როტავირუსული ინფექცია

დაავადების აღწერა

როტავირუსი ახალშობილებსა და ბავშვებში ფაღარათის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სანამ ვაქცინას გამოიგონებდნენ, ბავშვების უმეტესობას როტავირუსული ფაღარათი ერთხელ მაინც ჰქონდა 5 წლის ასაკამდე.

როტავირუსული ინფექცია ქმნის დისკომფორტს, მაგრამ საშიში არ არის და ძირითადად მხოლოდ სითხეების მიღებით შემოიფარგლება მკურნალობა. ზოგჯერ, ვითარდება მძიმე გაუწყლოება და საჭიროა სითხეების ინტრავენურად გადასხმა კლინიკაში. გაუწყლოება ყველაზე მძიმე გართულებაა და განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობასაც იწვევს.

ვაქცინაცია საჭიროა ახალშობილში ინფექციის პრევენციის მიზნით. უფრო მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში, რომელთაც ინფექცია მძიმედ არ უვითარდებათ, ხელების ხშირი დაბანა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.

გამომწვევი მიზეზი

როტავირუსი დაინფიცირებული ადამიანის განავალში რამდენიმე დღით ადრე გამოიყოფა დაავადების განვითარებამდე. ვირუსი სიმპტომების გავლიდან 10 დღე კვლავ გადამდებია. ვირუსი მარტივად ვრცელდება ხელიდან პირზე კონტაქტით, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომები.

თუ გაქვთ როტავირუსი და არ იბანთ ხელებს საპირფარეშოში, ან ბავშვს აქვს როტავირუსი და არ იბანთ ხელებს პამპერსის გამოცვლის დროს, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ნივთზე, რომელსაც შეეხებით: საკვები, სათამაშოები და ა.შ. თუ სხვა ადამიანი შეეხება თქვენს დაუბანელ ხელებს ან დაბინძურებულ ნივთებს, ხოლო შემდეგ ხელს პირთან მიიტანს, გადაედება ინფექცია.

რადგან როტავირუსის მრავალი ტიპი არსებობს, შესაძლებელია ერთ ჯერზე მეტჯერ განვითარდეს ინფექცია, ვაქცინაციის შემდეგაც კი. თუმცა, განმეორებითი ინფექცია ტიპიურად უფრო მსუბუქია.

სიმპტომები

როტავირუსული ინფექცია ძირითადად იწყება ცხელებითა და ღებინებით, რასაც მოსდევს თხიერი ფაღარათით მიმდინარე 3–8 დღე. ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის ტკივილითაც. ზრდასრულებში, რომლებიც სხვამხრივ ჯანმრთელები არიან, როტავირუსი მხოლოდ მსუბუქ ნიშნებს იწვევს ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ბავშვის ექიმს, თუ ბავშვს აქვს:

  • ჭარბი, სისხლიანი ფაღარათი
  • ღებინების განმეორებითი ეპიზოდები 3 სთ ან მეტი
  • ცხელება 39,4 ან მეტი
  • ლეთარგია, გაღიზიანება, ტკივილი
  • გაუწყლოების ნიშნები და სიმპტომები: პირის სიმშრალე, ტირილი ცრემლდენის გარეშე, შარდვის შემცირება, უჩვეულო ძილიანობა, რეაქციის უქონლობა



თუ მოზრდილ ადამიანს აქვს ინფექცია, მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ვერ ინარჩუნებთ სითხეს 24 საათია
  • აღებინებთ ხშირად 1–2 დღეა
  • გაქვთ სისხლიანი პირნაღები მასა
  • აღინიშნა სისხლი განავალში
  • სიცხე 39,4 ან მეტია
  • გაუწყლოების ნიშნები და სიმპტომები: პირის სიმშრალე, ტირილი ცრემლდენის გარეშე, შარდვის შემცირება, უჩვეულო ძილიანობა, თავბრუსხვევა