რეტროგრადული ეაკულაცია
დაავადების აღწერა
რეტროგრადული ეაკულაცია ვითარდება, როცა სპერმა ორგაზმის დროს ადის შარდის ბუშტში, პენისიდან გარეთ გამოყოფის ნაცვლად. შესაძლოა ორგაზმი მაინც განვითარდეს, მაგრამ ეაკულაცია ძალიან მცირე ოდენობის ან საერთოდ არ იქნება. ამ მდგომარეობას ზოგჯერ მშრალ ორგაზმსაც უწოდებენ. რეტროგრადული ეაკულაცია არ არის მავნებელი, მაგრამ იწვევს უშვილობას კაცებში. მკურნალობა ძირითადად სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული.
გამომწვევი მიზეზი
მამაკაცის ორგაზმის დროს, სპერმის გამტარ მილს სპერმა წინამდებარე ჯირკვალში შეაქვს, სადაც სპერმა ირევა სხვა სითხეებთან, რათა ჩამოყალიბდეს ეაკულატი. შარდის ბუშტის გასავალთან მდებარე კუნთი ნორმაში იკუმშება, რათა ეაკულატი რეტროგრადულად არ ავიდეს შარდის ბუშტში, როცა იგი შარდსადინარს გაივლის. იგივე კუნთია პასუხისმგებელი შარდის შეკავებაზეც. რეტროგრადული ეაკულაციის დროს, შარდის ბუშტის კუნთი ბოლომდე ვერ იკუმშება. შედეგად, სპერმა და ეაკულატი ადის ბუშტში, პენისიდან გარეთ გამოყოფის ნაცვლად.
რამდენიმე მდგომარეობა იწვევს კუნთის დაზიანებას, რაც რეტროგრადული ეაკულაციის მიზეზი ხდება. ესენია:
- ქირურგიული ჩარევა, როგორიცაა შარდის ბუშტზე ან წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაცია
- გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტი– ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ფსიქოტროპული პრეპარატები ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდების საწინააღმდეგო წამლები
- ნერვის დაზიანება, რომელსაც იწვევს სხვა დაავადება: დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი ან ზურგის ტვინის დაზიანება
მშრალი ორგაზმი რეტროგრადული ეაკულაციის პირველი სიმპტომია. ამის მიუხედავად, მშრალ ორგაზმს სხვა მდგომარეობებიც იწვევს:
- წინამდებარე ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა
- შარდის ბუშტის ქირურგიული ამოკვეთა
- სხივური თერაპია მენჯის ღრუს კიბოს გამო
სიმპტომები
რეტროგრადული ეაკულაცია არ ეხება ერექციის უნარს ან ორგაზმის ალბათობას, მაგრამ ეაკულაციის ნაცვლად, სპერმა ადის შარდის ბუშტში. რეტროგრადული ეაკულაციის ნიშნები და სიმპტომებია:
- მშრალი ორგაზმი, როცა ეაკულატი არ გამოდის ან მცირე ოდენობისაა
- ამღვრეული შარდი ორგაზმის შემდეგ (რადგან შეიცავს სპერმას)
- უშვილობა კაცებში
როდის მივმართოთ ექიმს
რეტროგრადული ეაკულაცია მავნებელი არ არის და მკურნალობას მხოლოდ მაშინ საჭიროებს, როცა მამაკაცს შვილის ყოლის სურვილი აქვს. თუ გაქვთ მშრალი ორგაზმი, მიმართეთ ექიმს, რათა გამოირიცხოს უფრო მძიმე მდგომარეობების არსებობა.
თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს რეგულარულად გაქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირი 1 წლის ან მეტის განმავლობაში და ფეხმძიმობა არ ფიქსირდება, მიმართეთ ექიმს. რეტროგრადული ეაკულაცია შესაძლოა იყოს პრობლემის მიზეზი, თუ ეაკულატი მცირე ოდენობისაა ან საერთოდ არ არსებობს.