რეტინობლასტომა

დაავადების აღწერა

რეტინობლასტომა თვალის სიმსივნეა, რომელიც ბადურაზე იწყება. ბადურა თვალის მგრძნობიარე ნაწილია, რომელიც თვალის უკანა ნაწილში მდებარეობს. რეტინობლასტომა ხშირია ბავშვებში, მაგრამ იშვიათად გვხვდება მოზრდილებშიც.

ბადურა შედგება ნერვული ქსოვილისაგან, რომელიც აღიქვამს სინათლეს. ბადურა აგზავნის სიგნალებს მხედველობის ნერვის გავლით ტვინში, სადაც სიგნალები საბოლოოდ აღიქმება გამოსახულებად.

კიბოს იშვიათი ფორმა, რეტინობლასტომა ყველაზე ხშირი თვალის კიბოა ბავშვებში. რეტინობლასტომა შესაძლოა შეგვხვდეს ცალ ან ორივე თვალში.

გამომწვევი მიზეზი

რეტინობლასტომა ვითარდება, როცა ბადურის ნერვული უჯრედები განიცდიან გენეტიკურ მუტაციებს. ეს მუტაციები იწვევენ უჯრედების შეუჩერებელ ზრდას და გამრავლებას, როცა ნორმალური უჯრედი გარკვეული დროის შემდეგ უნდა ჩანაცვლდეს. უჯრედების გროვა ქმნის სიმსივნეს. რეტინობლასტომის უჯრედები ვრცელდებიან თვალსა და ახლომდებარე სტრუქტურებზე. რეტინობლასტომა ასევე ვრცელდება–მეტასტაზირდება სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ტვინსა და ხერხემალშიც.

შემთხვევათა უმეტესობაში, უცნობია, რა იწვევს გენეტიკურ მუტაციებს. ამის მიუხედავად, შესაძლებელია გენეტიკური მუტაცია, რომელიც შემდგომში რეტინობლასტომას იწვევს, ბავშვმა მშობლისგან მიიღოს.

მემკვიდრული რეტინობლასტომა

გენური მუტაციები, რომლებიც ზრდიან რეტინობლასტომის და სხვა კიბოების განვითარების შანსს, შესაძლებელია გადაეცემოდეს მშობლებისაგან ბავშვებს. მემკვიდრეობითი რეტინობლასტომა აუტოსომურ–დომინანტური გზით გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მშობლის გენური მუტაციის შემთხვევაშიც, ბავშვში ვითარდება დაავადების მაღალი რისკი. თუ ერთ მშობელს აქვს მუტირებული რეტინობლასტომის გენი, თითოეულ ბავშვს უჩნდება დაავადების დამემკვიდრების 50% შანსი.

იმის მიუხედავად, რომ გენეტიკური მუტაცია ზრდის რეტინობლასტომის განვითარების რისკს, ეს არ ნიშნავს რომ კიბო გარდაუვალია.

ბავშვები, რომელთაც მემკვიდრული რეტინობლასტომა აქვთ, დაავადებას უჩივიან ადრეულ ასაკში. მემკვიდრული რეტინობლასტომა ხშირად ორივე თვალზე ვითარდება, განსხვავებით ცალ მხარეს განვითარებული არამემკვიდრული ფორმისაგან.

სიმპტომები

რეტინობლასტომის ნიშნებია:

  • თვალის ცენტრში–გუგა, თეთრი ლაქის გაჩენა, როცა თვალს სინათლით ვანათებთ, მაგალითად ფოტოს გადაღებისას
  • თვალების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა
  • თვალის შეწითლება
  • თვალის შესიება



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვის ექიმთან, თუ შეამჩნევთ ცვლილებებს თვალზე, რომლებიც გაშფოთებთ. რეტინობლასტომა იშვიათი კიბოა, ამიტომ ექიმი ჯერ თვალის უფრო გავრცელებულ დაავადებებზე შეამოწმებს ბავშვს.

თუ გაქვთ ოჯახში რეტინობლასტომის შემთხვევების ისტორია, კითხეთ ექიმს, უნდა დაიწყოს თუ არა ბავშვმა რეგულარული კვლევები რეტინობლასტომის სკრინინგის მიზნით.