანო და მსგავსი აქტივობები, ასევე ვიბრაციულ ტექნიკაზე მუშაობა ასოცირებულია რეინოს ფენომენის მაღალ რისკთან.
  • მოწევა. თამბაქო იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და რეინოს ფენომენს.
  • დაზიანებები. ხელის ან ფეხის დაზიანებები, როგორიცაა მოტეხილობა, ოპერაცია, მოყინვა შეიძლება გახდეს რეინოს ფენომენის მიზეზი.
  • გარკვეული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი: ბეტა–ბლოკერები (მაღალი წნევის სამკურნალოდ), შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები (ერგოთამინი, სუმატრიპტანი), ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის წამლები, ქიმიოთერაპიული აგენტები, სისხლძარღვების შევიწროვების გამომწვევი მედიკამენტები (გაციების საწინააღმდეგო საშუალებები) ასოცირებულია რეინოს ფენომენთან.

სიმპტომები

რეინოს დაავადების ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია შეტევების სიხშირეზე, ხანგრძლივობაზე, სისხლძარღვების სპაზმის სიძლიერეზე. რეინოს დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცივი თითები
  • ფერის ცვლილება კანზე სიცივეშია ან სტრესის დროს
  • დაქვეითებული მგრძნობელობა, მჩხვლეტავი შეგრძნება ან ტკივილი სტრესის მოხსნის ან გათბობის შემდეგ



რეინოს დაავადების შეტევის დროს, დაზიანებული კანი თავდაპირველად მოთეთრო ფერისაა. შემდეგ, კანი ლურჯდება, ცივდება და ქვეითდება მგრძნობელობა. თუ კანი გათბა და სისხლის მიმოქცევა აღდგა, დაზიანებული არე ხდება წითელი, მტკივნეული, შესიებული. ფერთა ცვლილების თანმიმდევრობა ყველა პაციენტში ერთნაირი არ არის და ყველას არ აღენიშნება სამივე ფერის განვითარება.

რეინოს დაავადება ყველაზე ხშირად თითებზე ვითარდება, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება შეეხოს სხეულის სხვა ნაწილებსაც, მაგალითად ცხვირს, ყურებსა და ძუძუსთავებსაც კი. გათბობის შემდეგ, საჭიროა 15 წუთამდე, რათა სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდგეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ რეინოს დაავადება და განვითარდა წყლული ან ინფექცია თითებზე.